უკრაინა: იქნება თუ არა არჩევნები და არის თუ არა კონფლიქტი ზელენსკის გუნდში. რა სურს არესტოვიჩს? მოსაზრება
არჩევნები უკრაინაში, ზელენსკი, ზალუჟნი, არესტოვიჩი
უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ დისკუსიებში ოთხი თემა დომინირებს:
- უკრაინასა და რუსეთს შორის ომი პოზიციური ხდება, რაც უკრაინისთვის საშიშია. უკრაინას სჭირდება ტექნოლოგიური გარღვევა იმ სფეროებში, სადაც რუსეთის ფედერაციას აქვს უპირატესობა. ეს განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ The Economist-ის პუბლიკაციების სერიაში.
- ცოტა ხნით ადრე, ჟურნალმა TIME გამოაქვეყნა სტატია ვოლოდიმერ ზელენსკის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტს მის წრეშიც კი აღარ აქვს სრული მხარდაჭერა.
- პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა მოუწოდა ზელენსკის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და განაცხადა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.
- შეერთებული შტატები თითქოს უბიძგებს უკრაინას, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები პრინციპით „ტერიტორია მშვიდობის სანაცვლოდ“.
ამ თემებზე კომენტარი უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვლადიმირ ფესენკომ ჟურნალისტ ფარიდა კურბანგალეევასთან საუბარში გააკეთა.
“მხოლოდ ზალუჟნის შეეძლო გაეკრიტიკებინა სამხედრო სტრატეგია, ხალხი ამას სხვისგან არ მიიღებდა“
საიდუმლო არ არის, რომ ზელენსკის ოფისი დიდი ხანია ეჭვიანობს ვალერი ზალუჟნიზე. ისინი მას სრულად ვერ აკონტროლებენ. ამავდროულად, ორივე მხარეს ესმის, რომ პირდაპირი დაპირისპირება საკმაოდ სარისკოა როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისთვის.
ოფისში ხვდებიან, რომ თუ რამეს გააკეთებენ ზალუჟნის წინააღმდეგ, მაგალითად, გაათავისუფლებენ მას მთავარსარდლის თანამდებობიდან, მაშინ საკუთარი ხელით შემოიყვანენ პოლიტიკაში. და ეს მათთვის გაცილებით საშიში გამოწვევა გახდება, ვიდრე ათი არესტოვიჩი ერთად.
▇ უკრაინაში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ზალუჟნის სტატია სასარგებლოა. იმიტომ რომ აშორებს ილუზიებს და რეალობის აღქმას აბრუნებს.
ზალუჟნიმ ჩამოაყალიბა ხუთი პრიორიტეტი. აქედან ოთხი ეხება დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას. ახალი სამხედრო ტექნოლოგიები, რომლებიც საჭიროა ომში ძალთა ბალანსის შესაცვლელად, ძირითადად მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ.
ამიტომ, ეს სტატია ძირითადად დასავლელ პარტნიორებს ეხებოდა და გზავნილი სწორედ მათ მიმართ იყო გაშვებული. ანუ ზალუჟნი ამ სტატიაში მოკავშირეებს ესაუბრებოდა.
მთავარსარდალი გვაძლევს სიგნალს: ”უბრალოდ დახმარება არ არის საკმარისი”, – სტატია არ შეიცავს არც დამარცხების და არც კაპიტულაციის შეგრძნებას. გენერალი უბრალოდ საუბრობს საჭიროებებზე, რომლებიც ბოლომდე არ არის რეალიზებული, რადგან სამხედრო დახმარება მოდის გვიან და შეზღუდული რაოდენობით.
შესაძლოა მხოლოდ ზალუჟნის შეეძლო ასეთი უხეში სიმართლის თქმა სანგრების ომის შესახებ. ნებისმიერი სხვა ადამიანის პირიდან ამოსული იგივე სიტყვები უკიდურესად კრიტიკულად იქნებოდა აღქმული. ეს რომ ზელენსკის ეთქვა, მისი დიდი ხნის კრიტიკოსები პრეზიდენტს მაშინვე დაადანაშაულებდნენ სამშობლოს ღალატში.
ზალუჟნი უკრაინაში უზარმაზარი ნდობით სარგებლობს, მათ შორის მათ შორის, ვინც მხარს უჭერს ზელენსკის, ასევე მათ შორის, ვისაც არ მოსწონს პრეზიდენტი. მაგრამ არ არსებობს პირდაპირი კონკურენცია, მით უმეტეს, საჯარო დაპირისპირება ზალუჟნისა და ზელენსკის შორის.
