“იარე ლიზა”- რას ჰყვება ახალი ქართული კინო აფხაზეთის ომზე და რატომ მოჰყვა მას ასეთი მძაფრი რეაქცია
იარე ლიზა
საქართველოს კინოთეატრებში აფხაზეთის ომზე გადაღებული ახალი მხატვრული ფილმის “იარე ლიზა” საპრემიერო ჩვენება დაიწყო. ფილმი ცდილობს ომის მონაწილე მხარეების სიმართლე აჩვენოს. “თუ არ ვაღიარეთ და არ მოვინანიეთ, ვერაფერს დავიბრუნებთ” – ეს არის ფილმის სათქმელი.
ფილმს დიდი საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა.
მაყურებლის ნაწილმა ის გააკრიტიკა. ისინი მიიჩნევენ, რომ ფილმში საქართველო დამნაშავედ არის გამოყვანილი და ქართველ ჯარისკაცების სისასტიკეს უსვამს ხაზს, შეურაცხყოფს ომის გმირების ხსოვნას.
- 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე. ქართველები ტოვებენ აფხაზეთს. ფოტოარქივი
- აფხაზეთის ომი. როგორ დაიწყო და განვითარდა კონფლიქტი – ქრონოლოგია
- ინტერვიუ გურამ ოდიშარიასთან: აფხაზი ქართულ და ქართველი აფხაზურ კულტურაში
ფილმი გააიგივეს რუსულ პროპაგანდასთან და უწოდეს რუსული სპეცპროექტი. დააკავშირეს “ქართულ ოცნებასთან”, რომლის დაფინანსებულიც არის ფილმის გადაღებები და თქვეს, რომ ამ ფილმის მიზანი იყო აფხაზეთის ომის რუსული ვერსიის გამყარება.
განსაკუთრებით მძაფრი იყო აფხაზეთიდან დევნილების ემოცია და შეფასებები. მათმა ნაწილმა მტკივნეულად მიიღო მესიჯი, ბოდიშის მოხდა აფხაზებისთვის.
მსხვერპლი არ იხდის ბოდიშს. ვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში, ვინც სახლებიდან გამოგვყარა? – ეს კითხვა ისმის ბოდიშის თემაზე დაწყებულ დისკუსიებში.
აუდიტორიის ნაწილმა კი ფილმი ჩათვალა თამამ მცდელობად – დაიწყოს ომის გადააზრება, უცნობი სიმართლის აღიარება, ტრანსფორმაცია, ისე, როგორც ეს ფილმის მთავარ გმირში ხდება.
რას ჰყვება ფილმი
“თითქოს ყველაფერი ვიცოდი ამ ომზე, მაგრამ, აფხაზის დაწერილი სილის გარტყმასავით იყო”, – ამბობს ფილმის მთავარი გმირი, ჟურნალისტი ქალი, რომელიც ომში რეპორტიორად მუშაობდა. ახლა ის ცნობილი ტელეწამყვანია, მაგრამ ომის გამოცდილება მძიმე ტრავმად მიჰყვება.
ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც 27 სექტემბერს აქვს, პირდაპირ ეთერში აფხაზი მეომარი რეკავს. ეს ზარი ლიზასთვის გარდამტეხი აღმოჩნდება. მთავარ გმირში შინაგანი კონფლიქტი იწყება. ლიზა ტრანსფორმაციას იწყებს, მანქანაში ჯდება და გრძელ გზას ადგება ისე, რომ არ იცის, სად მიდის.
ფილმის სცენარი ომის რეპორტიორის გამოცდილებას ეფუძნება. ლია ტოკლიკიშვილი, სცენარის ავტორი, აფხაზეთის ომს საქართველოს ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი გაზეთისთვის აშუქებდა. “7 დღე” ასე ერქვა გაზეთს. ფილმის რეჟისორი, ნანა ჯანელიძე ამბობს, რომ ფილმის იდეა ლია ტოკლიკიშვილს ეკუთვნის.
ფილმში გამოყენებულია ქართულ-აფხაზური ომის მონაწილეების და მოწმეების, ქართველი და აფხაზი მწერლების, სასულიერო პირების მონათხრობი და დღიურები.
