HRW: ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი დარჩა
Human Rights Watch-ის ანგარიში
საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი დარჩა. პოლიტიკურ მოვლენებში დომინირებდა დაძაბულობა ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან კრიტერიუმებს, – ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2024 წლის ანგარიშში, საქართველოზე ქვეთავშია აღნიშნული.
რა წერია ანგარიშში
HRW ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება ცდილობდა მიეღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა, რომელიც შელახავდა გამოხატვის თავისუფლებას. კვლავ შენარჩუნებული იყო ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა შეკრების თავისუფლებას:
“ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მოიცავდა მედიის თავისუფლებაზე შეზღუდვებსა და თავდასხმებს, არასამართლიან შრომით პირობები. ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია არ მოიცავს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებებს.“
Human Rights Watch -ი აცხადებს, რომ ნოემბერში ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე იმ პირობით, რომ ის განახორციელებს შემდგომ რეფორმებს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მთავრობის მტრული რიტორიკა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა უფლებადამცველთა საკითხებში, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, გამოთქვა შეშფოთება ადამიანის უფლებათა დამცველების უფლებების შელახვის სისტემატური ძალისხმევის შესახებ.
“სექტემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ სავარაუდო „გადატრიალებაზე“, რომლის მიზანი აქტივისტების გადაბირება, სამოქალაქო არეულობის გაღვივება და საქართველოს ხელისუფლების დამხობა იყო. ამერიკის საელჩომ კატეგორიულად უარყო ბრალდება. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა დაკითხეს ათიოდე აქტივისტი, ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის დოკუმენტებზე, რათა აღეკვეთათ მათ მიერ საქმის საჯაროდ განხილვისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.
● ვინ არიან ფრანკლინელები და რას ერჩის მათ ხელისუფლება
● სად და როგორ დაირღვა ლაზარე გრიგორიადისის უფლებები. საიას განცხადება
● საპროტესტო ბანერები – აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან
Human Rights Watch-ის 2024 წლის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2023 წელს პოლიციის ძალის გადამეტებული გამოყენებისა და შეკრების თავისუფლებაში სახელმწიფოს უკანონო ჩარევის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს.
მათივე განმარტებით, სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც სპონტანურად შეიკრიბნენ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად. სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ეს ზომები იყო არაპროპორციული და არასაჭირო.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს იძიებს, საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ქმედებებზე გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მიიღო 124 საჩივარი ძალადობის შესახებ.
ანგარიშის მიხედვით, ქართული უფლებადამცველი ჯგუფები აკრიტიკებდნენ პოლიციის მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასაკავებლად ადმინისტრაციული ბრალდების გამოყენების მუდმივ პრობლემას.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად ეფუძნება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს და უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს ნორმებს. ივნისში პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის, ცნობილი უფლებადამცველი ჯგუფების წევრები, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა, რადგან ეჭირათ ბანერები, პრემიერის განზრახ დამახინჯებული სახელით, ცარიელი პლაკატები და კონსტიტუციის ასლი. 48 საათის შემდეგ პოლიციამ ისინი გაათავისუფლა.
სექტემბერში სასამართლომ ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმა. ივლისში პოლიციამ ბათუმში რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართული ომის საწინააღმდეგო აქციის 20-მდე მონაწილე დააკავა. აგვისტოში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება ამ დაკავებების დროს პოლიციის მხრიდან სავარაუდო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.
Human Rights Watch-ი იხსენებს, რომ ოქტომბერში, „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები მიტინგებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში, რომელიც პოლიციას ანიჭებს დისკრეციულ უფლებას, დაშალოს ან დააკავოს მომიტინგეები, რომლებიც ცდილობენ ისეთი დროებითი „სტრუქტურები“, როგორიცაა კარვები და სცენები.
„აღნიშნულის შეუსრულებლობა გამოიწვევს 500 ლარის (დაახლოებით 190 აშშ დოლარი) ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას. იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 1 775 საჩივარი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების შესახებ და დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება 178 საქმეზე. ამავე პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 72 საჩივარი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
● TI: 2023 წელს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის 45-მდე შემთხვევა გამოვლინდა
● საქართველო: ახალი წესები მომიტინგეებისთვის – მანიფესტაციაზე კარვის გაშლა იკრძალება