"მნიშვნელოვანია ჩინეთთან პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება" - მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში იმყოფება
“ქართული ოცნება” ჩინეთში
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად ჩინეთში ვიზიტით იმყოფება – ინფორმაციას სამთავრობო მედია ავრცელებს.
პარლამენტის ვიცესპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველო დიდ როლს ანიჭებს ეკონომიკური პოტენციალის, ე. წ. შუა კორიდორის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს აქვს უზარმაზარი როლი. ირაკლი კობახიძის შეფასებით, “ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით”.
“ქართული ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, “რუსეთის ურთიერთობა განსხვავდება იმ ურთიერთობისგან”, რომელიც საქართველოს ჩინეთთან გააჩნია.
“რუსეთს თავისი ურთიერთობები აქვს ჩინეთთან, საკმაოდ სპეციფიური, აბსოლუტურად განსხვავდება იმ ურთიერთობებისგან, იმ ინტერესებისგან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩინეთთან ორმხრივ ურთიერთობაში.” – თქვა ვოლსკიმ.
ირაკლი კობახიძის განცხადება
“შევხვდით მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, ასევე მინისტრის მოადგილეს, ასევე შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ძალიან საინტერესოა საუბარი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
შარშანდელი წელი იყო ისტორიული ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ჩვენი მიზანია, ბუნებრივია, ამ თანამშრომლობის შეთანხმების სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფა და ამას ემსახურება ჩვენი ვიზიტი.
არის ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ამას უნდა ჰქონდეს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის“, – თქვა კობახიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით.
● საქართველო და ჩინეთი – რა წერია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში
● დასავლეთის შემობრუნება: ჩინეთი შავ ზღვაში
ოპოზიციის კომენტარი
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პოლიტიკურად, დასავლეთის ჩინეთით ჩანაცვლების მცდელობა საქართველოსთვის საზიანოა.
“ჩინეთთან ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, მათ შორის, თავისუფალ სამყაროში. მაგრამ, პოლიტიკურად, დასავლეთის კომუნისტური ჩინეთით ჩანაცვლების მცდელობა, რასაც ახლა ვხედავთ, მათ შორის, ამგვარი პოლიტიკური ვიზიტითა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაახლოების მცდელობით, უკიდურესად საზიანოა საქართველოსთვის, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის.” – ამბობს ბოკუჩავა.
საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედებიდან ხუთნახევარი წლის შემდეგ, 2013 წლის ივლისში, საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გადაწყვეტილება მიიღეს.
პლანეტის ნომერ მეორე ეკონომიკასთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე ასვლას საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.
საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება დასავლეთისთვის ზურგის შექცევად აღიქვა, მეორე ნაწილმა ეკონომიკური განვითარების დამატებით შესაძლებლობად. თუმცა, ყველა ასე მარტივად თეთრად და შავად არ ჰყოფს, ბევრისთვის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება მისაღებია, შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი კი, რისკების შემცველი.
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დელეგაციის ჩინეთში გამართული რამდენიმედღიანი ვიზიტის პარალელურად გამოქვეყნდა ორი ქვეყნის ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ:
- პოლიტიკური განზომილება;
- ეკონომიკური განზომილება;
- ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება;
- საერთაშორისო განზომილება.
რა წერია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
● მოლდოვის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი ქვეყანას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას მიბაძოს
● ადამ ჰოლოვეი: „ქართული ოცნება“ პროპუტინისტური და პრორუსული ჯგუფია, რომელიც საქართველოს რისკის ქვეშ აყენებს