საქართველოს საგარეო უწყება უკრაინაში დატყვევებული ქართველების თემას ეხმაურება
უკრაინაში დატყვევებული ქართველები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების, გიორგი გოგოლაძისა და გიორგი ჩუბითიძის რუსეთის მხრიდან ტყვედ აყვანის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, “მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას” და შვეიცარიის კონფედერაციას, “როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს”, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად.
ინფორმაცია ორი ქართველის ტყვედ აყვანის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ნოემბერს გაავრცელა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა ვიდეოც, რომელშიც, სავარაუდოდ, ქართველი ტყვის დაკითხვაა ნაჩვენები. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, ეს არის საქართველოს მოქალაქე, გიორგი გოგლიძე, რომელიც უკრაინის მე-2 “ინტერნაციონალურ ლეგიონში” სნაიპერი იყო.
ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მათ ტყვედ აიყვანეს ამავე ლეგიონის კიდევ ერთი მებრძოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე – გიორგი ჩუბითიძე.
ხელისუფლების რეაქცია
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს რესურსი, იმუშაონ ტყვეების გათავისუფლების ჭრილში. მისივე თქმით, ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინაში შეიძლება იყოს ჩართული რუსულ მხარესთან შესაბამის მოლაპარაკებებში.
“თქვენ გახსოვთ იგივე ბაიდენის, ჯონსონის განცხადებები, ისინი მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ არ წასულიყვნენ მოხალისეებად ომში, იმიტომ რომ შემდეგ შესაბამის ქვეყანას აღარ ექნებოდა რესურსი, რომ ემუშავა შესაბამისი ტყვეების გათავისუფლებაზე ასეთი განვითარების შემთხვევაში.” – აცხადებს კობახიძე.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე განმარტავს, ერთადერთი რაც შეიძლება განიხილოს საქართველომ არის კონსტიტუციური ვალდებულება, რომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე “განურჩევლად ადგილსამყოფლისა და ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო, არის წითელი ჯვარი.”
“ამ ფორმით თუ რამის გაკეთება შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი უწყებები.” – განმარტა ირაკლი კობახიძემ.
“ქართული ოცნების” კიდევ ერთი ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთის მიერ აყვანილ ქართველ ტყვეებზე საუბრისას დაადასტურა კობახიძის სიტყვები და აღნიშნა, რომ ქართული მხარე კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებს მოქალაქეების უფლებების დასაცავად წითელი ჯვრისა და შვეიცარიის საელჩოს ფორმატში, თუმცა “სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით მოქმედებს, ამ შემთხვევაში, უკრაინა”.
მდინარაძის მტკიცებით, მსგავსი პრეცედენტი საქართველოს აქამდე არ ჰქონია და “რთულ მდგომარეობაშია ამ დროს სახელმწიფო” თავის პოზიციასთან დაკავშირებით.
მდინარაძე აღნიშნულ ფაქტს ყოფს ორ ნაწილად:
ერთი – როგორც სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით, ქართული სახელმწიფო ვერ მოქმედებს, იმიტომ, რომ ის არ არის მხარე უშუალოდ ჩართული ამაში და “არც უნდა იყოს და არც იქნება”, შესაბამისად, სამხედრო ტყვეზე სახელმწიფო ვერ რეაგირებს.
მეორე – არსებობს სხვა ფორმატები, მაგალითად წითელი ჯვარი, შვეიცარიული ფორმატი, რადგან ერთადერთი მედიატორი ოკუპანტ მხარესთან “ჩვენ გყავს შვეიცარიის საელჩო” და ეს ორი ძირითადი ფორმატი არსებობს საიმისოდ, რომ ამ ფორმატებში საქართველომ იზრუნოს თავის მოქალაქეზე.
“როგორც მოქალაქეზე, საქართველოს შეუძლია იზრუნოს ამ ფარგლებში და ამ ფორმატში, წითელი ჯვარი, შვეიცარიის საელჩო, როგორც მოქალაქესთან დაკავშირებით თუკი რამე შესაძლებლობა იქნება, ბუნებრივია, ამ შესაძლებლობას გამოიყენებს ბოლომდე ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქესთან მიმართებაში.” – ამბობს მდინარაძე.
● უკრაინა: იქნება თუ არა არჩევნები და არის თუ არა კონფლიქტი ზელენსკის გუნდში. რა სურს არესტოვიჩს? მოსაზრება
● რუსეთმა უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური ძებნილთა სიაში შეიყვანა
● უკრაინის საგარეო უწყება უარყოფს საქართველოში აჯანყების მომზადებაში უკრაინული მხარის ჩართულობას
ქართული ლეგიონის მეთაურის განცხადება
ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ადასტურებს ინფორმაციას რუსეთის ტყვეობაში მყოფ ორ ქართველთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი მათი ლეგიონის წევრები არ არიან.
მამულაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიციიდან გამომდინარე, მათგან რაიმე დიპლომატიურ ნაბიჯს არ ელოდება.
“სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩავარდა ორი ქართველი ტყვედ – წარმომადგენლები იყვნენ რომელიღაც უკრაინული ბატალიონის, ჯერ არ არის გარკვეული, შეიძლება, საერთაშორისო ლეგიონი იყოს. ყოველ შემთხვევაში, ქართულ ლეგიონთან არ ჰქონიათ შეხება ამ ბიჭებს.
ვერ გეტყვით, ზუსტად რა ადგილას, მაგრამ რამდენადაც ვიცი, დონეცკის ოლქში. საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ არიან, მე ასე მგონია, იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ ტყვედ ნამყოფი აფხაზეთში და კარგად ვიცი, რას ნიშნავს რუსეთის ხელში ტყვედ ყოფნა.
როდესაც ვიცით საქართველოს მთავრობის პოზიცია, არ მგონია, რომ რაიმე დიპლომატიური მეთოდი იხმარონ, რათა ეს ტყვეები იყვნენ გადაცვლილები ან დაიცვან საკუთარი მოქალაქეები და საკმაოდ გართულებული იქნება, ჩემი აზრით, სიტუაცია.” – განაცხადა მან “ფორმულასთან” სატელეფონო ჩართვის დროს.