შსს უარყოფს, რომ გერმანიას ე.წ. ბალკანურ მოდელზე საქართველომ უარი უთხრა
მიგრაცია გერმანიაში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიასთან მოლაპარაკებებისას ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. ბალკანურ მოდელზე.
დასავლეთ ბალკანეთის მოდელი გერმანიაში ლეგალურად დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობს.
რა მოხდა
19 დეკემბერს საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის ვიზიტის შემდეგ გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაწერა, რომ მიგრაციის ხელშეკრულებებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მთავრობას ქართველი კადრების დასავლეთ ბალკანეთის მოდელით დასაქმება შესთავაზა, ხოლო “საქართველოს მთავრობისთვის ეს სრულებით უინტერესო იყო”.
როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობს, გერმანიას ქართველ არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ორი მიზანი აქვს: “საქართველოს ნაკლებმა მოქალაქემ მოითხოვოს გერმანიისგან თავშესაფარი, რადგან ისინი, როგორც წესი, თავშესაფარს ვერ იღებენ და ეს პროცედურები ისედაც დატვირთულ გერმანულ ბიუროკრატიას კიდევ უფრო აწვება. ამის ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეები ემიგრირდნენ ჩვეულებრივ შრომის ბაზარზე, რადგან გერმანიას კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აქვს”.
გამოცემა წერს, რომ საქართველო “ტვინების გადინების” პროცესს ისედაც განიცდის, მათივე განმარტებით, “უამრავმა განათლებულმა ახალგაზრდამ ქვეყანა უკვე დატოვა, ქვეყანაში დარჩენილი კადრები კი საქართველოს თავადვე აუცილებლად სჭირდება”.
გამოცემის შეფასებით, ქვეყნიდან გადინების მიზეზი ზოგ შემთხვევაში კარიერული პერსპექტივის ნაკლებობაა, ზოგში კი, რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაცია.
როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, იოაჰიმ შტამპი ამბობს, რომ ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით “შეთანხმება საქართველოს იმ მოქალაქეებზე შედგა, რომლებმაც სამშობლო უკვე დატოვეს და ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან”. მისივე თქმით, სწორედ ამ კადრებს მიიწვევენ გერმანიის სამუშაო ბაზარზე “განსაკუთრებით ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და ზრუნვის სფეროში, სადაც გერმანია კადრების ნაკლებობას განიცდის”.
მაუწყებელს მაგალითისთვის მოჰყავს ის ქართველები, რომლებიც პოლონეთში ან საბერძნეთში დაბალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობენ. ისინი, შესაძლოა, გერმანიის სამუშაო ბაზარზე უკეთესი პირობებით დასაქმდნენ.
● ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. რა დათქმები მიიღო ქვეყანამ
● ევროკომისიის ანგარიში: 2022 წელს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 81 პროცენტით გაიზარდა
● მექსიკის გავლით ამერიკაში – სად და რატომ გარბიან ქართველები
შსს-ს განცხადება
უწყება განმარტავს, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ევროინტეგრაციის გზაზე:
“მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.
შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს, რათა დამატებით შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით შეიმუშავებენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც შედის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში.”
შსს ხაზს უსვამს, რომ შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. ასევე, გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მაგალითად ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურების სფერო.
მათი თქმით, თანამშრომლობა გაღრმავდება მოხდება სხვადასხვა სფეროში დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებით და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით. მაგალითად, სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევრების გაცვლითი პროგრამებით. როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ამისთვის საქართველოს ჩართულობით ორმხრივი ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება.
“მოცემული შეთანხმების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცირკულარული მიგრაციისა და შრომითი ლეგალური მიგრაციის გაძლიერება, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. ბალკანურ მოდელზე. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს.” – აცხადებს შსს.
● გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
● სამსახური პოლონეთში – ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის
საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
19 დეკემბერს საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოსა და გერმანიის შს მინისტრებმა, ვახტანგ გომელაურმა და ნენსი ფეზერმა მოაწერეს. შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაა.
“გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღების შანსი დაახლოებით 0.3 პროცენტია.” – განაცხადა ნენსი ფეზერმა ქართველ ჟურნალისტებთან.
გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულება ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მომავალში არალეგალური მიგრაციის მუდმივ შემცირებას ისახავს მიზნად.
უწყების ცნობით, ამ კუთხით საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე მათ შორის, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, 15.6% საქართველოდან და მოლდოვიდან იყო.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოლდოვის რესპუბლიკასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთთან, ყირგიზეთთან და მაროკოსთანაც.