“გარემოზე მავნე ზეგავლენის შესამცირებლად მთავარი ჩვენი ქცევის ცვლილებაა”. “ირაოს” ეკო შეჯიბრი თანამშრომლებისთვის
სადაზღვევო კომპანია “ირაო“
გარემოს დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, ნარჩენების დახარისხება, მაკულატურის შეგროვება სკოლებიდან, ღია გაკვეთილები ბავშვებს, მეორადი მასალებისგან დამზადებული ნივთები, სარეკლამო კლიპები, კამპანია “იარე ფეხით” და ა.შ. – სადაზღვევო კომპანია “ირაოს” თანამშრომლები, ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთს ყველაზე ეკო მეგობრული გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ.
ეკო შეჯიბრი სახელწოდებით “მწვანე გამოწვევა” კომპანიამ თანამშრომლებში გარემოსდაცვითი და ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ასამაღლებლად დაგეგმა.
- როგორ ებრძვიან ახალგაზრდები რეგიონებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს
- სუფთა და ხელმისაწვდომი სასმელი წყალი 500-ზე მეტ ოჯახს – EU, CENN და თვითმმართველობები სოფლებში წყლის უსაფრთხოებისათვის
- როგორ იქცა გორელი მოსწავლეების სურვილები, ევროკავშირისა და CENN-ის დახმარებით, მწვანე ბიზნესებად
სახალისო და სასარგებლო მარათონში სადაზღვევო კომპანიის მთელი შემადგენლობა ჩაერთო – დეპარტამენტების ხელმძღვანელებიდან უმცროს რგოლამდე.
300-მდე ადამიანი დაახლოებით 16 გუნდად გაერთიანდა. გუნდები დეპარტამენტების ან საქმიანობის მიხედვით დაკომპლექტდა.
სასიკეთო საქმესთან ერთად, გუნდების მოტივაცია მთავარი პრიზი იყო – დასვენება კახეთში, პრესტიჟულ სასტუმრო კომპლექსში.
ეკო შეჯიბრი ისეთი მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ერთი თვის შემდეგ ჟიურიმ დიდხანს იმსჯელა საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოსავლენად.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
სადაზღვევო კომპანია “ირაო” და მისი მწვანე პოლიტიკა
სადაზღვევო კომპანია “ირაო” საქართველოს ბაზარზე უკვე 19 წელიწადია ოპერირებს. ეს ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ასი პროცენტით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია.
“ვენის სადაზღვევო ჯგუფი” (VIG) XIX საუკუნეში შეიქმნა და დღემდე იკავებს ლიდერულ პოზიციას სადაზღვევო ინდუსტრიაში. კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვა და ამ მიმართულებით, ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო პროექტს მსოფლიოს მასშტაბით.
“ჩვენ, როგორც ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრმა კომპანიამ, დიდი ხანია დავიწყეთ მდგრადი განვითარების გადაქცევა ჩვენი სტრატეგიის ნაწილად”, – ამბობს სადაზღვევო კომპანია “ირაოს” გენერალური დირექტორი ვახტანგ დეკანოსიძე.
მისი განმარტებით, ამ შეჯიბრამდე, “ირაოში” ყოველწლიურად ეწყობოდა “სოციალური აქტივობის დღე”.
“სოციალური აქტივობის დღეს” ვენის სადაზღვევო ჯგუფი 2011 წლიდან, ყოველ წელს მართავს. ამ დღეს ჯგუფში გაერთიანებული ყველა კომპანიის თანამშრომელს შეუძლია ერთი სამუშაო დღე მოხალისედ გაატაროს, კეთილი მიზნების მხარდასაჭერად.
ამ დღის აღნიშვნაში თანამშრომლები ოცზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობენ. ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობებში დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანი ერთვება.
სადაზღვევო კომპანია “ირაო”, როგორც ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი კომპანია, “სოციალური აქტივობის დღის” ფარგლებში მხარს უჭერს ისეთ პროექტებს, როგორციაა: დაიცავი, გადაამუშავე, გადაარჩინე!”, “უმანქანოდ რომ იარო”, ბერი ანდრიას ფონდის სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას, სოციალურ საწარმოებთან ერთობლივ ვორქშოფებს და ა.შ.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მწვანე პოლიტიკა “ირაოს” საოფისე სივრცეშიც იგრძნობა. ამ პოლიტიკის ნაწილია – ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთების მინიმუმამდე შემცირება, წყლისა და ელექტროენერგიის დაზოგვა, ნარჩენების დახარისხება.
ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთების მინიმუმამდე შესამცირებლად, “ირაომ” პირველ რიგში შესყიდვების პოლიტიკა შეცვალა. კომპანიამ უარი თქვა შეხვედრებსა და კონფერენციებზე წყლის პლასტმასის ბოთლების გამოყენებაზე. გარდა ამისა, კომპანიის თანამშრომლებს მრავალჯერადი გამოყენების, კერამიკის ჭიქები და წყლის ბოთლები დაურიგეს.
კომპანიის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ელენე მარგიშვილის თქმით, ცელოფნის პარკების შესამცირებლად, რასაც კომპანია დიდი რაოდენობით მოიხმარდა საოფისე ნარჩენების ურნებში, ურნების რაოდენობა შეამცირეს. თუ აქამდე, ყველა ოთახში ერთი, ან რამდენიმე ურნა იდგა, ახლა თითო სართულზე მხოლოდ თითო ურნა დგას.
“ბევრი ნარჩენი იქნებოდა ურნაში თუ ცოტა, დამლაგებელს მაინც ყოველდღე უწევდა მათი დასუფთავება და ათასობით პარკი გროვდებოდა. ამ ცვლილების წყალობით წელიწადში 33 ათასამდე ცოლოფნის პარკი დავზოგეთ”.
“ნუ ისარგებლებ ლიფტით, იარე ფეხით. დაზოგე ელექტროენერგია” – “ირაოს” ოფისში, ყველა სართულზე, ლიფტთან, ეს წარწერაა გამოკრული.
საოფისე მწვანე ოპერაციების ჩამონათვალი ვრცელია.
„ვცდილობთ წლიდან წლამდე ოფისი უფრო ეკო-მეგობრული გავხადოთ, ამიტომ თითქმის სრულად ენერგოეფექტურ განათებაზე გადავედით. ერთი წელია დაბეჭდილი დაზღვევის პლასტმასის ბარათები ჩავანაცვლეთ ელექტრონული პოლისებით. უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვმეგობრობთ CENN-თან, ყველა სართულზე გვაქვს ურნები, პლასტმასას შესაგროვებლად და ჩასაბარებლად, მაკულატურასაც ვაბარებთ“, – გვიამბობს ელენე.
ეკო შეჯიბრი – მწვანე გამოწვევა
სწორად ამ პოლიტიკის გამოძახილი იყო ეკო შეჯიბრი “მწვანე გამოწვევა”, რომელიც წელს პირველად გაიმართა.
შეჯიბრი ოქტომბერში გამოცხადდა. ერთი თვის განმავლობაში გუნდებს მწვანე აქტივობები და პროექტები უნდა დაეგეგმათ. ყველა გუნდმა აირჩია კაპიტანი, რომელსაც შეჯიბრის ბოლოს ანგარიში და პრეზენტაცია უნდა მოემზადებინა.
გუნდებს ეთვლებოდათ ნებისმიერი ტიპის აქტივობა: გარემოს დასუფთავება, ხეების დარგვა, შემოქმედებითი გადაწყვეტილებები, რესურსების დაზოგვა, პლასტმასას და ქაღალდის მოგროვება და ჩაბარება, ფეხით სიარული და ა.შ.
გუნდები სამი კრიტერიუმით შეაფასეს:
1. შემოქმედებითი მიდგომა
2. გუნდურობა
3. გარემოზე ზეგავლენა
“თუ ვნახავთ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე სხვადასხვა მასალებს, ვნახავთ, რომ ადამიანები მაინც მიდრეკილი ვართ კეთილი საქმისა და ბუნებაზე ზრუნვისკენ. აქაც არ იყო გამონაკლისი. ჩვენი თანამშრომლები, დიდიან-პატარიანად, მთელი მონდომებით ჩაერთვნენ”, – ამბობს ვახტანგ დეკანოსიძე.
