რატომ ვერ იბრუნებენ კონფლიქტით დაზარალებული ოსები საქართველოს მოქალაქეობას და ქონებას?
ოსების ქონება საქართველოში
90-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ საქართველო ათობით ათასმა ეთნიკურმა ოსმა დატოვა. უმრავლესობას საქართველოში უძრავი ქონება დარჩა.
2006 წელს საქართველომ მიიღო კანონი, რომელსაც ამ ადამიანებისთვის ქონების დაბრუნებისა და კომპენსაციის საკითხები უნდა მოეგვარებინა. ამ კანონის თანახმად, ქონების კანონიერი მეპატრონეებისთვის დაბრუნების საკითხი, სპეციალურ კომისიას, მოკლე დროში უნდა გადაეწყვიტა. თუმცა, კანონი ფურცელზე დარჩა.
დღეს ერთადერთი გზა ეთნიკურმა ოსებმა საქართველოში დატოვებული სახლები დაიბრუნონ, სასამართლოსთვის მიმართვაა. ეს კი წლობით გაჭიანურებულ პროცესს ნიშნავს.
საქართველოდან 90-იანებში წასულ ოსებს პრობლემები აქვთ მოქალაქეობის აღდგენის, ან შენარჩუნების თვალსაზრისითაც.
საზოგადოებრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ – ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა მსგავსი შემთხვევები. პრაქტიკამ აჩვენა, რომ როგორც კი ეთნიკურად ოსებმა საქართველოში ქონების დაბრუნების, ან მოქალაქეობის აღდგენის სურვილი გამოთქვეს და სამართლებრივი ბრძოლა დაიწყეს, ისინი ე.წ. შავ სიებში აღმოჩნდნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ შემდეგ უარს ეუბნებიან საქართველოში განმეორებით შემოსვლაზე.
რატომ ხდება ასე? რა საფრთხეს ხედავს ქართული სახელმწიფო და რა გზებით უწევთ ამ ადამიანებს ბრძოლა ქონების, ან მოქალაქეობის დასაბრუნებლად? როგორ აწესრიგებს ამ საკითხებს კანონმდებლობა და რატომ აღმოჩნდა, კანონი, რომელიც იდეაში, სწრაფი მექანიზმი უნდა ყოფილიყო, მკვდრადშობილი?
1989 – 1992 წლებში საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის და ეთნიკური დაძაბულობის შედეგად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ოსი მოსახლეობა მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ეთნიკურ ნიადაგზე შევიწროების გამო, 70 ათასამდე ეთნიკურად ოს მოქალაქეს საკუთარი ქონების მიტოვება და უცხოეთში, დევნილობაში წასვლა მოუხდა. თავის მხრივ, კონფლიქტის ზონაში საკუთარი სახლი 12 ათასმა ქართველმა დატოვა.
1989 წლის აღწერით, საქართველოში 164 ათასზე მეტი ოსი ცხოვრობდა, მათგან 65 ათასი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, 99 ათასამდე კი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.
ბოლო, 2014 წლის აღწერით [აღწერაში არ მიუღიათ მონაწილეობა ცხივნალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, რადგან იქ საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება], საქართველოში 14 385 ეთნიკურად ოსი მოქალაქე ცხოვრობს. ემიგრაციაში წასული ოსების გარკვეულ ნაწილს საქართველოში დაბრუნებისა და აქ დარჩენილი ქონების დაბრუნება სურს. მაგრამ, ეს არც ისე მარტივია.
უარი მოქალაქეობის აღდგენაზე. კონკრეტული საქმეები
მურატი (სახელი შეცვლილა) თბილისში დაიბადა. 90-იანი წლების მოვლენებისას მშობლებთან ერთად ვლადიკავკაზში მოუხდა გადასვლა. მშობლებმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. მაშინ მურატი მცირეწლოვანი იყო და მოქალაქეობა არ მიუღია.
შემდეგ ოჯახი თბილისში დაბრუნდა, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ ისევ რუსეთში წავიდა. იქ მურატმა უკვე რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. როდესაც დამამთავრებელ კლასში იყო, მურატმა საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე – ახალგორის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში გადაიტანა საბუთები.
სკოლის დამთავრების შემდეგ, მურატმა ჯერ მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში, შემდეგ კი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა. ამ დროს მას ორი მოქალაქეობა ჰქონდა, რუსეთის და საქართველოს. და, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოტივით, იუსტიციის სამინისტროს მიმართა. მაგრამ, მურატს უარი უთხრეს. მოტივი არ უცნობებიათ. კანონი ამას არ ითვალისწინებს.
მურატს საქართველოს მოქალაქე ჰყავს ცოლად. მისი შვილიც საქართველოში დაიბადა. თავადაც აქ ცხოვრობს, მაგრამ, მოქალაქეობის გარეშე.
მოქალაქეობა ვერც ბიმბოლათმა (სახელი შეცვლილია) მიიღო. ისიც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. საქართველო 1999 წელს დატოვა, იძულებით, და, მშობლებთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში წავიდა. საქართველოში ჰყავს ახლო ნათესავები და აქვს დედისგან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება ბათუმში. ქართულად კარგად კი საუბრობს, მაგრამ წერა – კითხვა უჭირს. მას მოქალაქეობაზე უარი იმიტომ უთხრეს, რომ სავალდებულო გამოცდა ვერ ჩააბარა.
გამოცდის ჩაბარება ქართულ ენაში, ისტორიასა და სამართლის საფუძვლებში, მოქალაქეობის მიღების ერთ-ერთი პირობაა. ისტორიაში, მაგალითად, განმცხადებელმა ყველაფერი უნდა იცოდეს „ზეზვა და მზიადან“ ვარდების რევოლუციამდე. ტესტებში კითხვები სწორედ ამ პერიოდს ეხება.
მათგან განსხვავებით, ალუდა (ეს სახელიც შევლილია) რომელსაც დღემდე აქვს საქართველოს მოქალაქეობაც და რუსეთისაც, ვერც კი ბედავს განცხადებით მიმართვას მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, რადგან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ უარს მიიღებს.
რა პრობლემებს აწყდებიან კონფლიქტით დაზარალებული ოსი მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და საქართველოში, მათი კუთვნილი ქონების დაბრუნების გზაზე, 2022 წელს შეისწავლა ორგანიზაციამ, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.
ორგანიზაცია მრავალი წელია მუშაობს ნდობის აღდგენის და მშვიდობის მშენებლობის, შერიგების მიმართულებით. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თანამშრომლობს როგორც აფხაზ, ისე ოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან. ხშირად მართავს დიალოგის შეხვედრებს მესამე ქვეყანაში.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციას დიდი გამოცდილება დაუგროვდა:
თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას სახელმწიფომ, რომ პირველ რიგში დავიბრუნოთ ეს ორი ხალხი. ხალხი, და არა ტერიტორიები, როგორც ხშირად ვამბობთ
კვლევაზე, რომელიც მიმდინარეობდა პროექტის „ქართველი და ოსი ხალხების საერთო პრობლემების შესახებ დიალოგი“ ექსპერტები და იურისტები მუშაობდნენ.
დოკუმენტი ვრცელია. მასში გაანალიზებულია ეთნიკურად ოსი მოსახლეობისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების შესაძლებლობები.
ასევე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დაცვისა და რეგისტრაციის გამოწვევები, კანონი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, საერთაშორისო პრაქტიკა და ასევე, მოცემულია რეკომენდაციები, რაც აღსრულების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეცვლიდა იმ პრაქტიკას, რაც ახლა ამ მიმართულებით არსებობს.
დაბრკოლებები ქონების დაბრუნების გზაზე – მკვდრადშობილი კანონი
1999 წელს, ევროპის საბჭოში გაწევრების დროს, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ 90-იანი წლების კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ქონების რესტიტუციისა და კომპენსაციის კანონს მიიღებდა.
