მოსაზრება: როგორ მოხდა, რომ რუსეთში სამოქალაქოს ნაცვლად სახელმწიფო საზოგადოება ყვავის
∗ ოლგა რომანოვას კომენტარი, რომელიც რუსულ გამოცემა Republic-ში გამოქვეყნდა
_______________________________________________
ოდესღაც რუსეთში არსებობდა კერძო ნავთობი, კერძო ბანკი და კერძო ტელევიზია. დღევანდელ რუსეთში ვერ ვილაპარაკებთ სახალხო მეურნეობის ისეთ დარგებზე, რომლებიც სახელმწიფოს კონტროლქვეშ არ არიან.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, რუსეთში არსებობდნენ დამოუკიდებელი ადვოკატურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ფაქტობრივად აღარ არსებობს.
ოფიციალურად გაცხადებულია, რომ ქვეყანაში მთავარი უფლებადამცველები – პუტინი, პროკურატურა და სასამართლო არიან.
ანუ ახლა რუსეთში სახელმწიფო იკავებს მთავარი უფლებადამცველის პოზიციას. ანუ ფუტკარი გამოდის თაფლის წინააღმდეგ. ჩინოვნიკები – სხვა ჩინოვნიკების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ.
• „ძალიან ადამიანური ადამიანი“ – რუსეთის ტელევიზიაში პუტინის შესახებ გადაცემა გაჩნდა
და სპეციალურად მთელი ამ ფუფუნებისთვის, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დღეს, მოსკოვში, ზურაბ წერეთლის სკულპტურით დამშვენებული სასახლე გახსნეს – ადამიანის უფლებათა სახლი.
აქ ყველაფერი ცენტრალიზებულია: ელექტრონული რიგი, ქვითრები, გაპრიალებული მარმარილო და მოოქროვილი ნივთები.
მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ამას გარდა, მმართველ პარტიაში, „ერთიან რუსეთში“ შექმნეს სპეციალური უფლებადაცვითი ცენტრი. მას პირადად Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი ჩაუდგა სათავეში.
და სად წავიდნენ, ასე ვთქვათ, ტრადიციული უფლებადამცველები, რომლებიც ხელისუფლების ნაწილი არ არიან?
მათ სამი გამოსავალი აქვთ: შეუერთდნენ სახელმწიფოს, დატოვონ ქვეყანა ან ჩასხდნენ ციხეში.
სინამდვილეში, ბევრმა ადამიანმა უკვე გაიარა სამივე გზა.
სინამდვილეში, ყველაფერი ამისკენ მიდიოდა.
• თავიდან – პრეზიდენტის გრანტები და მათზე ფიქტიური უფლებადამცველის ბეჭდები.
• შემდეგ – მათთვის, ვინც ვერ გაიგო – უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი.
• თუკი ვინმემ ამის შემდეგაც ვერ გაიგო ვერაფერი – დამანგრეველი ჯარიმები ან სასამართლო განაჩენები.
აი, პრეზიდენტ პუტინის მოსაზრება დამოუკიდებელ უფლებადამცველებზე, აქ ის ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარეზე, ცნობილ ლევ პონომარიოვზე საუბრობს:
„ის სოლიდარული იყო აშშ-ის ყირიმთან დაკავშირებით, აწარმოებდა მოლაპარაკებებს იაპონიასთან კურილიის კუნძულების გადაცემასთან დაკავშირებით, ის რა, საერთაშორისოა? ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა?“
აი, პუტინის კიდევ ერთი ციტატა:
„დიახ, მთელ მსოფლიოში ხდება ეს (არეულობები), ჩვენ რით განვსხვავდებით. შეხედეთ, რა ხდება საფრანგეთში, რა ხდება აშშ-ში მუდმივად… ამბობენ (პროტესტის მონაწილეებმა) პლასტმასის ჭიქები ესროლეს ხელისუფლების წარმომადგენლებსო. ესროლეს – არა უშავს. შემდეგ, პლასტმასის ბოთლი – ისევ არა უშავს. შემდეგ უკვე ესვრიან შუშის ბოთლს, შემდეგ ქვას, შემდეგ კი სროლას დაიწყებენ და მაღაზიებს გაანადგურებენ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“.
მაშინვე გახსენდება ცნობილი იგავი ჭკვიან ელზაზე:
„აი, გავყვები ცოლად ჰანსს, გაგვიჩნდება ბავშვი, გავზრდით და გავუშვებთ ლუდის მაღაზიაში, უცებ, თავში წერაქვი დაეცემა და ადგილზე მოკლავს“.
მოდი, ავკრძალოთ წერაქვი, ლუდი და ჰანსი. ქიმიის გაკვეთილები, იმიტომ, რომ ადამიანები ნაკლებ ბომბებს გააკეთებენ. და კითხვაც უნდა ავკრძალოთ, ეს ყველაზე მავნე საქმიანობაა.
ხელისუფლებისა და საზოგადოების არანაირი დიალოგი არ იქნება
ნავალნიმ (რუსული ოპოზიციის ლიდერმა) გადაწყვიტა მოსკოვის საქალაქო პარლამენტში სალაპარაკოდ შესვლა? არა.
თქვენ რა გააზიარეთ საკუთარ სოციალურ ქსელებში? Deutsche Welle, BBC, რადიო თავისუფლება? მოიწონეთ? ასე რომ, თქვენ ახლა ხართ ფიზიკური პირი – უცხოელი აგენტი, თვითონვე მიაკერებთ საკუთარ პიჯაკს სპეციალურ ნიშნავს, თავიდან ჯარიმას გამოგიწერენ, შემდეგ კი 15-დღიან პატიმრობას შეგიფარდებენ, თუ არ დაწყნარდებით.
აგიშენეს ადამიანის უფლებათა სახლი – აი, იქ მიდით, კარგი სახლია, ნამდვილი ლუნა-პარკი. აიღეთ ბილეთი და დაელაპარაკეთ იქ. ჩვენ აღრიცხვაზე აგიყვანთ.
იარეთ ჯერჯერობით. თავისუფლად.