იმედგაცრუებული, რომ ვერ მოხდა სწრაფი გამარჯვება
უკრაინულ საზოგადოებაში იმედგაცრუება სულ უფრო და უფრო მატულობს. კირილო ბუდანოვი (მთავარი სამხედრო სადაზვერვო სამსახურის უფროსი) და მიხაილო პოდოლიაკი (პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი) საზოგადოებას სწრაფ გამარჯვებას დაჰპირდნენ და თქვეს, რომ ეს 2023 წელს მოხდებოდა. და ეს იყო დიდი შეცდომა. ამან უკრაინულ საზოგადოებაში დიდი მოლოდინი შექმნა.
▇ უკრაინულ საზოგადოებაში შემცირდა ნდობა ხელისუფლებისა და ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ.
ზელენსკის რეიტინგსაც ვარდნა აქვს. მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში, რაზუმკოვის ცენტრის გამოკითხვების მიხედვით, მას ენდობოდა 85%, ახლა კი მას 75% ენდობა.
მაგრამ მაინც: მას ზუსტად ისეთივე მხარდაჭერა აქვს, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ამიტომ, ჯერ არ შეიძლება იმის ითქვას, რომ საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად შეიცვალა.
ამავდროულად, თავად სამხედროები განმარტავენ, რომ რუსებს აქვთ ძალიან ძლიერი თავდაცვა, უზარმაზარი დანაღმული ველები. მაგრამ უკრაინელებს არ აქვთ საკმარისი იარაღი და რაც აქვთ, ისიც გვიან მოდის. ეს გარკვეულწილად ანაზღაურებს საზოგადოებაში იმედგაცრუებას.
არესტოვიჩი და მისი წინადადება რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ
გამოკითხვების თანახმად, უკრაინაში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა მშვიდობისთვის არ უნდა წავიდეს ტერიტორიულ დათმობებზე. ამ ფონზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა წარმოადგინა თავისი სამშვიდობო გეგმა, რომელშიც გამოთქვა აზრი, რომ ახლა არ ღირს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ბრძოლა, არამედ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის დროა.
▇ თუმცა, ახლა, როცა უკრაინა ფრონტზე სერიოზულ პროგრესს ვერ აღწევს და რუსები გათამამდნენ, მას, ვინც მოლაპარაკებების წინადადებით გამოვა, ყველა შანსი აქვს გახდეს “სუსტი რგოლი”.
შეიძლება იყოს მოლაპარაკებები საომარი მოქმედებების დასასრულებლად – ეს, ჩემი აზრით, ყველაზე სავარაუდო სცენარია მომავლისთვის. ამას ჰქვია “გაყინული ომი” – რაც ზელენსკის ნამდვილად არ მოსწონს.
მაგრამ ეს შეიძლება იყოს ომის დასრულების ყველაზე რეალური ვარიანტი, რადგან კომპრომისის მიღწევა, რომელიც ორივე მხარეს მოერგება ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსზე, შეუძლებელია.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა “შეურიგდება” სიტუაციას. უსაფრთხოების გარანტიები რომ გვქონდეს, ნატოში გაწევრიანება აუცილებელია, არესტოვიჩი სწორედ ამისკენ იხრება.
კისინჯერის გეგმა არის იდეა, რომელიც გასათვალისწინებელია. მაგრამ ბევრი ნიუანსია და ეს ნიუანსი ძალიან მნიშვნელოვანია.
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა 2022 წლის დეკემბერში შესთავაზა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტა იმ საზღვრების გასწვრივ, რომელიც არსებობდა რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებამდე 2022 წლის 24 თებერვალს. ზავის შემდეგ კი ყირიმი მოლაპარაკების საგანი გახდება.
„ამავდროულად, უკრაინა უკვე უნდა იყოს დაკავშირებული ნატოსთან; ნეიტრალიტეტს, როგორც ალტერნატივას, აზრი აღარ აქვს“, – წერს კისინჯერი.
მან ასევე შესთავაზა მხარეებს „საერთაშორისო ზედამხედველობითი თვითგამორკვევის რეფერენდუმის ჩატარება განსაკუთრებით სადავო ტერიტორიებზე, რომელთა სტატუსიც საუკუნეების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა.“
როგორ უყურებენ არესტოვიჩს უკრაინაში და რატომ გადაწყვიტა მან ზელენსკის ალტერნატივა გამხდარიყო?
ადამიანების უმეტესობა არესტოვიჩს კრიტიკულად აღიქვამს.
▇ სექტემბრის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, მას არ ენდობა გამოკითხულთა 71%. 15% ნაწილობრივ ენდობა, და მხოლოდ 2% ენდობა მთლიანად.
ის ხედავს, რომ საზოგადოების განწყობა იცვლება და პრეზიდენტის კრიტიკა იზრდება, მათ შორის კორუფციული სკანდალების გამო. ომი უსასრულოდ გრძელდება და ეს ასევე იწვევს ხალხში უკმაყოფილებას. უნდა გამოჩნდეს ვინმე, ვისაც დაადანაშაულებენ იმაში, რომ გამარჯვება ჯერჯერობით ვერ დადგა. ვიღაც კი უბრალოდ ამბობს: “თუ ეს ასეა, მოდით, ამ ომიდან გამოვიდეთ”. და არესტოვიჩმა, როგორც ჩანს, ეს საკუთარი თავის შანსად დაინახა.
მანამდეც კი, როდესაც ის ზელენსკის გუნდში იყო, ბევრი არ აღიქვამდა სერიოზულად, რადგან არესტოვიჩმა არაერთხელ შეცვალა თავისი იდეოლოგიური პოზიცია. ერთი პერიოდი ის კრემლის მთავარ იდეოლოგთან, ალექსანდრ დუგინთანაც კი იყო კავშირში. ის იყო სკაუტი, მსახიობი და პრაქტიკოსი ფსიქოლოგი.
არესტოვიჩს აქვს სკანდალების და კონფლიქტების შექმნის საოცარი უნარი. საკმარისია გავიხსენოთ ის, თუ როგორ ლაპარაკობდა აგრესიულად ქალებზე (არესტოვიჩმა თქვა, რომ ქალები არიან „არსებები“, რომლებიც ჯერ უნდა „გააბრაზოთ“, შემდეგ კი „შეურაცხყოთ“ და „დაახრჩოთ“. მან ასევე თქვა, რომ ქალებმა “კაცს უნდა უყურონ როგორც კერპებს” – JAMnews).
ასე შეიკრიბა ეს 70%, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მოსწონთ ან არ ენდობიან მას.
იქნება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2024 წლის გაზაფხულზე?
ბოლო ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ „ახლა არჩევნების დრო არ არის“, მაგრამ ამავდროულად პირდაპირ არ უთქვამს, რომ არ იქნება. ის, რა თქმა უნდა, უსმენს გამოკითხვის მონაცემებს და უკრაინელების უმრავლესობა – ორი მესამედან 70%-მდე – წინააღმდეგია ომის დროს არჩევნების ჩატარების.
▇ არჩევნების გამო არსებობს საზოგადოების გახლეჩის რისკი და სახიფათოა ასევე პოლიტიკურად დაძაბვა შიდა სიტუაციის, როდესაც ვართ გარე მტერთან ომში.
თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდება, ან თუ საზოგადოების განწყობა შეიცვლება, შესაძლოა ეს თემა კვლავ წამოიჭრას.
მაგრამ, ჯერჯერობით, დიდი ალბათობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ არჩევნები 2024 წლის მარტში ჩატარდება.
„საიმონ შუსტერი შეცდა, როცა TIME-ში ზელენსკის დასავლეთზე გაბრაზებული მარტოხელა პოლიტიკოსი უწოდა”
როდესაც პრეზიდენტის სპიკერს იგორ ჟოვკვას ჰკითხეს, იყო თუ არა კონფლიქტი ზელენსკის და მის გარემოცვას შორის, მან მოკლედ უპასუხა: ”ეს სისულელეა”.
მე ვფიქრობ, რომ საიმონ შუსტერმა ზედმეტად მოახდინა სტუაციის დრამატიზება. შესაძლოა ზელენსკის მიმართ სიმპათიის გამოწვევის მცდელობითაც კი ეჩვენებინა, თუ რამდენად რთული დროა ახლა მისთვის.
▇ მე პირადად ვიცნობ უამრავ ადამიანს ზელენსკის გუნდში, მაგრამ არ ვიცნობ არავის, ვინც ასე ფიქრობს: „არა, ჩვენ ომი წავაგეთ, რუსეთს უნდა შევეგუოთ“.
მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკისთან დაახლოებულ კონსულტანტებს შორის ალბათ მიმდინარეობს დისკუსია, რომ რიტორიკაში ასეთი კატეგორიულები არ უნდა ვიყოთ, და რომ არ შეიძლება ლაპარაკი მხოლოდ გამარჯვებაზე და მაგალითად იმაზე, რომ “ჩვენ მთლიანად გავათავისუფლებთ ყველა ტერიტორიას” – რეალისტები უნდა ვიყოთ. უნდა ვთქვათ, რომ ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია, მაგრამ არა დაუყოვნებლივ.
რაც შეეხება ზელენსკის რეაქციას დასავლეთის შეცდომებზე, მე ამას დავარქმევ არა ბრაზს, არამედ გაღიზიანებას. ზელენსკი ემოციური ადამიანია და ხანდახან ეს აფერხებს მას. მაგრამ რაციონალურად, თავად ზელენსკის და მის ირგვლივ ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენ დასავლეთზე ვართ დამოკიდებულები და მასთან კონფლიქტი არ შეიძლება.
▇ მაგრამ დასავლეთის მიმართ ტაქტიკა უნდა შეიცვალოს. ფრონტალური შეტევა, ზეწოლა, დახმარების მოთხოვნა აღარ მუშაობს.
“ზელენსკის ფენომენის” შესახებ
რა არის ზელენსკის ფენომენი? ის აშკარად არ იყო მზად იმ როლისთვის, რომელიც ბედმა არგუნა. მაგრამ მან სწრაფად აუღო ალღო ყველაფერს. მისი დიდი უპირატესობა მისი ნებაა. მას ხანდახან გამოცდილება აკლია, მაგრამ აქვს ნება.
მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, ომის წინ ოლიგარქ მედვედჩუკის პრორუსული ტელეარხების დახურვა. რუსეთის შემოტევის დროს მათ რომ ემაუწყებლათ, ეს კატასტროფა იქნებოდა.
▇ ომმა ზელენსკი “თავიდან დაბადა“. მან დაიწყო სრულიად განსხვავებულად მოქმედება, ის სრულიად სხვა ადამიანი გახდა, რასაც მისგან არავინ ელოდა.
ომის წინა დღეს ადამიანებმა, ვინც მას პირადად იცნობდნენ, მითხრეს, რომ “ზელენსკი
გაიქცევა, ის სუსტია“. მაგრამ ის სულ სხვანაირად მოიქცა. მან გამოიჩინა როგორც ძლიერი ნება, ასევე პირადი გამბედაობა და ვაჟკაცობა. მან საოცარი გამბედაობის მაგალითი მისცა უკრაინელებს.
„კრემლმა აშკარად ჩაიფიქრა, რომ გააგრძელოს ომი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე”
NBC News იუწყება, რომ „ამჟამინდელმა და ყოფილმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა“ დაიწყეს „სენსიტიურ მოლაპარაკებები“ უკრაინის ხელმძღვანელობასთან ომის დასასრულებლის შესახებ. ეს, სავარაუდოდ, ხდება აშშ-ის შეშფოთების ფონზე, რომ უკრაინაში ომი ჩიხში შევიდა.
აწარმოებენ თუ არა „ყოფილი ჩინოვნიკები“ მოლაპარაკებებს? ეს არის საუკეთესო შემთხვევაში პირადი ინიციატივები, ჭორები და ინფორმაციის გაჟონვა, სადაც კონკრეტული სახელი ან ფაქტი არ არის ნახსენები. ეს ყველაფერი დიდი სკეპტიციზმით უნდა იქნას განხილული.
ასევე ღირს რუსეთის სათქმელის მოსმენაც. აი, მაგალითად, კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის რეაქცია ზალუჟნის აღნიშნულ სტატიაზე: „რუსეთი ყველა მიზანს მიღწევს“.
▇ რუსეთის ფედერაცია არ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას. უფრო მეტიც, კრემლმა ნათლად დასახა კურსი, რომ ომის გახანგრძლივდეს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
მშვიდობიანი მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან მოხდება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ორივე მხარე მზად იქნება ამისთვის. ამ დროისთვის არც უკრაინა და არც რუსეთი არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის. ბუჩას და ირპენის შემდეგ შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურა. და ჯერჯერობით კიდევ დიდი ხანი დახურული რჩება.