ომის სურათები ფილმში ანიმაციითაა გაცოცხლებული. ფილმზე ქართველი და უკრაინელი ანიმატორები მუშაობდნენ. რეჟისორის თქმით, ომის მონაწილეების მონათხრობი იმდენად შემზარავი იყო, კადრებით მათი ჩვენება შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ გადაწყდა ანიმაციის გამოყენება.
„იარე, ლიზა“ – საქართველოს და ბულგარეთის კოპროდუქციაა. ფილმი გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ფილმი დაახლოებით 1.7 მლნ ლარი დაჯდა. შემოქმედებითი ჯგუფი ფილმზე 11 წელიწადი მუშაობდა.
რა რეაქციები მოჰყვა ფილმს
ფილმის გამოსვლა ქართულ კინოთეატრებში რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს დაემთხვა: ომს უკრაინაში, რომლის შემდეგაც საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების გადააზრება დაიწყო. აფხაზეთის ომის 30 წლისთავს. და, ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც საზოგადოების ნაწილში გააცოცხლა აფხაზეთის სამხედრო გზით დაბრუნების თემა.
ფილმის ჩვენება განსხვავებულ ფორმატში მიმდინარეობს, დასრულების შემდეგ ფილმის ავტორთან დისკუსიები იმართება. ერთ-ერთ ჩვენებას, 27 სექტემბერს, აფხაზეთის დაცემის დღეს, კინოთეატრ “ამირანში” მაყურებლების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.
“მოღალატეობრივი”, “რუსული პროპაგანდის ნიმუში”, “ქართველების შეურაცხმყოფელი” – ასეთი ტერმინებით ახასიათებდნენ ფილმს ისინი, ვინც ფილმის ნახვის შემდეგ გაბრაზდნენ.
ისენი აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ და რეჟისორთან შეხვედრას ითხოვდნენ.
დისკუსია, რომელიც იმ დღეს უნდა გამართულიყო, ვერ შედგა.
How to Share With Just FriendsHow to share with just friends.
Posted by Facebook on Friday, December 5, 2014
‘სამწუხაროდ, ეს ფილმი, რომელიც წულუკიანის ბრძანებით დაფინანსდა, რუსული პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია”, – დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პატიმარმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ ფილმით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება აფხაზეთის დაკარგვას შეაგუოს.
ფილმს გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. “ამირანში” მომხდარი ხმაურის კადრები მან რეჟისორ ნანა ჯანელიძეზე, რომელიც მისი მაკრიტიკებელია, ნიშნისმოგებისთვის გამოიყენა. მინისტრმა დაწერა, რომ “ფილმი ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან”:
“ბევრი წელი დავახარჯეთ ბევრმა ადამიანმა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეთქვა სიმართლე – რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები ოკუპანტმა მოკლა და ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა, და რომ აფხაზეთი საქართველოა!!! ამ დროს, მე იუსტიციაში ვმუშაობდი, თქვენ კი ამ ფილმს იღებდით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ფილმი საპირისპიროს არ ამბობს იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენს სიმართლეზე”, – დაწერა კულტურის მინისტრმა.
მოგვიანებით სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმით და თარიღების დაკონკრეტებით თქვა, რომ ეს ფილმი თეა წულუკიანის მინისტრობის დროს არ დაფინანსებულა.
ბევრმა მინისტრის განცხადება ღია ცენზურად აღიქვა.
რის გამო გააკრიტიკეს ფილმი
“ხშირად შარვალი გვისველდებოდა, ამ დროს წამალი გშველის… როცა მიხვდნენ ამას, მოგვაყარეს და მოგვაყარეს წამალი… ჩვენ გმირები არ ვიყავით…” – ეუბნება ერთ-ერთ სცენაში ლიზას მისი ქმარი მიშა, რომელიც თავადაც იბრძოდა ომში. ამ სიტყვებს უძღვის მისი სიტყვები, რომ საქართველოდან “კიროჩნის ბულკზე” გაზრდილ ბიჭებს უკრეს თავი ნამდვილ ომში, “გრადების სისინში”.
ამ ფილმით ქართველი ჯარისკაცები მაროდიორებად არიან გამოყვანილი, ქართული სახელმწიფო კი მკვლელი, ნაძირალა და მოღალატე გამოდის – ამბობენ ისინი, ვინც ფილმზე ძალიან გაბრაზდა.
ისინი ამბობენ, რომ ფილმში აქცენტი უფრო მეტად ქართველების დანაშაულებზეა, ვიდრე აფხაზების. წარმოჩენილია ისე, თითქოს აფხაზები იცავდნენ სამშობლოს მომხდური ქართველებისგან, ქალებს იცავდნენ და კაცებს კლავდნენ, ქართველებისთვის კი ეს მხოლოდ ტერიტორია იყო. დავობენ ფაქტების სიზუსტეზეც.
ამბობენ, რომ საერთაშორისო დონეზე ეს ფილმი შეიძლება აღიქვან ისე, რომ ქართველები და აფხაზები ხოცავდნენ ერთმანეთს და რა შუაშია რუსეთი.
“ეს არ არის მხოლოდ მხატვრული ფილმი, ის დოკუმენტურ ხასიათსაც ატარებს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია მოყვანილი ფაქტები იყოს ზუსტი”, – ამბობს ჟურნალისტი ვახო სანაია. ის აფხაზეთიდან დევნილია.
ვახო სანაიას ფილმთან ორი პრეტენზია აქვს: ფაქტების სიზუსტის და მომხდარის გათანაბრების. მისი თქმით, აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდა არ უნდა გათანაბრდეს ერთეული ქართველი ჯარისკაცის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულთან.
“ქართველი, რომელსაც შესაძლოა იქ რამე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. მაგრამ, საერთაშორისო სამართალი არის ჩვენს მხარეს, ეთნიკური წმენდის საკითხი არის საერთაშორისო დოკუმენტებში. ეთნიკური წმენდის ნაწილი არის ის საკითხი, რომელმაც დევნილები უნდა დააბრუნოს თავიანთ სახლებში”. და, როდესაც ასეთ თემატიკაზე კეთდება ფილმი, ეს უნდა იყოს გამოკვეთილი”, – ამბობს იგი.
კრიტიკის კიდევ ერთი ხაზი გადის ფილმის ლაიტმოტივზე, რომ აფხაზებთან ბოდიშია მოსახდელი. ამ ნაწილზე კრიტიკა ყველაზე ემოციურია.
“ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ბოდიშს სად იხდის?! მე ასეთი პრეცედენტი არ ვიცი”, – ამბობს ვახო სანაია.
ამას ამბობდნენ ის ადამიანებიც, ვინც ფილმის ჩვენების მერე ღიად გამოხატა პროტესტი კინოთეატრის დარბაზში.
“აფხაზეთში მოხდა გენოციდი, ეთნოწმენდა და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე დადებული იყო. და, ამ ფონზე იმაზე საუბარი, რომ ჩვენც რაღაც დავაშავეთ და ჩვენც ბოდიში გვაქვს მოსახდელი, მიამიტობაა. მეც მაპატიე რომ ვთქვა, ჯერ მერ უნდა მთხოვონ პატიება იმ ეთნოწმენდისთვის, რომელიც მოხდა აფხაზეთში”, – ასეთია სამოქალაქო ორგანიზაცია “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებლის ზაზა ბიბილაშვილის მოსაზრება.
აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდის მსგავსი კამპანია საქართველოში ერთხელ უკვე იყო. 2016 წელს ახალგაზრდების ჯგუფმა სოციალურ ქსელში წამოიწყო კამპანია “მშიბზია”. (მშიბზია აფხაზური სიტყვაა და ქართულად გამარჯობას, დღე მშვიდობისას ნიშნავს). კამპანიის მონაწილეები ან საკუთარ ფოტოზე, ან პლაკატზე წერდნენ “მშიბზია” და ამ ფოტოს ტვირთავდნენ ინტერნეტში. ინიციატორებს უნდოდათ 8 ათასი მისალმება შეეგროვებინათ, იმდენი, რამდენი დღეც იყო გასული მას შემდეგ, რაც დანარჩენი საქართველო აფხაზეთს არ მისალმებია.
ამ აქციას აფხაზეთიდან პოზიტიური სიგნალები არ მოჰყოლია.
“ჩემთვის ბოდიში არ არის აუცილებელი კომპონენტი, მე არ ვარ მისი მომხრე, მაგრამ არც წინააღმდეგი”, – ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც ზოგადად, ფილმი ძალიან მოსწონს. მისი თქმით, ბოდიში უნდა იყოს პოლიტიკური აქცია:
“ქართულ-აფხაზური შერიგება იმ დონეზე უნდა მივიდეს, რომ მხარეები მიხვდნენ, რომ ახლა კარგი იქნება, თუ ბოდიშს მოვიხდით. ბოდიში უნდა იყოს მაშინ, როცა მივხდებით, რომ მისი არმოხდით წინ ვერ მივდივართ და მისი მოხდით წინ წავალთ”.
ჯერ ბოდიშის საკითხი არ დგას დღის წესრიგში – ამაზე თანხმდება თითქმის ყველა, ფილმის მაკრიტიკებელიც და მომწონებელიც.
“ყალბი პათეტიკა მგონია ფილმებში ეს ბოდიში. ეს საკითხი ახლა საერთოდ არ დგას, სხვა რეალობაა, სხვა გზები არსებობს შერიგებისთვის. ის გზა რომლითაც ლიზა მიდის, არსად არ მიგვიყვანს, მთავარი გზა სინამდვილეში უფრო რთულია და ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული”, – ამბობს ვახო სანაია.
რა არგუმენტები აქვთ მათ, ვისაც ფილმი მოეწონა
ფილმით “იარე ლიზა” საქართველოში დაბრუნდა აფხაზეთის თემაზე დისკუსია და ეს მისასალმებელია – ამაზე თითქმის ყველა თანხმდება, მიუხედავად იმისა, მოეწონა ფილმი თუ არა.
“ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენი ინფორმაცია, რა მოხდა აფხაზეთში და ეს ინფორმაცია ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს ფილმი აიძულებს ყველას, ვისაც აინტერესებს რა მოხდა აფხაზეთში, ხელახლა ჩაუღრმავდეს და გაიაზროს. ამისთვის დიდი მადლობა სახელმწიფოს [შეგახსენებთ, ფილმი სახელმწიფოს დაფინანსებულია_JAmnews]”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
მისი აზრით, ასეთ ფილმს დონორების მოძიება არ გაუჭირდებოდა, მაგრამ, ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ დააფინანსა, ნიშნავს, რომ ის მზად არის დისკუსიისთვის, მზად არის დაიწყოს მსჯელობა მტკივნეულ საკითხებზე.
ფილმის პრემიერების შემდეგ, დავის ერთი საგანი არის ისიც, ვინ იყო ამ ომის მხარე. ბევრი წერს, რომ მეორე მხარე იყო რუსეთი და ფილმში ეს არ ჩანს.
პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ იმ ადამიანების ნაწილისთვის, ვინც ფილმს აკრიტიკებს, ზღვარი ძალიან ზედაპირზე გადის – ქართულ -აფხაზური თუ ქართულ-რუსული კონფლიქტი. სინამდვილეში კი, ასე არაა, რადგან “კონფლიქტს არ აქვს ერთი დონე”:
“დიახ, ნომერ პირველი და ძირითადი არის რუსეთის იმპერიალისტური ომი თავის მეზობლებთან. ეს ომი იკვებება ამა თუ იმ სამეზობლოში არსებული პრობლემებით. ეს უნდა გავიაზროთ. მეორე დონე არის შიდა პრობლემები, ქართულ – აფხაზური, ქართულ – ოსური. მესამე – ეს არის ქართულ-ქართული კონფლიქტი, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ფილმზე რეაგირებისას. და, მეოთხე – ადამიანს შიგნით კონფლიქტი. ამ ფილმის მთელი სიდიადე და ღირსება არის ის, რომ მან წარმოაჩინა ადამიანის შიდა კონფლიქტი”.