2006 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ მართლაც მიიღო.
მსგავს საკანონმდებლო აქტებს, ან, იურიდიული ძალის მქონე სხვა ტიპის დოკუმენტებს იცნობს საერთაშორისო პრაქტიკა.
მაგალითად, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ამ საკითხების დარეგულირებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა „ბოსნია-ჰერცეგოვინაში მშვიდობის ხელშეკრულებამ“, ე.წ. დეიტონის შეთანხმებამ.
ეს შეთანხმება ამბობდა, რომ ომით დაზარალებულ მოსახლეობას უნდა ჰქონოდა მშობლიურ ქვეყანაში თავისუფლად დაბრუნების და დაკარგული ქონების აღდგენის უფლება.
შეიქმნა დევნილთა და ლტოლვილთა ქონებრივი დავების კომისია. კომისია მუშაობდა ინდივიდუალურად თითოეულ საჩივარზე და თვეში ათასამდე გადაწყვეტილებას იღებდა.
დეიტონის ხელშეკრულების შემდეგ ბოსნიაში 250 ათასი ლტოლვილი და დევნილი დაუბრუნდა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.
ტაჯიკეთში რესტიტუციის პრობლემები გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაწყებული შიდა კონფლიქტების დროს დაიწყო. მაშინ დაახლოებით 60 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი გადავიდა ავღანეთის ტერიტორიაზე, ხოლო 500 ათასი დედაქალაქ დუშანბეში ან მთიან რეგიონებში გაიხიზნა.
მიტოვებულ სახლებს ხშირად დაპირისპირებული ჯგუფის წარმომადგენლები იკავებდნენ. კანონიერი მფლობელებისთვის ქონების დასაბრუნებლად ხელისუფლებამ მთელი რიგი ნორმატიული აქტები მიიღო. მათ შორის, კანონი უკანონოდ დაკავებული სახლების დაბრუნების შესახებ. ასევე, სპეციალური რეზოლუცია ტაჯიკეთის რესპუბლიკის ლტოლვილი მოქალაქეებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ხელშესაწყობად.
ამ გადაწყვეტილებებმა აიძულა სახლების უკანონო მფლობელები, დაეტოვებინათ თავიანთი ადგილსამყოფელი. რამდენიმე თვეში ფაქტობრივად ყველა ასეთი სახლი გათავისუფლდა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცათ დაბრუნებულიყვნენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი გვიხსნის, რომ რესტიტუციის შესახებ კანონი, რომელიც საქართველომ მიიღო, ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც კონფლიქტის შედეგად დაზარალდა და მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. იქნებიან ეს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან წასული ადამიანები, – ეთნიკურად ოსი მოქალაქეები, თუ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები. ის ხალხი, ვისაც იქ შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა.
კანონი ითვალისწინებს სწრაფი მექანიზმის შემუშავებას ქონების დასაბრუნებლად.
კანონის თანახმად, კონფლიქტით დაზარალებულთა ქონებისა და მოქალაქეობის საკითხები უნდა განიხილოს სპეციალურმა, 9-წევრიანმა კომისიამ. კომისია უნდა იყოს სამმხრივი. ის უნდა დაკომპლექტდეს კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეებისა და ასევე, საერთაშორისო ექსპერტებისგან.
„კომისია, ფაქტობრივად, კვაზი სასამართლო ორგანოა. ის უნდა შეიკრიბოს დაზარებულის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში და შეისწავლოს კონკრეტული საქმე“, – გვიხსნის ალექსი მერებაშვილი.
თუ კომისია დაადგენს, რომ განმცხადებელს ეკუთვნის კონკრეტული ქონება, თუ ეს ქონება ფიზიკურად ისევ არსებობს, ის მას უნდა დაუბრუნდეს. თუ აღმოჩნდება, რომ ქონებას სხვა მფლობელი ჰყავს და მან ეს ქონება კეთილსინდისიერად შეიძინა, ამ კეთილსინდისიერ შემძენს სახელმწიფომ ალტერნატიული ქონება ან ფულადი კომპენსაცია უნდა შესთავაზოს ამ ქონების დათმობის სანაცვლოდ.
რა აფერხებს კანონის აღსრულებას?
მაგრამ, კანონი არ მუშაობს.
კანონის მიღებიდან დღემდე, რესტიტუციის კომისია ჯერ არ შეკრებილა.
ექსპერტები ამბობენ, რომ კანონის აღსრულებას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს. მათ შორის, კომისიის სამმხრივობა.
ვინაიდან რესტიტუციის კომისია ოსური მხარის წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტდეს, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ჩართულობა ამ პროცესში ფაქტობრივად შეუძლებელია. მიხეილ ჯახუასთვის, რომელიც კვლევის ერთ-ერთი ავტორია, ბუნდოვანია ჩანაწერი საერთაშორისო სუბიექტის ჩართულობაზეც.
ასევე, კანონის მიღებიდან დღემდე, სახელმწიფოს არც პროცესისთვის საჭირო ფინანსების მოძიებაზე უზრუნია. 2006 წლის შემდეგ, ქვეყნის ბიუჯეტებში, ამ მიზნით, ერთი თეთრიც კი არ ყოფილა გათვალისწინებული.
ეს მოცემულობა ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ კანონი საქართველომ უფრო ფორმალურად, ვალდებულების გამო მიიღო და მის რეალურ ამოქმედებაზე არცერთ ხელისუფლებას არ უზრუნია.
„ერთი მთავარი პრობლემა, რაც ამ კანონს აქვს, არის ის, რომ ის არ არის ადაპტირებული შეცვლილ გარემოებაზე. კანონი მიღებულია 2008 წლის ომამდე, შესაბამისად, ის მოცემულობა და რეალობები რაც მასში არის აღწერილი, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მის აღსრულებას“, – გვეუბნება მიხეილ ჯახუა.
ვინაიდან კანონი მკვდრადშობილია, ერთადერთი გზა საქართველოს სასამართლოსთვის მიმართვა და ქონების დაბრუნება ჩვეულებრივი კანონმდებლობით. საუბარია კანონზე, რომელსაც ჩვეულებრივ შემთხვევაში ვიყენებთ, როცა მაგალითად, ჩვენს ქონებას ვინმე დაეპატრონება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
„ეს კი ნიშნავს წლობით გაჭიანურებულ პროცესს“, – ამბობს ალექსი მერებაშვილი.
მის პრაქტიკაში არის ეთნიკურად ოსი მოქალაქის მიერ მოგებული საქმე. შემთხვევა, როდესაც სასამართლომ არაკეთილსინდისიერი მფლობელის გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ, ახლა აღსრულების ნაწილი ჭიანურდება.
გარდა ამისა, ჩვეულებრივი კანონმდებლობით საქმის წარმოებას ემატება დოკუმენტების მოძიების პრობლემები. მამა-პაპისეული სახლის დარეგისტრირებისას მოქალაქეს ბევრი დოკუმენტი სჭირდება, მათ შორის, საკომლო ჩანაწერები, მებაღის წიგნაკი, მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ თავის დროზე კონკრეტული პირი ფლობდა ამ ქონებას.
„საქართველოს შემთხვევაში პრობლემა არ არის ხოლმე დოკუმენტაციის მოძიება, თუმცა ოსების შემთხვევაში დიდ სირთულეს წავაწყდით. არსებობს ვარაუდი, რომ შეგნებულად არის განადგურებული ის დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებული იყო ეთნიკურად ოს მოქალაქეებთან“, – ამბობს ალექსი მერებაშვილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი კანონის ამოქმედება. როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ხარვეზები?
ალეკო ცქიტიშვილის თქმით, სამშვიდობო კუთხით, ნდობის აღდგენის გზაზე, ამ კანონის ამოქმედება იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელსაც სახელმწიფო გადადგამს:
როგორც მინიმუმ, სალაპარაკო გვექნება მეორე მხარესთან, რომ ნახეთ, ჩვენ დავაბრუნეთ ადამიანები, რომელთაც მოუწიათ ჩვენს გამო სახლების დატოვება და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს
მისი თქმით, ხარვეზების გამოსასწორებლად შეიძლება კანონში ცვლილება შევიდეს, ან, ცალკე ნორმატიული აქტი გამოიცეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ახლა მუშაობს დოკუმენტზე, რომელმაც ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოიფიქროს.
კონკრეტული დეტალები ჯერ უცნობია. ჯერ უცნობია ეს იქნება ახალი კანონპროექტი, რომელსაც დეპუტატების დახმარებით დაარეგისტრირებენ პარლამენტში, თუ ცვლილებები კანონში. თუმცა, არსებობს მსჯელობა რამდენიმე მოდელზე.
მაგალითად, პროცესი დაიწყოს იქ, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. ასევე, რადგან ხელისუფლება თავს იმართლებს, რომ ვერ ქმნის სამმხრივ კომისიას, ოსური მხარის წარმომადგენელი იყოს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
„ეს ადამიანი საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი და კარგად იცნობს ამ პრობლემებს“, – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.
მისივე თქმით, აქ პრობლემა ისაა, რომ სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელი მოქალაქეების ნაწილისთვის მისაღები არ არის, მათი ინტერესები თბილისში არსებულმა სახელმწიფო უწყებამ – სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ წარმოდგინოს:
„თუმცა, გამოსავალი მაინც ალბათ კომპრომისული უნდა იყოს და ყველასთვის მოსაწონი ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ იქნება“.
„იდეა არის ის, რომ იარსებოს მექანიზმმა რომელიც მუშა იქნება, თუნდაც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით“, – ამბობს მიხეილ ჯახუა.
რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალექსი მერებაშვილის აზრით, შეიძლება მოხდეს ისე, რომ იმ მოქალაქეებს, რომელთა დაკმაყოფილებაც შეუძლია საქართველოს, არ მიეცეთ საშუალება აღიდგინონ უფლება საკუთრებაზე.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუკი სახელმწიფოს ნება იქნება, გამოსავალი მოიძებნება.
„იმიტომ, რომ ნამდვილად დიდი ინტერესია ოსი მოსახლეობის მხრიდან დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში, საიდანაც ერთ დროს გააძევეს. ახლა, როცა საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და რამდენიმე წელიწადში შესაძლოა გახდეს წევრი, ეს ინტერესი კიდევ და კიდევ გაიზრდება“, – ასე ფიქრობს ალეკო ცქიტიშვილი.
რას ფიქრობს ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლება არ ვიცით. JAMnews-ი ორი კვირის განმავლობაში ცდილობდა მიეღო კითხვებზე პასუხი „საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის „ თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის, ან, ამ კომისიის რომელიმე წევრისგან. თუმცა უშედეგოდ.
აქამდე მხოლოდ ის ვიცით, რომ დღემდე არცერთ ხელისუფლებას არ განუხორციელებია კონფლიქტით დაზარალებული ეთნიკურად ოსი მოსახლეობის რეაბილიტაცია, პატივის, ღირსებისა და ქონებრივი უფლებების აღდგენა.
სახელმწიფო სტატისტიკასაც კი არ აწარმოებს და დღემდე არ ვიცით, 1989 – 1992 წლებში რამდენმა ადამიანმა დატოვა საქართველო, არ არის აღრიცხული მათ მიერ მიტოვებული ქონებაც.
ასევე, არ ვიცით, ამ დრომდე რამდენმა ეთნიკურად ოსმა ითხოვა საქართველოს მოქალაქეობა, რადგან არც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და არც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მონაცემთა დიფერენციაციას არ ახდენს. ეს ადამიანები რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირთა სტატისტიკაში შედიან.
ოსების ქონება საქართველოში
სტატია მომზადებულია ადამიანის უფლებათა ცენტრის საინფორმაციო მხარდაჭერის ფარგლებში