აფხაზეთში გრძელდება "საწვავის კრიზისი"
საწვავის კრიზისი აფხაზეთში
აფხაზეთის პარლამენტი აპირებს მიმართოს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს „საწვავის კრიზისთან“ დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ მიანიჭა მონოპოლია აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტზე.
2024 წლის იანვრის დასაწყისიდან აფხაზეთში საწვავის ნაკლებობის გამო ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობა დაკეტილია. ბენზინი იყიდება მხოლოდ იმ ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც ეკუთვნის თავად “როსნეფტს” და კერძო კომპანია “პოდოროჟნიკს”, რომელსაც ასევე ეკუთვნის “როსნეფტის” ყოფილი ხელმძღვანელ ედუარდ ხუდაინატოვს.
ამავდროულად, აფხაზური კომპანიების მიერ შეძენილი საწვავით დატვირთული მატარებლები უმოქმედოდ დგანან რუსეთის საზღვარზე – დაწესებული შეზღუდვების გამო რუსი მესაზღვრეები ტვირთებს აფხაზეთში არ უშვებენ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების მიღებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, თავად რეზოლუციის ტექსტი აფხაზეთამდე ამ დრომდე არ მისულა.
“აფხაზეთში არავის უნახავს ამ დადგენილების ტექსტი. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არც მათ უნახავთ.” – ამბობს აფხაზეთის პარლამენტის წევრი ინალ გიცბა.
- „იდეოლოგიური გათიშვის დასაწყისი“ – მოსაზრება ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შედეგებზე
- ჯიპი ჩინოვნიკისთვის და პორტი აფხაზეთში – არის თუ არა მათ შორის კავშირი?
ეკონომისტი ახრა არისთავა რუსეთის მხრიდან მონოპოლიის შემოღებას „არამეგობრულ ნაბიჯად“ მიიჩნევს.
„სანამ არ იქნება აფხაზეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე აფხაზეთის ეროვნულ კომპანიებზე ნავთობპროდუქტების მიყიდვის აკრძალვის შესახებ, სიტუაცია არ მოგვარდება.
რუსეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება განიმარტოს სხვაგვარად, თუ არა როგორც არამეგობრული ნაბიჯი ჩვენს სახელმწიფოთა შორის, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ძმურად აფასებს.
დღეს რუსული კომპანიები ენერგორესურსებს ყიდიან იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იარაღით ამარაგებენ უკრაინას. აფხაზეთის მიმართ ასეთი არამეგობრული გადაწყვეტილების მიზეზი უნდა აიხსნას და [გადაწყვეტილება] გაუქმდეს, როგორც სავაჭრო რეჟიმისა და მოკავშირე ურთიერთობების შესახებ ქვეყნებს შორის შეთანხმებასთან შეუსაბამოდ.“
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო