მოსაზრება: რატომ გახარია?
ალბათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არც ერთი მთავრობის დამტკიცებას არ მოჰყოლია საზოგადოებაში ისეთი აჟიოტაჟი, როგორიც გიორგი გახარიას მთავრობის დამტკიცებას მოჰყვა.
ამ ემოციების ფონზე ცივი და ობიექტური ანალიზის გაკეთება რთულია, თუმცა მაინც ვცადოთ გავარკვიოთ, რატომ არ მოსწონთ ან რატომ მოსწონთ გიორგი გახარია?
ყოფილ შს მინისტრს მთავარ მინუსად უთვლიან იმას, რომ ის „რუსების კაცია“ და რომ იგი 20 ივნისის ღამის მთავარი დამნაშავეა. მის პლიუსად ასახელებენ იმას, რომ გახარია კარგი მენეჯერია.
დასაწყისისათვის სწორედ ამ მინუსებსა და პლიუსებში გავერკვეთ.
„რუსეთის კაცი“
საუბრები იმაზე, რომ გახარია „რუსეთის კაცია“ ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული მტკიცებულებით არ დასტურდება.
ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ გახარიას ბიოგრაფიაზე და ამბობენ, რომ მისი ბიოგრაფიისთვის თვალის გადავლებაც საკმარისია ამის აღმოსაჩენად, რომ იგი „რუსეთის კაცია“.
• გახარია – ახალი პრემიერი. რას ნიშნავს ეს? შეფასებები
• ბიძინა ივანიშვილი: გიორგი გახარია მაგარი კაცია
• პრემიერობის კანდიდატი ოპოზიციას: “მე თქვენ დაგასრულებთ”
• რას აპირებს ღარიბაშვილი? თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის მთავარი ინიციატივები
თუმცა, ეს მეტად არასერიოზული არგუმენტია. მოსკოვში სწავლა და მოსკოვში მუშაობა კომპრომატი ნამდვილად არ არის და ასე რომ იყოს, მაშინ დღევანდელი ოპოზიციის ლიდერთა დიდი ნაწილიც „რუსეთის კაცებად“ თუ „რუსეთის ქალებად“ უნდა გამოვაცხადოთ.
მოკლედ, ეს ბრალდება სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ბრძოლისა და პროპაგანდის ნაწილი.
გახარია და 20 ივნისი
ამ ბრალდებას ვერაფერს მოუხერხებ.
მართალია, სხვადასხვა წყაროები იმასაც ამბობენ, გახარიამ უბრალოდ თავის თავზე აიღო მიტინგის დაშლის პასუხისმგებლობა, სინამდვილეში სხვები არიან პასუხისმგებელიო, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. [ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ მიტინგის დაშლის ბრძანება ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა_JAMnews].
[toggle title=”გავრილოვის ღამე“] 20 ივნისს სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა პარლამენტის წინ შეკრებილი ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, კომუნისტი სერგეი გავრილოვის სტუმრობას აპროტესტებდნენ. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, ორმა დაკარგა თვალი. ხელისუფლების მტკიცებით, ამგვარად მათ სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეს. მიტინგის დაშლის შემდეგ თითქმის სამი თვეა პარლამენტთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, სადაც შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. თუმცა, გადაყენების ნაცვლად, ქვეყნის არაფორმალურმა ლიდერმა და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. პარლამენტმა გახარიას გასულ კვირას ნდობა გამოუცხადა[/toggle]
მთავარი ისაა, რომ შს მინისტრი გახარია იყო და საზოგადოების დიდი ნაწილი 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ ლეგიტიმურად მიიჩნევს სწორედ მას.
მით უმეტეს, თუკი სხვისი სურვილით მოქმედებდა და შემდეგ საკუთარ თავზე აიღო ყველაფერი, ესეც ხომ მისი არჩევანია.
გახარია – კარგი მენეჯერი
ესეც სადაო საკითხია. საქმე იმაშია, რომ „ქართული ოცნების“ (ძირითადად) ნაკლებად კომპეტენტური და გაუბედავი გუნდის ფონზე გახარია მართლაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.
თუმცა, ამავე დროს, შს მინისტრად მუშაობის დროს მას რამდენიმე სერიოზული ჩავარდა ჰქონდა. მაგალითისთვის იკმარებს იგივე 20 ივნისი ან პანკისიდან პოლიციის სპეცრაზმის გამოძევება.
[toggle title=”პანკისის სპეცოპერაცია”]აპრილში პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმი და საპოლიციო ძალები შეიყვანა. ადგილობრივმა მოსახლეობამ პოლიციელებს ქვები დაუშინა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პანკისელებმა პოლიციის მანქანა დაწვეს და ათეულობით სამართალდამცავს ფიზიკურად გაუსწორდნენ.[/toggle]
მოკლედ, ჯამში შეიძლება დავასკვნათ, რომ გახარია არც ისეთი მონსტრია, მაგრამ ამავე დროს არც ისეთი ძლიერი მენეჯერია.
რატომ გახარია?
პასუხი მარტივია. მისი დანიშვნა ძირითადად იმით აიხსნება, რომ ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ მასზე უკეთესი არავინ ჰყავს.
ივანიშვილი კი, სრულიად ცხადია, რომ არსად წასვლას არ აპირებს.
მას მესამე ვადით სურს ხელისუფლებაში დარჩენა, რაც საქართველოში აქამდე არავის გამოუვიდა.
არ გამოუვიდა მსოფლიო სახელის პოლიტიკოსს ედუარდ შევარდნაძეს და არ გამოუვიდა რეგიონული მასშტაბის პოლიტიკოსსა და რეფორმატორს მიხეილ სააკაშვილს.
ამიტომაც, 2020 წლის მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად თავისი საუკეთესო კადრი დანიშნა, რომელიც წინამორბედებისგან განსხვავებით, ბევრად ხისტი, აგრესიული და თავდაჯერებულია.
თავდაჯერებულობაში ძირითადად იგულისხმება აგრესია ოპოზიციის მიმართ, რითიც არ გამოირჩეოდა წინა ორი პრემიერი – კვირიკაშვილი და ბახტაძე.
გახარიამ კარგად იცის, რას მოელიან მისგან, ამიტომ გასულ კვირას, პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატებთან შეხვედრის დროს, იგი მათ დაპირდა, რომ მალე „დაასრულებდა“.
პრემიერად გახარიას შერჩევისას ასევე მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო მენეჯმენტში მისი წარმატებებიც.
წინა ორი არჩევნების დროს ამ მიმართულებით გახარიამ შს მინისტრის ამპლუაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი.
ჯერ საპრეზიდენტო არჩევნების და შემდეგ ზუგდიდში ადგილობრივი არჩევნების დროს ის პირადად კურირებდა საარჩევნო პროცესს ხელისუფლებისთვის საკმაოდ რთულ რეგიონში, სამეგრელოში, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
ტრადიციულად, საქართველოში არჩევნების ბედზე გაცილებით დიდ გავლენას სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრი ახდენს და არა პრემიერი, მაგრამ ივანიშვილი ალბათ ვარაუდობს, რომ გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საარჩევნო მენეჯმენტის სისტემა უკვე საკმაოდ კარგად ააწყო, ამიტომ ამ პოსტზე კიდევ უფრო ერთგული კადრი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და მანამდე მისი პირადი დაცვის უფროსი ვახტანგ გომელაური დანიშნა.
ხოლო, თავდაცვის უწყებაში, ლევან იზორიას ნაცვლად, რომლის მინისტრობის დროსაც სამთავრობო კანდიდატები ჯარში არჩევნებს პირწმინდად აგებდნენ, ივანიშვილმა ასევე ოპოზიციის მიმართ სიხისტით გამორჩეული ყოფილი პრემიერი, მისი ერთგული კადრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიშნა.
ამ კონფიგურაციით ხვდება „ქართული ოცნება“ საარჩევნო წელს.
ამ მთავრობისგან და მისი მეთაურისგან ივანიშვილი მხოლოდ არჩევნების მოგებას ითხოვს.
ეკონომიკა – ყველაზე სუსტი რგოლი
განსხვავებით შს მინისტრისგან და თავდაცვის მინისტრისგან, გახარიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირების გარდა, ასევე ეკონომიკურ პრობლემებზე მოუწევს პასუხისმგებლობის აღება.
ეკონომიკა კი, „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი ჩავარდნაა, რომელზეც ოპოზიცია ალბათ არასაკმარისად აპელირებს, რადგან დიდ დროს ხარჯავს ისეთ სპეკულაციურ თემაზე როგორიცაა ივანიშვილისა და მისი მთავრობის „პრორუსულობა“.
ლარის გაუფასურება, ეკონომიკის მეტისმეტად ნელი ზრდის ტემპი, მთელი რიგი მსხვილი პროექტების ჩავარდნა – ძნელი წარმოსადგენია ყველაფერ ამას გახარიამ ერთ წელიწადში მიხედოს.
ეს ივანიშვილმაც იცის და ამას, სავარაუდოდ, არც მოელის.
მთავარი, რაც გახარიას და მის მთავრობას მოეთხოვება, არჩევნების მოგებაა.
ივანიშვილი 2020 წელსაც ძველი სცენარით აპირებს მოქმედებას – „ნაციონალური მოძრაობისგან“ მტრის ხატის შექმნისა და მასთან ბრძოლის სცენარით.
ამ სცენარმა გაამართლა 2016 და 2018 წლებში. ეკონომიკურად უკეთესი სიტუაცია არც მაშინ ყოფილა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ნაწილობრივ გაყალბებისა და ადმინისტრაციული რესურსის, ნაწილობრივ კი „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფითი რეიტინგის ხარჯზე.
ასე რომ, ივანიშვილისთვის, რომელიც გადამწყვეტ ბრძოლაში შედის, გახარიას საარჩევნო უნარები მეტისმეტად მნიშვნელოვანია, საიმისოდ, რომ ანგარიში გაუწიოს საზოგადოებას, რომელიც 20 ივნისის შემდეგ გახარიას გადადგომას ითხოვს.
ავტორი: თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი