სომხეთის ექს-პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაეცემა
10 იანვარი 2020 წელი
სომხეთის ექს-პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის საქმეზე წინასწარი გამოძიება დასრულებულია.
სომხეთის მესამე პრეზიდენტს ბრალი ეგრეთ წოდებულ „დიზელის საქმეზე“ აქვს წაყენებული. სარგსიანს ბრალად მილიონი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა ედება.
საგამოძიებო ორგანომ შეგროვილი მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია, რათა ექს-პრეზიდენტისთვის ბრალი წაეყენებინა და საქმე სასამართლოსთვის გადაეცა.
საქმის მასალები უკვე გადაეცათ ბრალდებულებსა და მათ წარმომადგენლებს. სისხლის სამართლის ამ საქმეში სულ ხუთი ბრალდებულია.
თავად სახელმწიფოს ყოფილი მეთაური თავის ბრალს არ აღიარებს და ამ საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს.
2019 წლის 20 დეკემბერი
სერჟ სარგსიანის ქონება დაყადაღებულია. თუ რა საფუძვლით იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, საგამოძიებო სამსახურში ჯერ არ აცხადებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პატიმრობა წაყენებულია იმ ზარალის ოდენობის მიხედვით, რომელიც იმ საქმის ფარგლებშია მიყენებული, რომელშიც ის ფიგურირებს.
სარგსიანი 2018 წლის „ხავერდოვანი“ რევოლუციის შემდეგ უკვე მეორე პრეზიდენტი გახდა, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. და თუ ის ჯერჯერობით თავისუფალია, მისი წინამორბედი, რობერტ კოჩარიანი, უკვე წელიწადზე მეტია, ციხეში ზის.
• რისთვის დააპატიმრეს მეორე პრეზიდენტი? კოჩარიანის საქმის ყველა დეტალი
მორიგი საპრეზიდენტო საქმის დეტალები
4 დეკემბერს სარგსიანს სახელმწიფო სახსრების ძარცვისა და ფლანგვის ბრალდებით ბრალი წარედგინა. უფრო სწორედ, საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, რომ 2013 წლის 25 იანვრიდან 7 თებერვლის პერიოდში ყოფილმა პრეზიდენტმა, თანამდებობის პირთა ჯგუფის მხრიდან, 489 მილიონი დრამის (მილიონ დოლარზე მეტი)მითვისების, ფლანგვისა და ძარცვის ორგანიზება მოახდინა.
ეს ისტორია 2013 წლის 24 იანვარს დაიწყო. მაშინ მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით ხელსაყრელ ფასად დიზელის საწვავის შეძენის პროგრამა დამტკიცდა.
ამ პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებული იყო ფერმერებისთვის 17 041 300 ლიტრი დიზელის საწვავის მიყიდვა.
მიმწოდებლებად თავი შესთავაზა რამდენიმე კომპანიამ, რომელთა შორის იყვნენ ასევე „მაკსხური“ და „ფლეში“.
კომპანია „მაკსხკურმა“ ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მთავრობის მიერ მოცემული პროექტის მიმწოდებლად დასამტკიცებლად ამ კომპანიის მონაცემების წარდგენას აპირებდნენ.
სარგსიანისთვის წარდგენილ ბრალდებაში ნათქვამია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელმაც „მაკხსურის“ უფრო ხელსაყრელი წინადადების შესახებ იცოდა, სამსახურებრივი მდგომარეობით ისარგებლა, და დავალება გასცა, რომ არჩევანი გაკეთებულიყო კომპანია „ფლეშის“ სასარგებლოდ, რომელმაც უფრო მაღალი ფასი შესთავაზა.
ამრიგად, სერჟ სარგსიანმა „მთავრობის განკარგულებაში არსებული სარეზერვო ფონდიდან განსაკუთრებით დიდ ოდენობის თანხის ფლანგვა განახორციელა.“
სხვათა შორის, ახლა დაყადაღებულია არა მხოლოდ ექს-პრეზიდენტ სარგსიანის ქონება, არამედ კომპანია „ფლეშის“ მფლობელის ბარსეგ ბეგლარიანისაც, რომელიც იმავე საქმეში ფიგურირებს.
აღმკვეთი ღონისძიების სახით, ორივე მათგანის მიმართ გამოყენებულია ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი. წინასწარი გამოძიება გრძელდება.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატის კომენტარი
სარგსიანის ადვოკატს მიაჩნია, რომ შექმნილი სიტუაცია სომხეთის მესამე პრეზიდენტის უფლებების დარღვევაზე მეტყველებს.
„ჩვენ გადაწყვეტილება არ გვაქვს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება თავისთავად უკანონოა, რადგან არ შეიძლება გამომძიებელს დაყადაღების საფუძველი გააჩნდეს, ანუ მას არ შეიძლებოდა ჰქონოდა მტკიცებულებები, რომ პირს, პირობითად, შეეძლო სავარაუდო ქონების დაზიანება, გაფუჭება ან ამოწურვა. ეს კანონის მოთხოვნაა, ამას არც მე ვწყვეტ და არც გამომძიებელი, ეს არის ვალდებულება, რომელიც კონკრეტულად გამომძიებელს აკისრია, და რომელიც ისევ არ სრულდება“, – თქვა ამრამ მაკინიანმა.
კორუფციასთან ბრძოლა სომხეთში
ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად არჩევამდე დიდი ხნით ადრე არაერთხელ გამოსულა განცხადებებით კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ – მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდანაც. ის გულწრფელად უწოდებდა სომხეთის ხელისუფლებას ყველაზე კორუმპირებულს. 2018 წლის 7 ივნისს კი, უკვე პრემიერის რანგში გამოსვლის დროს, მთავრობის პროგრამის წარდგენისას ფაშინიანმა განაცხადა:
„ჩვენ კორუფციას და გადაწყვეტილებების მიღების კორუფციულ მექანიზმებს აღმოვფხვრით. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მარტივად გავაკეთებთ, რადგან როდესაც სახელმწიფოს მეთაური კორუფციაში ჩართული არ არის და არავითარი კორუფციული ინტრიგებით არ იზღუდება – ეს კორუფციის დასამარცხებლად უკვე უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“.
• კორუფციასთან ბრძოლა სომხეთში. მითი თუ რეალობა
ანტიკორუფციულმა ბრძოლამ სომხეთის მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ნათესავებამდეც მიაღწია. უკანონო გამდიდრების ბრალდება წაუყენეს პრეზიდენტის ძმას ლევონ სარგსიანს, ასევე მის ვაჟსა და ქალიშვილს. მათ სახლში 6,6 მილიონი დოლარის ოდენობის შენატანის ქვითრები აღმოუჩინეს. ისინი დააპატიმრეს და შემდეგ ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილებით გაათავისუფლეს.
შემდეგ ეროვნული უშიშროების სამსახურმა სპეცოპერაცია დაიწყო პრეზიდენტის მეორე ძმის – ალექსანდრ სარგსიანის სახლში, და დააკავა ის და მისი ვაჟი აიკ სარგსიანი, რომელიც მოგვიანებით ათი წლის წინანდელ საქმეზე დააპატიმრეს.
უკანონო გამდიდრების ბრალდება წაუყენეს ასევე ვაჩაგან კაზარიანს – სერჟ სარგსიანის დაცვის ყოფილ უფროსს. მას აღმოუჩინეს მილიონი დოლარი, რა თანხის შესახებაც, მისი თქმით, მას დაავიწყდა, რომ ეთიკის კომისიისთვის ეცნობებინა.
სულ ახლახან კი, 9 დეკემბერს კორუფციის აღმოფხვრისადმი მიძღვნილ ექსპერტების ფორუმზე გამოსვლისას სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღვიქვათ როგორც მხოლოდ „წინა კორუმპირებულ ხელისუფლებასთან ბრძოლა“. ამიტომ, ის ირწმუნებოდა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში მისთვის „ცნებები „ყოფილი“ ან „ახლანდელი“ ხელისუფლება არ არსებობს.
ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ახალ ხელისუფლებას
სომხეთში რევოლუციური პროცესების დასრულებისთანავე ევროკავშირმა ნიკოლ ფაშინიანისთვის კორუფციასთან ბრძოლაში მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.
2018 წლის 16 ივლისს სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის მეთაურმა პიოტრ სვიტალსკიმ თქვა, რომ ევროკავშირმა, რომელიც მხარს უჭერდა წინა ხელისუფლებას, წინა პრემიერ-მინისტრის დროს ანტიკორუფციული კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე მაინც უარი განაცხადა, რადგან ის დამოუკიდებლად არ მიაჩნდათ.
თუმცა, სომხეთი ევროპისგან მეტს მოელის. ახლახან ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ პრემიერმა განაცხადა:
„ერთ-ერთ ევროპელ პარტნიორთან შეხვედრის დროს გაოცება გამოვხატე იმასთან დაკავშირებით, რომ რევოლუციის შემდეგ ევროკავშირი სომხეთს დახმარების მოცულობას არ უზრდის. ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკმა მიპასუხა „ამას რატომ ამბობთ“? ჩვენ 10 მილიონი ევრო დაგიმატეთ“. მე კი ვუთხარი, რომ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებიდან უკვე 42 მილიონი დოლარი შევაგროვეთ, და თუ ერთ-ერთ ცნობილ კორუფციონერს კარგად შევანჯღრევთ, ეს თანხა მისი ჯიბეებიდან გადმოცვივდება“.
ელჩმა სვიტალსკიმ ამის შემდეგ თქვა:
„ახალმა ხელისუფლებამ განაცხდა, რომ სომხეთის პოლიტიკა ევროკავშირის მიმართ არ შეიცვლება, ასე რომ, არ ღირს არც სომხეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის შეცვლას მოელოდეთ“.