„სახელმწიფო აგარაკი შეიძლება გადაეცეს რუსეთს, ოღონდ სხვა პირობებით“ - აფხაზეთში საპროტესტო აქცია დაიწყო
საპროტესტო აქცია აფხაზეთში
26 დეკემბრის საღამოს აფხაზეთში პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. 27 დეკემბერს პარლამენტის სხდომაა დაგეგმილი, რომელიც გადაწყვეტს, მოახდინოს თუ არა რატიფიცირება ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აქციის მონაწილეები რატიფიცირების შეჩერებას აპირებენ.
- ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და 180 ჰექტარი ფიჭვნარი რუსეთის მფლობელობაში გადადის
- რა ტერიტორიების და ობიექტების მიღება სურს რუსეთს აფხაზეთისგან. კომენტარი
სამთავრობო შენობების დასაცავად უშიშროების თითქმის სრული შემადგენლობაა მობილიზებული. სოციალურ ქსელებში ქვეყნდება ვიდეოები, სადაც ასახულია ავტობუსების კოლონები, რომლებიც სოხუმისკენ მიემართებიან, რათა ცენტრის მისადგომები დაბლოკონ. პარლამენტის გარშემო ხელოვნური ბარიერები იდგმება.
რას ითხოვენ აქციის მონაწილეები?
რუსი ოფიციალური პირები მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობენ ცნობილი „ხრუშჩოვის სახელმწიფო აგარაკით“ ექსკლუზიურად და უფასოდ. თუმცა, ერთი წლის წინ კრემლმა მოითხოვა სახელმწიფო აგარაკის საკუთრებაში გადაცემა. როგორც აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამტკიცებდა, ამის შესახებ მას პირადად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც კი ესაუბრა.
ხელშეკრულება რუსეთთან სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ 2022 წლის იანვარში გაფორმდა და რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაუყოვნებლივ მოახდინა მისი რატიფიცირება. თუმცა, აფხაზეთში შეთანხმებამ ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია და საკითხი სახალხო კრებაზე განხილვამდე არ მისულა.
აფხაზეთში ოპოზიციისა და საზოგადოების უმრავლესობის უკმაყოფილების არსი არ არის ობიექტის რუსეთისთვის გადაცემის ფაქტი. პრობლემა ის პირობებია, რაც ხელშეკრულების ტექსტშია შეტანილი.
ყველაზე დიდი აღშფოთება გამოწვეულია იმით, რომ შეთანხმებაში არასწორად იყო მითითებული რუსეთის საკუთრებაში გადაცემული აგარაკის კოორდინატები.
აღმოჩნდა, რომ გარდა თავად აგარაკის ტერიტორიისა, 180 ჰექტარი, თავად ბიჭვინთის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, რუსეთს უნდა გადაეცეს.
შეცდომა ორივე მხარემ აღიარა. მაგრამ მოსკოვი გამოსავალს აფხაზეთის პარლამენტში ხედავს: ჯერ ხელშეკრულების რატიფიცირება მისი ამჟამინდელი ფორმით და მხოლოდ ამის შემდეგ ცვლილებები. აფხაზეთის პარლამენტი საზოგადოების დიდი წნეხის გამო ამ პირობებს არ დათანხმდა და რატიფიცირების საკითხი გადაიდო.
ამასთან, ოპოზიციის მომხრეები იხსენებენ, რომ კოორდინატებთან დაკავშირებული შეცდომა ყველაზე რეზონანსულია. მათ საერთო ჯამში ხელშეკრულებაში 30-მდე პუნქტი დაითვალეს, რომელიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის კანონმდებლობას.
რას უნდა ველოდოთ პარლამენტისგან
თავდაპირველად პარლამენტის სხდომა 28 დეკემბერს ჩაინიშნა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეიკრიბებიან პარლამენტის წინ და ხელს შეუშლიან კენჭისყრას.
შემდეგ, მოულოდნელად, სხდომა ერთი დღით ადრე – 27 დეკემბრისთვის გადმოიტანეს.
„ჩვენ უნდა დავთმოთ სახელმწიფო აგარაკი, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ზურგს შეაქცევს აფხაზეთს“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ 2022 წლის ზაფხულში.
ბჟანიამ, რომელმაც ხელახლა წამოჭრა აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი, აცხადებს, რომ „დოკუმენტში კოორდინატები შეიცვალა მოსკოვთან შეთანხმებით.“ იგი მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდა კამპანიას, რათა დეპუტატების მხარდაჭერა მიეღო.
შეთანხმების რატიფიცირებისთვის საჭიროა 18 ხმა 35-დან. სავარაუდოდ, ეს ხმები არსებობს. ოპოზიციის მონიტორინგის მონაცემებით, რატიფიცირების მხარდაჭერას სახალხო კრების 35 დეპუტატიდან 22 აპირებს.
თუმცა, საინტერესოა, როგორ მოიქცევიან დეპუტატები, როდესაც 27 დეკემბერს პარლამენტის წინ ათასობით მომიტინგე დახვდებათ.
ოპოზიცია არ მალავს, რომ აპირებს ხელი შეუშალოს პარლამენტს შეთანხმების რატიფიცირებაში ყველა საშუალებით.
„ჩვენ არსად წავალთ, სანამ ეს საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, აფხაზეთის გმირმა ლევან მიქამ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო