პრემიერობის კანდიდატი ოპოზიციას: "მე თქვენ დაგასრულებთ"
„მინდა გითხრათ, რომ არსად წასვლას მე არ ვაპირებ – მე თქვენ დაგასრულებთ,”- ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, რომელიც დღეს პარლამენტში ოპოზიციას ხვდებოდა.
ოპოზიციისა და პრემიერობის კანდიდატის დიალოგი ვერ შედგა და შეხვედრა საბოლოოდ ჩაიშალა.
სხდომა მუსიკალური კლიპით დაიწყო, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდ ეკრანზე გაუშვა. ეს იყო ვიდეო რგოლი, რომელიც სპეცრაზმის მიერ 20 ივნისის მიტინგის დარბევას ასახავდა. კადრებს ფონად გასდევდა სიმღერა, რომელიც ახალგაზრდებმა შს მინისტრის წინააღმდეგ დაწერეს.
„როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია,“ – ისმის სიმღერაში, რომელიც ყველას “გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
კლიპის ჩვენებისას დარბაზში პრემიერობის კანდიდატთან ერთად მისი მომავალი მთავრობის წევრები, მინისტრობის კანდიდატებიც იმყოფებოდნენ.
ჟურნალისტების კამერების ამ მომეტნში სწორედ მათი სახეებისკენ იყო მიმართული. ფეისბუკზე განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მინისტრობის კანდიდატების ნაწილი იღიმოდა, როდესაც ეკრანზე დარბევის კადრებს აჩვენებდნენ.
• რას აპირებს ღარიბაშვილი? თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის მთავარი ინიციატივები
• გახარია – ახალი პრემიერი. რას ნიშნავს ეს? შეფასებები
პარლამენტში ნაციონალებმა გახარიას მომავალ მთავრობას "გახარიას უხარია" ჩაურთეს
პარლამენტში ნაციონალებმა გახარიას მომავალ მთავრობას "გახარიას უხარია" ჩაურთეს
Posted by NEWS.On.ge on პარასკევი, 06 სექტემბერი, 2019
კლიპის ჩვენების შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობის” დეპუტატებმა გახარიას კითხვები დაუსვეს.
მთავარი თემა 20 ივნისის სპეცოპერაცია იყო, მთავარი კითხვა – თუ ვინ გასცა ბრძანება მშვიდობიანი მომიტინგეები დაეშალათ.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გახარიას “მკვლელი” და “ჯალათი” უწოდეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ყოფილ შს მინისტრს ზუგდიდელი სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეც შეახსენა.
[toggle title=”ია კერზაიას საქმე”] ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის დეკემბერში ინსულტით გარდაიცვალა. ინსულტის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე კერზაიამ საჯაროდ განაცხადა, რომ მას საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვდნენ, უარის მიღების შემდეგ კი, მის სკოლაში შემოწმებაზე განათლების სამინისტროს ინსპექცია შევიდა. კერზაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ კერზაიას გარდაცვალების მიზეზი მასზე განხორციელებული ზეწოლა იყო. [/toggle]
გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს უთხრა, რომ ისინი ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია არიან და 2020 წელს დარჩებიან ქუჩაში.
„ის, რაც ახლა აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე – ტყუილი, სიცრუე, ადამიანებზე მოდელირებული რეალობით ზემოქმედება. ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, არამედ ამას თქვენ დღესაც აკეთებთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს ხალხი ყოველ დღე სიმართლის მეშვეობით ვამხილოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ .
პარალელურად ხმაური იყო პარლამენტის შენობის გარეთ, სადაც საპროტესტო აქცია “სირცხვილიას” წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები. ზოგ მათგანს ჰქონდა პარლამენტის საშვი, თუმცა პოლიცია მათ შენობაში არ უშვებდა.
დარბაზში მყოფი ოპოზიცია მოქალაქეების შენობაში შეშვებას ითხოვდა. უარის მიღების შემდეგ დეპუტატებმა სხდომა ჩაშალეს და დარბაზი დატოვეს.