უანგარო ქველმოქმედება თუ რეკეტი? ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს ყველა სასტუმროს ყიდულობს
მმართველი გუნდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საკურორტო ქალაქში წყალტუბოში უკლებლივ ყველა სასტუმროს, ბალნეოლოგიური სააბაზანოს და ძველი სანატორიუმის შეძენას აპირებს.
“სახელმწიფოს სჭირდება თანადგომა და ვინაიდან, მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი,” – აღნიშნულია წერილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა.
ივანიშვილი წერს, რომ „ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო წყალტუბოს ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია” მან მიიღო გადაწყვეტილება პირადად ჩაუდგეს სათავეში წყალტუბოს განვითარებას.
“გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება,”- აღნიშნავს ივანიშვილი თავის წერილში.
ივანიშვილი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს. მისი თქმით, ის აპირებს გამოისყიდოს წყალტუბოში არსებული ყველა – ოცდაორივე სასტუმრო, ცხრა სააბაზანო და განავითაროს იქაურობა ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.
• წყალტუბო – მიტოვებული სამოთხე. JAMnews-ის რეპორტაჟი ერთ დროს პოპულარული კურორტიდან
• რატომ იცლება მთა. რეპორტაჟი შატილიდან
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე გაასხვისოს თუკი ასეთი გამოჩნდება.
„ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება, ამავდროულად, მე მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით,” – წერს იგი.
ივანიშვილი ამბობს, რომ წყალტუბოს განვითარების გეგმა უკვე არსებობს და იგი შვეიცარულმა საკონსულტაციო კომპანიამ , „KohL&Partners“-მა შეიმუშავა:
“ამ გეგმის ფარგლებში, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. იმავდროულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში ჩვენი თანამოქალაქეების გადასამზადებლად – რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს, რომელიც წყალტუბოში უახლოეს პერიოდში შეიქმნება, კვალიფიციური კადრები დასჭირდება და ჩვენ მათი მომზადება უნდა უზრუნველვყოთ,” – აღნიშნულია წერილში.
ივანიშვილის გათვლებით, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ იმერეთის რეგიონში დასაქმდება 15-20 ათასი ადამიანი.
წყალტუბო საბჭოთა დროს პოპულარული ბალნეოლოგიური კურორტი იყო, რომელიც თავისი უნიკალური სამკურნალო წყლითა და სტალინური იმპერიისთვის დამახასიათებელი გრანდიოზული და პომპეზური არქიტექტურული ნაგებობებით იყო ცნობილი, ახლა იგი გაპარტახებულია.
კურორტის შუაგულში, 80 ჰა-ზე ცენტრალური პარკია მოწყობილი, სადაც 150-ზე მეტი სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეა გაშენებული. კურორტს ამფითეატრის ფორმა აქვს: 22 დასასვენებელი კომპლექსი ცენტრალურ პარკის ირგვლივ, წრიული პრინციპით აშენდა, თვითონ პარკში კი 9 სააბაზანო მოეწყო.
ერთ ლარად?
ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა რომ ეს წინადადება ბიძინა ივანიშვილზეც გავრცელდეს და მას წყალტუბოს ქონება ერთ ლარად გადაეცეს, მინისტრმა პირდაპირი პასუხი არ გასცა.
მისი თქმით, მას ეს არ უგულისხმია, თუმცა, თურნავამ არც ამის შესაძლებლობა უარყო.
უანგარო ქველმოქმედება თუ რეკეტი?
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თავის ფეისბუკ-გვერდზე დაწერა, რომ „ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი – ჯანმრთელობისა და ტურიზმის ცენტრი“.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელებაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო სექტორმა.
განსხვავებულად უყურებს ამ საკითხს ოპოზიცია.
ივანიშვილის დაპირებას, რომ წყალტუბოს საკუთარი სახსრებით, პირადი მოგების გარეშე აღადგენს, მორიგ ტყუილს უწოდებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე. ,
“ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის მორიგი ტყუილი, მორიგი საარჩევნო დაპირება, რომელსაც დღეს უკვე არავინ „ჭამს“…კაპიკებად შეისყიდის წყალტუბოს და ესეც გაჩერდება ისე, როგორც გაჩერდა თერაპიის ცენტრი, რომელზეც 600 მილიონი ევრო უნდა დახარჯულიყო. ასევე გაჩერდა სოფლის ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელზეც 120 მილიონი უნდა დახარჯულიყო. ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ახლა უნდა იყოს 300 ათასი სტუდენტი ანუ, რაც კი საქართველოში სტუდენტია მისი ნახევარი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილის სურვილი შეიძინოს წყალტუბოში ყველა ობიექტი “არის კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადება და ამის ავტორი არის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი”
ხაზარაძის შეფასებით, ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება, “რომელიც ივანიშვილმა უკვე განახორციელა პროკურატურაში, სასამართლოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში”.
“ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი ნიშნავს სუსტ სახელმწიფოს, სუსტ ეკონომიკას, არაჯანსაღ საინვესტიციო გარემოს, არც ისე შორეულ მომავალში კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას – უკიდურეს სიღარიბესა და ტოტალურ უმუშევრობას”.
ხაზარაძის თქმით, ივანიშვილი ქვეყანაში ქმნის გარემოს, როდესაც ინვესტორები ქვეყნიდან გარბიან და ის თავად არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ქვეყანაში ყველაფრის შეძენა შეუძლია.
“ხომ არ ჯობდა ბიძინა ივანიშვილისთვის მიგვეყიდა სახელმწიფო წიაღისეული, რკინიგზა, ტბები, მდინარეები, ტყეები, შავი ზღვის აკვატორია, ყველა ქონება, რათა მან წარმატებულად დაასრულოს ქვეყნის სრული მისაკუთრება-მიტაცების პროცესი?” – ამბობს ხაზარაძე.
ივანიშვილის წერილს წყალტუბოსთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც აქტიურად ეხმაურებიან.
მწერალი ლაშა ბუღაძე თავის ბლოგში “რადიო თავისუფლებაზე” აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მართვის სტილი სახელმწიფოს და მისი ინსტიტუციების მუდმივი დაკნინებაა, რაც მის წერილშიც გამოიხატა:
” ქვეყნის მთავარმა ქველმოქმედმა და მბრძანებელმა სახელმწიფოს სისუსტეს, სიღარიბესა და უძლურებას გაუსვა ხაზი, რადგან ეს ხედვა ბანალურად ეფექტურ შედეგს იძლევა: სახელმწიფოს იმედად ნუ ხართ, სახელმწიფოს არაფრის თავი აქვს, ჩემ იმედად უნდა იყოთ!”
• Bloomberg-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.37 მილიარდი დოლარია. ამავე წყაროს ცნობით, ბოლო ერთ კვირაში მისი ქონება 20 მილიონი დოლარით გაიზარდა.