უსაფრთხოების სამსახური: საქართველოს გავლით უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობები გაჰქონდათ
სუს-ის განცხადება ასაფეთქებელ ნივთიერებებზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რამდენიმე ერთეული სპეციალური მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს, რომელიც საქართველოს გავლით უკრაინიდან რუსეთში გაჰქონდათ.
სუს-ის განმარტებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში საქართველოს 7 მოქალაქე იყო ჩართული.
● საქართველო ყარაბაღის მოვლენების შემდეგ. რა შეიცვალა რეგიონში და რა გაკვეთილები უნდა გამოიტანოს თბილისმა
● როგორ განვითარდება მოვლენები 2024 წელს ყირიმში. ოთხი შესაძლო სცენარი
● სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დააკისრა
სუს-ის განცხადება
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკისას ამოიღეს ელექტრომანქანისთვის განკუთვნილი ორი აკუმლატორი, რომლებსაც იყენებდნენ კონტეინერებად.
სუს-ის ინფორმაციით, აკუმლატორებში განთავსებული იყო ექვსი ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა:
„აღნიშნული კონტეინერებიდან სპეციალური გამნაღმველი ჯგუფის მიერ ამოღებული იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება, რაც ექსპერტიზისათვის გადაიგზავნა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ხოლო ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ კონტეინერებს დაუბრუნდა პირვანდელი ვიზუალური სახე და ე.წ. მულაჟების სახით კვლავ დაბრუნებულ იქნა ზემოაღნიშნულ ამანათში, რათა წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არ გამხდარიყო ცნობილი როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლებისთვის.
ამანათის შემდგომი გადაადგილების პროცესი, რა თქმა უნდა, კონტროლდებოდა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დამკვეთებისა და დამატებითი პირების დადგენა, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი ყოფილიყვნენ აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირების საქმეში, ასევე, დადგენილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების მარშრუტი და მათი გამოყენების საბოლოო მიზნები.“
სუს-ის განცხადების მიხედვით, დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას C-4 შეიცავს, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტრო დეტონატორის და სპეციალური ტაიმერის საშუალებით.
უწყების ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერების საერთო წონა 14 კილოგრამს აღწევს. მათივე განმარტებით, კონტეინერებში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, ასაფეთქებელი მოწყობილობის ექვსივე ინდივიდუალურ ყუთში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო. მათივე განმარტებით, ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე.
“ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს. აღნიშნული ნივთიერების მუხტი სიმძლავრით ბევრად აღემატება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის მუხტს.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ კონტრტერორისტული ცენტრის მიერ კომპლექსურად ჩატარებული მოქმედებების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა და ამოღებული აუდიო ფაილების საფუძველზე დგინდება, რომ ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“ უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალი“ მეშვეობით.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.” – ნათქვამია განცხადებაში.