პოლიციამ 14 წლის გოგოს მკვლელობისთვის ძებნილი ე.წ. ქმარი დააკავა
14 წლის გოგოს მკვლელობა
კახეთში, სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების მსხვერპლის, 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. ქმარი, 27 წლის ასიმ ასლანოვი დააკავეს.
როგორც დაღუპულის დედა ჰყვება, მისი შვილი გაიტაცეს ქორწინების მიზნით და კაცი ოჯახს მოკვლით ემუქრებოდა, თუ მის წაყვანას მოინდომებდნენ. მისივე თქმით, გოგოს არ სურდა იძულებით ქორწინება, რის გამოც მოკლეს.
შსს აცხადებს, რომ საქმე “ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე” აღიძრა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა150-ე პრიმა მუხლით. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
● მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში, არასრულწლოვანი დაზარალებულად სექსუალური ძალადობის 75 საქმეზე ცნეს
● სტრასბურგის სასამართლომ ფემიციდის საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან დარღვევა დაადგინა
● “მშობლებმა არ იციან როგორ ელაპარაკონ შვილებს”. ანიმაციური გმირები სექსუალური განათლებისთვის
რა მოხდა სოფელ ლამბალოში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯის მკვლელობის ამბავი 6 ოქტომბერს, საღამოს გავრცელდა.
მეორე დღეს, აითაჯის დედამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 27 წლის კაცმა მისი შვილი, ქორწინების მოტივით, ორი თვის წინ დმანისის სოფლიდან, „საძოვრებიდან გაიტაცა“, კახეთში, სოფელ ლამბალოში წაიყვანა, ბავშვს კაცთან დარჩენა არ სურდა და მისგან თავის დაღწევას ცდილობდა.
მოკლული აითაჯის დედა ამბობს, რომ შვილის წამოსაყვანად ვერ მიდიოდა, რადგან კაცი მასაც მოკვლით ემუქრებოდა:
„არ მოგვეშვა, წინ და უკან იარა. ერთ დღეს ბავშვი ხბოს მოსაყვანად წასულა, მე არაფერი ვიცოდი. ჩასაფრებული ყოფილა. მანქანაში ჩაუტენია. ჩემს შვილს გაქცევა სდომებია, ტირილი აუტეხავს. მას მანქანაში გაუწვენია და წიხლები ურტყამს, უგინებია. იქ რომ მიიყვანა, კიდევ უცდია ბავშვს გაქცევა. ბაღში დაუჭერია, ყელზე თოკი გამოუბამს და ასე თრევით წაუყვანია სახლში… მე არ გამიტანებია. ვუთხარი, ჯერ ამის დრო არ არის-მეთქი, 17-18 წლის რომ გახდება, მერე გეტყვი პასუხს-მეთქი. ვითხოვ, რომ ეს ადამიანი მოკვდეს ან სამუდამო მისცენ, ან მე მოვკლავ ტყვიით.” – ამბობს აითაჯის დედა.
აითაჯის გატაცებისა და შემდეგ მკვლელობის ამბავს ყველა სხვადასხვაგვარად ჰყვება. მაგალითად, გოგოს ოჯახის ახლობელი, ხალილ ომაროვი, “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ გოგოს ოჯახმა გამტაცებელს პოლიციაში იმიტომ არ უჩივლა, რომ „გოგომ უთხრა დედას, რომ ბიჭი უყვარდა და ვრჩები, არ იჩივლოთო… ჩვენც რას ვიზამდით, ამიტომ არ მივმართეთ პოლიციას“.
თავად დაკავებულის მამის, ადალათ ასლანოვის თქმით, 14 წლის არასრულწლოვანს და მის შვილს „კარგი ურთიერთობა ჰქონდათ“. მკვლელობის დღეს რა მოხდა, არ იცის.
„გოგო დანიშნული იყო და ეს მისი მშობლების თანხმობით მოხდა“ – ამბობს ადალათ ასლანოვი.
სოფელ ლამბალოში ამბობენ, რომ 14 წლის აითაჯმა 6 ოქტომბერს, სახლიდან გაქცევა კიდევ ერთხელ და უკანასკნელად, გამტაცებლის ბიძაშვილის საქორწინო სამზადისის დროს სცადა. თანასოფლელების თქმით, სწორედ მაშინ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღი კაცმა არასრულწლოვან გოგოს, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.