პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება. რა იცვლება
საქართველოს მოქალაქეობის მიღების პირობები
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა გამარტივდა. ცვლილებებს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ 5 და მეტი წლის განმავლობაში, მიეცემათ შესაძლებლობა, საამისოდ დადგენილი სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა.
რას გულისხმობს გამარტივებული პირობები
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა. უწყების განცხადებით, ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს “საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას”.
კერძოდ:
● 10-დან 5 წლამდე შემცირდა საქართველოში უწყვეტად ცხოვრების ხანგრძლივობა.
● 1 წლიდან 6 თვემდე შემცირდა საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა.
● ძალაში დარჩა საქართველოს მოქალაქეობის მიღებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების გამოცდის ჩაბარების ვალდებულება.
● საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს – არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს.
● გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, ახალი კანონით, პირს უფლება ეძლევა გამოცდა შეუზღუდავად გადააბაროს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტის შედეგები ძალაში 1 წლის განმავლობაში დარჩება.
● როგორ მივიღოთ საქართველოს მოქალაქეობა. დეტალური გიდი მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის
● TI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1300 კომპანიას არეგისტრირებენ
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
მოქალაქეობის მინიჭების რა ფორმები არსებობს
მოქალაქეობა გულისხმობს სამართლებრივ კავშირს პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის.
ეს კავშირი მოქალაქეს ანიჭებს პიროვნული თავისუფლების, ღირსეული ცხოვრების, განათლების, არჩევნებში მონაწილეობის, მინიმალური შემოსავლის მიღების უფლებებს. მაგრამ, ამავდროულად გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებს, მაგალითად, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვას.
საქართველოს მოქალაქეობის მოიპოვება ორი გზით: დაბადებითა და ნატურალიზაციით.
დაბადებით მოპოვება, ცხადია, მარტივი გზაა. ადამიანი დაბადებიდანვე ითვლება საქართველოს მოქალაქედ, თუ:
- დაიბადა საქართველოში და მისი ერთი მშობელი მაინც არის საქართველოს მოქალაქე;
- დაიბადა საქართველოში სუროგაციით და მისი იურიდიული მშობლები არ ცნობენ თავისი ქვეყნის მოქალაქედ;
- დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ორივე მშობელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირია. (ეს სტატუსი ოფიციალურად უნდა ჰქონდეთ მშობლებს მინიჭებული)
- დაიბადა საქართველოში, მისი ერთი მშობელი არის მოქალაქეობის არმქონე და მეორე მშობლის ვინაობა უცნობია.
ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭება ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავის მოქალაქეობას ანიჭებს უცხოელს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს. ასეთმა პირმა სახელმწიფოს თავად უნდა მიმართოს, მოქალაქეობის მიღება მისი სურვილი უნდა იყოს.
რას ამბობს სტატისტიკა?
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, ოთხ წელიწადში, 2018-2022 წლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭებაზე 13 644 დადებითი და 7 360 უარყოფითი დასკვნა გაუგზავნა. აქედან პრეზიდენტმა 13 575 პირს უთხრა დასტური ანუ, 69 პირზე, რომელსაც სააგენტომ მოქალაქეობის რეკომენდაცია გაუწია, პრეზიდენტმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.
მათგან, ვინც დადებითი დასკვნა მიიღო, 5 111-ს მოქალაქეობა აღუდგა, 8 464-მა კი საგამონაკლისო წესით მიიღო საქართველოს მოქალაქეობა (ე.წ. ორმაგი მოქალაქეობა).
და, ამ უკანასკნელებს შორის, 72 პროცენტი (6 ათასზე მეტი ადამიანი), რუსეთის მოქალაქე იყო.
იუსტიციის მინისტრის განმარტება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება მივიღეთ, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც გადაწყვეტილებას მიიღებენ იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ, ეს პროცედურები შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად გაუმარტივდეთ.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე, შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დრო და რესურსი დაიზოგება.
წარუმატებლობის შემთხვევაში, პირს უფლება ექნება, გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად. იმ შემთხვევაში, თუ მას დადებითი შედეგი ექნება, ეს ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება.
ასევე, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება.”