“ეს ფილმი კონფლიქტების იმ განზომილებებზე გვაფიქრებს, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო იდევნება განხილვებიდან”, – ამბობს “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, რომლის თქმით, მხოლოდ რუსული ფაქტორით ამ კონფლიქტის ახსნა, არ პასუხობს ყველა პრობლემას:
“სამშვიდობო საკითხებზე მომუშავე აქტორები ვაღიარებთ რუსეთის მძიმე გავლენას, თუმცა, ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია შიდა ეთნო-პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობა, აფხაზების პერსპექტივების მოსმენა, მათთან დიალოგი და შეცდომების აღიარება. სამწუხაროდ, პოლიტიკური აქტორები ამ განზომილებას მხედველობაში არ იღებენ, მიაჩნიათ რომ აფხაზები საერთოდ არ უნდა დავინახოთ როგორც კონფლიქტის მხარე, მათ მოვიხსენიებთ როგორც მარიონეტებს, სეპარატისტებს, პროპაგანდის მსხვერპლებს, ამიტომ მათთან საუბრის, მათი ინტერესების გათვალისწინების და საერთო დღის წესრიგის შექმნის დასაბუთებულობას ვერ ხედავენ”.
რა აჩვენა ფილმმა?
“როგორც მოსალოდნელი იყო, სოხუმის დაცემის ოცდამეათე წლისთავზე მორიგმა ისტერიკამ წაგვლეკა. აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის ნებისმიერი თამამი იდეა ღალატად (ან მინიმუმ მკრეხელობად) ცხადდება. ასე იქნება მანამ სანამ ქართულ საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდება კონსენსუსი აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში და რამდენიმე ძირეულ საკითხზე არ შევთანხმდებით”, – ამბობს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე.
თამთა მიქელაძის აზრით, ფილმზე რეაქციები აჩვენებს, რომ საზოგადოება არ არის მზად კონფლიქტების თემაზე მრავალი პერსპექტივიდან იმსჯელოს, განსხვავებული მოსაზრებები მოისმინოს და შეთანხმდეს დიალოგის გზით.
მისივე თქმით, დიალოგს სჭირდება მომზადება არქივების გახსნა, მონაცემების დამუშავება, დიალოგის შენება ჯერ პროფესიულ, პოლიტიკურ, სამოქალაქო ორგანიზებულ ჯგუფებს შორის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის განწყობებისა და ხედვების გულდასმით დამუშავება, მათი შემოყვანა დიალოგში. სახელმწიფოს კი არცერთი სამუშაო არ ჩაუტარებია.
“ამ ფილმმა კიდევ ერთხელ გააძლიერა შიდა განზომილებებზე მსჯელობა, სივრცე შექმნა, და მნიშვნელოვანი დისკუსიები წაახალისა. მე ვფიქრობ რომ ფილმმა მიზანს მიაღწია. ავტორმა იცოდა რას აკეთებდა”, – ამბობს თამთა მიქელაძე
“ფილმზე მუშაობისას ვფიქრობდი, რომ „იარე ლიზა“ კამათს, აზრთა სხვადასხვაობას, ხმაურს გამოიწვევდა. სწორედ ეს არის ამ ფილმის მისია – მივიწყებული და ანესთეზირებული ტკივილის გაღვიძება, ფიქრი, კამათი და გამოსავლის ერთად(!) ძიება”, – დაწერა ფილმის პრემიერიდან ერთი კვირის თავზე სოციალურ ქსელში რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ.
იგი წერს, რომ აუცილებელია მომხდარის გაანალიზება: “არ უნდა შევუშინდეთ საკუთარ შეცდომებს, საკუთარი თავის შეფასებას, პირველი ნაბიჯის გადადგმას და ბოდიშის მოხდას. სხვანაირად ჩვენ, როგორც ერი, ქვეყანა, სახელმწიფო ვერ განვაგრძობთ ცხოვრებას, ეს დუმილი უკან დაგვწევს, წინსვლის საშუალებას არ მოგვცემს… ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ და მაშინ შეიძლება აფხაზებსაც ეყოთ გამბედაობა, თავისი თქვან”.
რეჟისორი წერს, რომ ფილმმა “იარე ლიზა“ ახალი სიმძაფრე შესძინა აფხაზეთის თემას – “აღმოჩნდა, რომ ის ყველას აწუხებს, თუმცა რეალური გააზრება, გეგმა ამ თემის გადაწყვეტისა არავის აქვს: არც ხელოვანს, არც პოლიტიკოსს”.
“ფილმის არსებობა არის მნიშვნელოვანი, ის შედგა, ის გამოვიდა და ის ვეღარ გაქრება. თუ გაუგებ ამ ფილმს ბევრ რამეს მიიღებ”, – დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
იარე ლიზა