ევროპარლამენტის რეზოლუცია: თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს
თამაზ გინტურის მკვლელობა
ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუცია მიიღეს. საქართველოს მოქალაქე რუსმა სამხედროებმა 6 ნოემბერს, სოფელ კირბალში მოკლეს.
▇ ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ და მართლმსაჯულებას გადაეცნენ გინტურის მკვლელობასა და დოთიაშვილის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები.
ევროპარლამენტი ასევე კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავებას რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან.
რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით – “საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში” ევროპარლამენტის რამდენიმე ჯგუფმა მოამზადა, მისი ინიციატორი კი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.
რეზოლუციას მხარი 495-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 552-მა დეპუტატმა მიიღო.
● კირბალში მომხდარის შემდეგ, ოპოზიცია მოუწოდებს მთავრობას, აამოქმედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია
● თამაზ გინტურის მკვლელობა: რა მოხდა კირბალში და რა ვერსია აქვს ცხინვალს
● “წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის მემკვიდრეობა” – როგორ ეხმაურება მმართველი პარტია და პრეზიდენტი კირბალში მომხდარს
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში
● თამაზ გინტურის მკვლელობა, ისევე როგორც ქართველი დევნილების: არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის სასტიკი მკვლელობები, ასევე ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა რუსეთის სამხედრო ბაზაზე ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.
● მართლმსაჯულებას უნდა გადაეცნენ გინტურის მკვლელობასა და დოთიაშვილის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის რუსეთის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ეშელონებში და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში მომუშავე პირები.
● ევროპარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, ასევე, გმობს ამ რეგიონების უკანონო “ბორდერიზაციას”.
● მკაცრად გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეთნიკური ჯგუფების დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევას, უკანონო დაკავებებს, გატაცებებს და ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას.
● ევროპარლამენტი გამოხატავს მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მოუწოდებს, განაგრძოს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შეწყვეტისკენ.
● ევროპარლამენტი ევროპის საბჭოს მოუწოდებს, გადახედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და დაუწესოს სანქციები ჩამოთვლილ ინდივიდუალურ პირებს.
საქართველოს პარლამენტმა “მაგნიტსკის სიის” მსგავსი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” 2018 წლის ივნისში დაამტკიცა. სიის მთავარი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.
პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, სიაში შედიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ცხინვალში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობაში მოკლეს; ხოლო გიგა ოთხოზორია 2016 წელს საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ ე.წ. საზღვართან აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა.
რა მოხდა სოფელ კირბალში
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს. ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებული კი ლევან დოთიაშვილი იყო, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია.
ლევან დოთიაშვილი, რომელიც ოკუპანტებმა გაათავისუფლეს, თამაზ გინტურის მკვლელობის დეტალებსა და საოკუპაციო ძალების მიერ მის უკანონო დაკავებას იხსენებს.
დოთიაშვილი ჰყვება, რომ თავდაპირველად რუსმა ჯარისკაცმა გამაფრთხილებელი ტყვია გაისროლა, რის შემდეგაც, ლომისის ეკლესიასთან მყოფი თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი მას გაესაუბრნენ, შემდეგ ტერიტორია დატოვეს და მანქანაში ჩასხდომიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით 3 მეტრის გავლის შემდეგ რუსმა ჯარისკაცმა გამიზნული სროლა დაიწყო:
ეკლესიის ეზოში რომ ავედით, კადრიც კი ნახეთ, რომ კარი გავხსენით, რომ გამოვდიოდით მოვიდა მხოლოდ ერთი რუსი ჯარისკაცი, გამაფრთხილებელი გასროლა გაისროლა პირველივე და მე დავუძახე, რომ არ გინდა სროლა, მოვრიგდეთ. ჩვეულებრივ დაწყნარდა ეს რუსი ჯარისკაცი, ვილაპარაკეთ, კამერა მაქვს ჩართულიო, ამოიღო და ამ დროს, თამაზმაც დაუწყო ლაპარაკი. ჩვეულებრივ, არანაირი აღელვება, არანაირი კონფლიქტი, არაფერი, დაწყნარებულად საუბარი.
დოთიაშვილის თქმით, თავად ნახა დაჭრილი თამაზ გინტური. ის იხსენებს, რომ მანქანიდან თამაზ გინტურის გადმოყვანის შემდეგ, ადგილზე კიდევ 7 რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა, რომლებიდანაც ერთ-ერთმა მას დაარტყა, მიწაზე დააწვინა და ბორკილები დაადო.
“მე დამარტყა ერთ-ერთმა დაუნდობლად, მიწაზე დამაწვინა. ამ პროცესში მე უკვე ბორკილები დამადეს, წამიყვანეს ტყის მიმართულებით და მე თამაზი აღარ მინახავს. გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც”, – აცხადებს დოთიაშვილი და აღნიშნავს, რომ რუსი ჯარისკაცების ამოცნობა უჭირს.
საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომხდარს „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეში თავდასხმა” უწოდა.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებსაც მიმართა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სოფელ კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს “ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე”.
_______________
თამაზ გინტური 11 ნოემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კირბალი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, გორიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. კირბალი ე.წ. ბორდერიზაციის ზონის სოფელია. 2022 წელს რუსებმა აქ ახალი საგუშაგო ააშენეს. ოკუპანტების ქმედებების პროტესტის ნიშნად მაშინ ადგილობრივებმა რუსების მიერ დამონტაჟებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოიპარეს და ჯართში ჩააბარეს.
სოფელი კირბალი საინფორმაციო საშუალებებში ოქტომბრის ბოლოსაც მოხვდა. 25 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლომისას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები გადაადგილდებოდნენ და მონასტრის კარი აჭედეს.
ამ ინფორმაციას გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც თქვა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ კირბალში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის კარის აჭედვა იმიტომ მოხდა, რომ “იქ ვიღაცამ საქართველოს დროშა ააფრიალა.”