ეს მონდომება იმ პრეზენტაციებშიც იგრძნობოდა, რომელიც გუნდებმა მოამზადეს ანგარიშის ჩასაბარებლად. სწორედ ამიტომ იყო, რომ ჟიური რამდენიმე საათის განმავლობაში ცხარედ მსჯელობდა ვინ უნდა გამხდარიყო შეჯიბრის გამარჯვებული.
“ ბევრმა აქტივობები ისე დაგეგმა, რომ გარე პირებიც ჩართო. ზოგმა საჯარო ლექციები ჩაატარა. ოჯახის ექიმები დაზღვეულებს ესაუბრებოდნენ. საბოლოოდ, შედეგები ძალიან შთამბეჭდავი იყო. ამდენ და ასეთ მრავალფეროვან აქტივობებს არც კი ველოდით”, – ამბობს ელენე.
საბოლოოდ, 16 გუნდს შორის, ჟიურიმ გამარჯვებულად გუნდი “Green vision” დაასახელა.
Green vision-ის აქტივობების ჩამონათვალი შთამბეჭდავია:
- გუნდის წევრებმა წამოიწყეს კამპანია ოფისში რესურსების დასაზოგად. მათ შორის: დაიწყეს წყლის, ელექტროენერგიის, ფურცლის დაზოგვა. უარი თქვეს პლასტმასის ნივთებზე;
- წამოიწყეს კამპანია – გამოწვევა “იარე ფეხით”. გუნდის წევრები დადიოდნენ ფეხით, იღებდნენ ვიდეოებს, აზიარებდნენ სოციალურ ქსელში და ყველა მათგანი იწვევდა (თაგავდა) ორ სხვა ადამიანს მისი სამეგობრო წრიდან, რომელსაც ასევე ფეხით უნდა ევლო და თავის მხრივ, მას კიდევ სხვა ორი ადამიანი გამოეწვია;
- დაასუფთავეს ტერიტორიები თბილისის შემოგარენში. მათ შორის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, ავლაბრის შემოგარენი;
- გაამწვანეს გარემო ქუთაისში, თელავში, თბილისში (დედათა და ბავშვთა სახლში);
- ჩაატარეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები. მათ შორის: 192-ე საჯარო სკოლაში, Free School-ში, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში;
- დაასუფთავეს და თან გაამწვანეს რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის ეზო;
- შეაგროვეს და ჩააბარეს ნარჩენები სხვადასხვა უწყებებიდან. მათ შორის: პლასტმასას ნივთები, მაკულატურა, ელექტრონივთები;
- ნარჩენებისგან შექმნეს მეორეული ნივთები, ნაძვისხეები, სათამაშოები, სამკაულები, ჩანთები;
ეს ნივთები ახლა “ირაოს” დერეფნებშია გამოფენილი. ისინი ახსენებენ კომპანიის თანამშრომლებს, რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების შემცირებაზე და ზოგადად, გარემოს დაცვაზე ზრუნვა.
გამარჯვებულმა გუნდმა პრიზად სასტუმრო “წინანდალში” დასვენება მიიღო.
“ჩვენთვის, მენეჯმენტისთვის, მთავარი პრიზი იქნება ის, რომ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ, გადავხედოთ ჩვენს ქცევას და გავხდეთ კიდევ უფრო მზრუნველები დედამიწაზე”, – ამბობს ვახტანგ დეკანოსიძე.
მისივე თქმით, კონკურსი ტრადიციული გახდება და შემდეგ წელს კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
“რა უნდა გავაკეთოთ ადამიანებმა, რომ გადავარჩინოთ დედამიწა?! – დავიწყოთ ჩვენი ქცევის ცვლილება, უფრო მწვანე ადამიანები გავხდეთ, ნაკლებად გავფლანგოთ რესურსები, გადავიდეთ ცირკულარულ ეკონომიკაზე. თუ ყველამ ერთად არ დავიწყეთ მოქმედება, არანაირი დარგული ხე არაფერს უშველის”, – დასძენს ვახტანგ დეკანოსიძე.
სადაზღვევო კომპანია “ირაო“
ისტორია მომზადებულია პროექტის “საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.