რა შუაშია კრემლი? რატომ გადადგა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და რატომ გადაიფიქრა შემდეგ
ინალ არძინბას გადადგომა
აფხაზეთში ჯემნიუსის რედაქტორის, ინალ ხაშიგის ანალიზი
ინალ არძინბამ ყველას დააჯერა, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ პოსტზე რჩება. ამ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სამუშაოდ კრემლის ადმინისტრაციაში ბრუნდებოდა.
მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ჭორი, ისევე როგორც თავად ინალ არძინბას გადადგომა, უბრალოდ მზაკვრული გეგმის ნაწილი იყო, რომელიც ჩაიშალა.
“კრემლის წარსული”
თავდაპირველად, ძალიან ამბიციური ინალ არძინბასთვის, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტი, რომელიც მან 2021 წლის ნოემბერში დაიკავა, მხოლოდ შესაძლებლობა იყო მისი კარიერული გზისთვის.
ერთ დროს ძალიან ახალგაზრდა აფხაზი ინალ არძინბა – რუსეთის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის კურსდამთავრებული – მაშინდელმა ყოვლისშემძლე ვლადისლავ სურკოვმა კრემლის ადმინისტრაციაში წაიყვანა.
მისი ფრთის ქვეშ, მოკლე დროში, ინალ არძინბამ თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა, ავიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ს ქვეყნებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე. ხელმძღვანელობდა უკრაინის მიმართულებას.
- რატომ ცდილობს აფხაზეთის ხელისუფლება ოპოზიციის გარდაქმნას არასამთავრობო ორგანიზაციებად? მოსაზრება
- „თუ კორუფციის წინააღმდეგი ვარ, ანტირუსული ელემენტი ვარ? – აფხაზეთში ხელისუფლების ბრალდებებს უპირისპირდებიან
- “საფრთხე ხალხისთვის და სტალინიზმის პროპაგანდა“ – მოსაზრება აფხაზეთის საგარეო უწყებაზე
მან სახელი გაიკეთა უკრაინულ თემაზე, რომელიც მოგვიანებით ყველა არსებული სანქციების სიაში მოხვდა. და ამავე დროს, თავად კრემლში, ისევ უკრაინის გამო, ისიც სამარცხვინოდ ჩავარდა თავის კურატორ სურკოვთან ერთად.
ზოგადად, გრანდიოზული დაწყების შემდეგ, ახალგაზრდა აფხაზის კარიერა რუსეთში ისევე მოულოდნელად დასრულდა. მშობლიური აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის შეთავაზება კი ერთგვარი სამაშველო რგოლი აღმოჩნდა, რომელზედაც შესაძლებელი იყო წარსულის გადახედვა და მომავალზე ფიქრი.
რისი გაკეთება შეუძლია როგორც მინისტრი?
რა თქმა უნდა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო აღიარებს, აშკარად არ იყო მისი ოცნებების ზღვარი. მაგრამ აქაც მას შეეძლო სარგებლობის მოტნა. მინიმუმ, კრემლის დაკარგული ნდობის აღდგენა.
და ამის პარალელურად შესაძლებელი იყო აფხაზეთის პრეზიდენტი გამხდარიყო (რაზეც ასე თუ ისე ყველა აფხაზი პოლიტიკოსი ოცნებობს). მაგრამ ეს ამოცანა უფრო რთული აღმოჩნდა: მხოლოდ კრემლის ნდობა არ არის საკმარისი, საჭიროა ადგილობრივი ელიტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
ინალ არძინბას, რა თქმა უნდა, ეს ესმოდა. მაგრამ ის მაშინვე არ ერწყმოდა ელიტებს – იყო ძალიან დიდი კონკურენცია და გარდა ამისა, ისინი არ აღიქვამდნენ მას, როგორც “თავიანთს”.
და ის ნამდვილად არ ცდილობდა მოეწონებინა მათთვის თავი. ეყრდნობოდა საზოგადოების მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ მას ჰქონდა მასებთანმუშაობის გარკვეული უნარები.
შედეგად, მისი პიროვნების პოპულარიზაცია და სახელმწიფო მოღვაწის იმიჯის შექმნა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, მისი მთავარი ამოცანა გახდა.
არძინბამ ეს დავალება ენთუზიაზმითა და ფანტაზიით იკისრა.
მას შეეძლო, მაგალითად, პომპეზურად მოეწყო აფხაზურ-რუსული ეკონომიკური ფორუმი მთავრობასთან კოორდინაციის გარეშე და თავად აფხაზი ეკონომისტების მონაწილეობის გარეშე.
ხანდახან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერის, განათლების, ინფორმაციისა და პროპაგანდის მინისტრის ფუნქციებს იკავებდა. ის ჩართული იყო კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, კულტურაში და ხანდახან „ანაცვლებდა“ რუსეთის ელჩს აფხაზეთში.
მაგრამ ყველა ამ ინიციატივას დიდი შედეგი არ მოჰყოლია. საზოგადოების ნდობის რეიტინგი, თუ არ შემცირდა, რა თქმა უნდა – არ გაიზარდა.
ფოკუსი ვერ გასწორდა
გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობიდან ათავისუფლებდა თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჟანსუხ ნანბას, რადგან მან ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მისიას ბინების შესახებ სკანდალური კანონპროექტის პოპულარიზაციაში.
ამის შემდეგ მალევე, 1 სექტემბერს, ინალ არძინბა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს იკრიბებს და მათ ემშვიდობება.
მომდევნო შაბათ-კვირას, ერთ-ერთმა უკრაინულმა ტელეგრამის არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არძინბამ თანამდებობა დატოვა, რადგან სამუშაოდ კრემლში ბრუნდებოდა.
შემდეგ ამ ამბებს რუსული და აფხაზური მედია ავრცელებს.
ხოლო 5 სექტემბერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ „ინალ არძინბას სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“.
ამ უარყოფამდე ნახევარი საათით ადრე გამოქვეყნდა პრეზიდენტ ბჟანიას განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად აბესალომ კვარჩიას დანიშვნის შესახებ.
არა მგონია ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს. დიდი ალბათობით, ინალ არძინბამ გადაწყვიტა გამოეყენებინა ასეთი მრავალსაფეხურიანი კომბინაცია.
შესაძლოა, „კრემლში სამუშაოდ გადასვლის“ ასეთი თაღლითობის შემდეგ, ინალ არძინბასთვის სწორედ ამ კრემლისკენ მიმავალი გზა საბოლოოდ დაიკეტება. მოსკოვს აშკარად არ მოსწონს ასეთი ხრიკები.
ეს ნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა მისთვის გახდება ის ადგილი, რომელსაც იგი ბოლომდე ჩაეჭიდება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო