პრეზიდენტმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა. რა იცვლება?
თავდაცვის ახალი კოდექსი
საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა. პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხარვეზების მიუხედავად, კანონი აწესრიგებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას. კერძოდ, ამიერიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც პრეზიდენტის მრჩევლის შეფასებით, “შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს”.
დავით თევზაძის განმარტებით, დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებაში, ძირითადად, საყარაულო ჯიხურებში უწევდათ.
თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 21 სექტემბერს მიიღო. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ნორმებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებასა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის შექმნას.
მთავრობაში ამბობენ, რომ კანონპროექტი ფინურ-ესტონურ მოდელს ეფუძნება.
რა იცვლება სამხედრო კოდექსში
● პირველ რიგში, შეიცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის, რომელსაც ახალი კოდექსით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ერქმევა, ხანგრძლივობა. თუ სავალდებულო ჯარი აქამდე 12 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ახლა მას დიფერენცირებული ვადები ექნება: 6 თვე – საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის, 8 თვე – დაცვის და უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის, 11 თვე – უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისთვის.
● წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. შესაბამისად, გაწვეულებს აღარ მოუწევთ ვალდებულების მოხდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებზე. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ეს ცვლილება 2025 წელს ამოქმედდება.
● წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. ეს ბოლო დეტალი, რომ გაწვევის მართვა არა სამინისტროს, არამედ ხელისუფლების ხელში იქნება, კოდექსში, რომელშიც ძირითადი მოვალეობები სწორედ თავდაცვის უწყებას აბარია.
● “ტოტალური თავდაცვის” პრინციპს ეფუძნება, სამხედრო სამსახურის სახეები იყოფა შემდეგნაირად: რეგულარული სამხედრო სამსახური (რომელიც ჩაშლილია პროფესიულ სამხედრო სამსახურად და წვევამდელ ეროვნულ სამხედრო სამსახურად) და თავდაცვის ძალების რეზერვი (დაყოფილი აქტიურ და სამობილიზაციო რეზერვებად).
● ცვლილება შეეცდება, რომ რეზერვი დაკომპლექტდეს პირებისგან, რომელთაც სამხედრო სამსახური გავლილი ექნებათ. რეზერვში ჩაირიცხებიან 18-დან 60 წლამდე პირები. 18 წლის შესრულებასთან ერთად, პირი ჩარიცხული იქნება მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში
● ამასთან, სიახლის მიხედვით, პირს, რომელსაც შეუსრულდება 18 წელი, ჩაირიცხება მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში. მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, 27 წლის ასაკის მიღწევამდე არ იხსნება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის აღრიცხვიდან და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას.
● გაწვევის სისტემასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გადავადების შესაძლებლობის გაძვირებაა. თუ, ახლანდელი კანონმდებლობით, 18-დან 25 წლამდე (გაწვევა 27 წლამდეა, თუმცა 25-ს გადაცილებულებს ფასიანი გადავადება არ შეეძლოთ) მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის 18 თვით გადასავადებლად 2 000 ლარის გადახდა შეუძლიათ, რისი უფლებაც ორჯერ ჰქონდათ, ახალი კოდექსის მიღების შემდეგ მათ 10 000 ლარის გადახდა მოუწევთ, შესაძლებლობა კი მხოლოდ ერთხელ ექნებათ.
● ახალი თავდაცვის კოდექსი ცდილობს წვევამდელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს უკეთესი პირობები და სარგებლები შესთავაზოს, პარალელურად კი ერთ-ერთ მიზნად სამართლებრივი ხვრელების გაქრობას ისახავს.
● აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი ფიქტიური “რელიგიური ორგანიზაციების” შესაძლებლობა დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას – საუბარია პარტია “გირჩის” მიერ შექმნილ ბიბლიურ თავისუფლებაზე, რომლის სასულიერო პირის სერტიფიკატის დახმარებითაც ზოგიერთი ახალგაზრდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებდა.
● სამხედრო გაწვევა – სამშობლოს დასაცავად თუ უფასო ყარაულებად?
● კომენტარი: სამშობლო წმინდა სიტყვაა, მაგრამ მისი ჯარი – არა. ქართული პატრიოტიზმის თავისებურებები
● ახალქალაქი: ცხოვრება რუსული ბაზის შემდეგ
7-8 მარტს უცხოური გავლენის აგენტის კანონპროექტთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების შემდეგ, როდესაც მთავრობამ კანონის მიღება გადაიფიქრა, გადაიფიქრეს თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ერთ-ერთი აჟიოტაჟის გამომწვევი ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც სტუდენტის სტატუსი პირს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში აღარ დაეხმარებოდა და მათ შემთხვევითი პრინციპით გაიწვევდნენ.
ამის ნაცვლად, 23 წლამდე სტუდენტებს შეეძლებათ ნებაყოფლობით გაიარონ წვევამდელთა სამხედრო სამსახური ისე, რომ ვადა 4 წელზე, არდადეგებზე გადაანაწილონ, ან აკადემიური წელი აიღონ.
ახალი კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები ცდილობს წვევამდელებსა და ჯარისკაცებს დამატებითი სარგებელი მიანიჭოს, რაც იმაზეა გათვლილი, რომ გადავადების ან არიდების სურვილი ნაკლებად არსებობდეს. მაგრამ ექსპერტები კითხულობენ: რამდენად საკმარისად იქნება გათვალისწინებული კეთილდღეობა იმისთვის, რომ მოქალაქეებს მოტივაცია გაეზარდოთ.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, სამხედრო მოსამსახურე სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ისარგებლებს რკინიგზითა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით, ასევე სამხედრო მოსამსახურე გადაიხდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და დასუფთავების მომსახურების საფასურის 50%-ს, ხოლო დანარჩენი 50% ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ყოველწლიური ბიუჯეტიდან.
იგეგმება წვევამდელთათვის ანაზღაურების გაზრდაც, ასევე, ახალი კოდექსით, გაწვეულ პირებს სამუშაო ადგილი, დაწესებულების სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ.
იცვლება სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დაღუპვის შემთხვევაში გაწეული ანაზღაურებაც. ამჟამინდელი კანონით, დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე 7 000 ლარს იღებს, ახალი კანონით კი 20 000-მდე გაიზრდება. დაღუპვის შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა ახლა 15 000 ლარია, ინიციირებული კოდექსით კი 30 000-მდე გაიზრდება.
უცვლელი რჩება საომარი მდგომარეობის დროს დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში 2013 წელს დაწესებული 100 000-ლარიანი ერთჯერადი დახმარება.
● ახალი კოდექსი: სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნის
● ქართულ-პოლონური საწარმოს დრონებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს
კომენტარი
როგორც პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში ამბობს, ასევე დამაფიქრებელია, რომ თავდაცვის კოდექსში ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისთვის.
“საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი. და ბოლოს, ეროვნული თავდაცვის საბჭოს, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი არ ესატყვისება იმ მოცემულობას, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას.” – განაცხადა დავით თევზაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
“ევროპული საქართველო” პარლამენტის მიერ თავდაცვის კოდექსის მიღებას 21 სექტემბერს გამოეხმაურა.
„ქართული ოცნების მიერ „თავდაცვის კოდექსში“ მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებები არღვევს მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპს, არის დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური“, – ვკითხულობთ მათ განცხადებაში.
პარტიის ხედვით, არასწორია კანონის წინაშე უთანასწორო მიდგომა რელიგიური და არარელიგიური მრწამსის მიმართაც (მაგ. პაციფიზმი).
მოქალაქეს რელიგიური თუ არარელიგიური მრწამსი არ უნდა ათავისუფლებდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, თუ ქვეყანაში არსებობს სავალდებულო სამსახურის სისტემა.
