"ქართული ოცნება" რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონის გამკაცრებას გეგმავს
რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა
მმართველი პარტია “ქართული ოცნება” საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიციირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამებაში მომხდარი ფაქტი კანონსაწინააღმდეგოა და შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუმცა, ამჟამინდელი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისთვის პროპორციულ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.
9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა.
შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
მანამდე 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი იყო დასვენებული, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინიც არის გამოსახული.
10 იანვარს სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან ძალადობრივი, პრორუსული ალტ-ინფოს წევრები შეიკრიბნენ და მას ემუქრებოდონენ. სიტუაცია ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ განმუხტა. ძალადობრივი ჯგუფების აგრესია სწორედ მატრონას ხატის ე.წ. შეურაცხყოფამ გამოიწვია.
“გვსურს, გუშინ, სამების ტაძარში მომხდარ ფაქტს გამოვეხმაუროთ, რამაც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ეკლესიაში ასეთი არაქრისტიანული ქცევა და ზოგადად, ნებისმიერი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება, რაც რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების სერიოზულ და რეალურ საფუძველს ქმნის […] ამიტომ, ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების სათანადოდ დაცვა უზრუნველვყოთ, რათა არცერთი რელიგიის შეურაცხყოფა არ დავუშვათ.” – ამბობს ოხანაშვილი.
მისივე განმარტებით, ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლა მათ უკვე დაიწყეს და აპირებენ შეისწავლონ საერთაშორისო, “განსაკუთრებით”, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება და სტრასბურგის სასამართლოს მიდგომები. ასევე, ოხანაშვილის თქმით, მათ ექნებათ კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიციირებენ.
“პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს […] ამიტომ, უახლოეს პერიოდში ჩვენი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებებს დავაინიციირებთ, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ, ასევე სხვა რელიგიურ ნაგებობებსაც – მაგალითად: მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს”. – თქვა ოხანაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
● საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას