ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. რატომ ტოვებს ხალხი სააკაშვილის პარტიას
ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაცია დაიშალა
ბათუმის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” 13 წევრიდან შვიდმა პარტია დატოვა. ბათუმის ორგანიზაციას დატოვეს პარტიის სხვა წარმომადგენლებმაც.
მათ შორისაა გიორგი კირთაძე, რომელიც 2021 წელს ბათუმის მერობის კანდიდატი იყო “ნაციონალური მოძრაობიდან”. ასევე, რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი მირდატ ქამადაძე.
კირთაძემ პარტიიდან გასვლის მიზეზად პარტიის თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან და პარტიის ახალ მენეჯმენტთან პრინციპული შეუთავსებლობა დაასახელა.
“ერთიანობის ყველა გზა ამოიწურა,” – აღნიშნა კირთაძემ სპეციალურად მოწყობილ ბრიფინგზე.
“ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ვტოვებთ პარტიას და ერთგული ვრჩებით ვარდების რევოლუციის იდეალების. ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. “ნაციონალური მოძრაობის” ეს წევრები, ვინც პარტია დატოვეს, ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ. ჩვენ ცხოვრების ნახევარი ამ პარტიაში ვიყავით და ჩვენთვის ეს არ იყო ადვილი გადაწვეტიელება”, – უთხრა ჟურნალისტებს კირთაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა.
კირთაძე და პარტიიდან გასული სხვა წევრები თავიანთ მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაზე საუბრისას დეტალები არ უხსენებიათ, თუმცა თქვეს, რომ ნიკა მელიასთან თანამშრომლობას განიხილავენ:
“ნიკა მელია გამორჩეული და რეიტუნგული პოლიტიკოსია. ჩვენ უახლოეს პერიოდში გეტყვით როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას და რა პოლიტიკური გაერთიანება იქნება”.
რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში
პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, საქართველოს 2004-2012 წლებში მართავდა. 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებასთან” და მას შემდეგ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა.
ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, 2020 წელს, “ნაციონალური მოძრაობა” სხვა, მცირე ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჰქმნიდა საარჩევნო ბლოკს და ხმების 27.13 პროცენტი მოიპოვა, რაც ნახევარ მილიონზე მეტი ხმაა.
დღეს, სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით, პარტიას 13-დან 21 პროცემტამდე რეიტინგი აქვს.
“ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან ციხეში იმყოფება, უკვე წლებია ოფიციალური პოსტი პარტიაში აღარ უკავია, თუმცა კვლავინდებურად მთავარ ავტორიტეტად რჩება.
ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის” თანდათანობით რღვევის პროცესი. პარტია სხვადასხვა დროს მისმა ლიდერებმა და რიგითმა წევრებმა დატოვეს. დღესდღეობით ოპოზიციურ პოლიტიკურ ბაზარზე მოქმედი ოთხი პარტიის მთავარ ბირთვს სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები და ამ პარტიიდან სხვადასხვა დროს წასული ადამიანები შეადგენენ (“ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “დროა”).
ბოლო მწვავე დაპირისპირება პარტიაში მიმდინარე წლის დასაწყისიდან ვითარდება. ერთმანეთს პარტიის ორი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ნიკა მელია დაუპირისპირდნენ.
2023 წლის 30 იანვარს ახალი თავმჯდომარის გამოსავლენად “ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ” შიდაპარტიული არჩევნები ჩაატარა. ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, რომელმაც ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. პარტიის იმჟამინდელი მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია კი მეორე ადგილზე გავიდა.
მელიამ დამარცხების მიუხედავად პარტია არ დატოვა და ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა. თუმცა, დაპირისპირება ამ ორ ლიდერს შორის მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა და კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. პარტია გაიყო ორ ნაწილად – მელიას და ხაბეიშვილის მომხრეებად.
პარტიის დამფუძნებელს, მიხეილს სააკაშვილს ღიად რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, ნიკა მელიას გუნდში ამბობენ, რომ ეს არჩევნები იყო გადატრიალება პარტიაში ორი ადამიანის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და შსს-ს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ მოწყობილი.
დავით კეზერაშვილი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი დამფინანსებელია, ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს, რადგან ივანიშვილის ხე3ლისუფლებას მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული.
მელიას მომხრეები აცხადებენ, რომ კეზერაშვილმა ხისტი მელიას ნაცვლად, ფსონი დამყოლ და უკეთესად სამართავ ხაბეიშვილზე გააკეთა.
დაპირისპირების მიუხედავად, ორივე გუნდში აღიარებენ მიხეილ სააკასვილის ავტორიტეტს და მას უკანონო პატიმრად მიიჩნევენ.
მიუხედავად იმისა, რომ შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ ნიკა მელია პარტიის წევრად დარჩა, ის იშვიათად ჩნდებოდა პარტიულ ღონისძიებებზე. მათ შორის, არ დასწრებია “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამართა. მელიამ ასევე ხელი არ მოაწერა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემუშავებულ 11 პუნქტიან მანიფესტსაც, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს.
27 ნოემბერს, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში, პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის რიგებში აღარ ირიცხება.
“ნიკა მელია პარტიას აღარ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია,”– აღნიშნა ხაბეიშვილმა და ამით “ნაციონალური მოძრაობის” მელიას მომხრეთა ფრთის რისხვა დაიმსახურა.
შეფასებები:
ბათუმის ორგანიზაციის დაშლა პარტიიდან მელიას ოფიციალურად გარიცხვის შემდეგ დაჩქარდა, აღნიშნავენ პოლიტიკური მიმომხილველები და პროგნოზირებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ორგანიზაციების წიაღში მომავალშიც მოსალოდნელია რღვევა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა აღნიშნა, რომ პარტიიდან “ეს ადამიანები, რვა-ცხრა თვეა გასულები არიან და ამ ხნის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდნენ, პარტია დაეზიანებინათ. მათ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს, უბრალოდ, დღეს გააფორმეს ოფიციალურად”.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ასეთი რამ პირველი არ არის.
ანა წითლიძის თქმით, 11-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცოცხალი ორგანიზმია, „ადამიანები მიდიან, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მოდის”.
„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის სახელებსა და გვარებზე ჩამოკიდებული პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ამომრჩევლების პარტიაა. 2016 წელს… საერთოდ 21 დეპუტატი და 21 ლიდერი წავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, ეს ადამიანები ახლა სად არიან, როგორი იყო მათი პროცენტული მაჩვენებელი და როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებელი”.