“თუ ქვეყანას აქვს სავალდებულო გაწვევა, ის თანასწორად უნდა ეხებოდეს ყველა მოქალაქეს.
ეს მიდგომა დაგვაზღვევს, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ თუ სახელმწიფო ინსტიტუტმა ვერ შეძლოს რელიგიური ინსტიტუტების შინაარსის განხილვაში შესვლა და სპეკულირება იმაზე, თუ რომელია „ნამდვილი“ ან „ფიქციური“ რელიგიური ორგანიზაცია.” – განმარტავენ “ევროპულ საქართველოში.”
პარტია “გირჩის“ დეპუტატები „თავდაცვის კოდექსის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ და სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალ მოდელს „მონობის დაკანონებად“ თვლიან.
„ჩვენი მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება. ჩვენი გვინდა, რომ ჯარი იყოს პროფესიონალური. დღეს, ქართულ ჯარში 30 ათასი პროფესიონალი ჯარისკაცია და დაახლოებით 4 ათასი ახალწვეული სჭირდებათ წელიწადში. 30 ათასი გყავს ჯარში და 5 ათას კაცს დასდევ იძულებით. არაფერ კავშირში არ არის „თავდაცვის კოდექსი“ თავდაცვის გაძლიერებასთან. რომ ამბობენ „თავდაცვის გაძლიერებაო“, თვითონ ეცინებათ.” – ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “გირჩის” კიდევ ერთი წევრი სანდრო რაქვიაშვილიც. მისი თქმით, პრეზიდენტი და მთელი მისი ადმინისტრაცია უკიდურესად არაკომპეტენტურები არიან, თუმცა, “სამწუხაროდ”, ეს წინასწარ დაგეგმილი, ოცნებასთან შეთანხმებული თამაშის ნაწილია.
“დღეს, საპარლამენტო უმრავლესობამ მესამე მოსმენით მიიღო პირწმინდად არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციული ახალი ,,თავდაცვის კოდექსი”, რომელიც ცალსახად არღვევს საქართველოში
არადომინანტური რელიგიური უმცირესობების კონსტიტუციურ უფლებებს, რაც დაუშვებელია!
ესენია:
1. დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით;
2. აღმსარებლობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების იძულება;
3. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა;
4. რელიგიის თავისუფლებისათვის საფრთხის შემცველი ტერმინოლოგია.” – ამბობს შორენა ლობჟანიძე, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი.
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ვერ იტყვის, არის თუ არა თავდაცვის კოდექსი დისკრიმინაციული.
როგორც იოსელიანი ამბობს, სახალხო დამცველის აპარატს ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია შემთხვევა, როცა მართლმადიდებელი პირი სამხედრო სამსახურის გადასავადებლად კონკორდანტით სარგებლობს.
„ჯარის საკითხთან დაკავშირებით ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერჯერობით ვერ დავინახეთ, ვინმე კონკორდატით გათვალისწინებული პრივილეგიით იმდაგვარად სარგებლობს ან საერთოდ სარგებლობს.
ჩვენ გამოვითხოვეთ ამაზე ინფორმაცია და კონკორდატით გათვალისწინებული ჩანაწერით სარგებლობის ფაქტები პრაქტიკულად არ არის. ამიტომ ჩვენ სამომავლოდ დავაკვირდებით, ახალი კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები რა შედეგს გამოიღებს და თუ დავინახავთ რაიმე ტიპის დისკრიმინაციას, ბუნებრივია, ეს ჩვენი მანდატის ნაწილია და გვექნება შესაბამისი რეაგირება.
ჯერჯერობით, დღემდე ასეთი გამოვლენილი ფაქტი, რომ რომელიმე მართლმადიდებელ სასულიერო პირს კონკორდატის ჩანაწერით დისკრიმინაციულად ესარგებლა, ასეთი არ დაფქსირებულა სახალხო დამცველის აპარატში.“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.