კვირაზე მეტია საქართველო-რუსეთის საზღვართან 6 უკრაინელი ცხოვრობს: საქართველო მათ არ უშვებს, რუსეთში შესვლის ეშინიათ
უკრაინელები ლარსზე
“ნოვაია გაზეტა ევროპას” მასალის მიხედვით
16-17 აგვისტოს ღამეს ქართველმა მესაზღვრეებმა ექვსი უკრაინელი არ შეუშვეს საქართველოში. თითოეულ მათგანს ქვეყანაში შესვლაზე ოფიციალური უარი ეთქვა და ეს „სხვა მიზეზებით“ აეხსნათ.
ექვსიდან ხუთი ყოფილი პატიმარია ხერსონის ოლქიდან, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა უკანდახევის დროს რუსეთში წაიყვანეს სასჯელის მოსახდელად. და ერთიც უკრაინელია, რომელიც რუსეთში შევიდა და ფილტრაციის ბანაკში აღმოჩნდა, ახლა კი გაათავისუფლეს და ქვეყნიდან გასვლას ცდილობს.
როგორც “ნოვაია გაზეტა ევროპა” წერს, მაშინ როდესაც უფლებადამცველები ცდილობენ ორი ქვეყნის საზღვრებს შორის, ბუფერულ ზონაში ჩარჩენილი მამაკაცები გაათავისუფლონ, რუსეთის უსაფრთხოების ძალები ამ უკრაინელების გატაცებას ცდილობენ.
მამაკაცები ოთხ დღეზე მეტია ბუფერულ ზონაში იმყოფებიან, მათ საქართველოში არ უშვებენ და ისინი კატეგორიულ უარს ამბობენ რუსეთში დაბრუნებაზე, განუცხადა ჟურნალისტებს ხერსონის პატიმრებს დახმარების ორგანიზაცია Unmode-ის ხელმძღვანელმა აიდანა ფედოსიკმა.
ფედოსიკის თქმით, ეს პირველად მოხდა: ადრე საქართველო უკრაინელებს ყოველთვის უშვებდა, რათა აქედან სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.
ზემო ლარსში ჩარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის დედა ჟურნალისტებს უყვება, რომ 22 აგვისტოს საღამოს, რუსეთის უშიშროების ძალები ბუფერულ ზონაში შევიდნენ და ექვსიდან ერთ-ერთის წაყვანა სცადეს:
”მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა მათ წინააღმდეგობნა გაუწიეს, ხმაურზე ქართველი მესაზღვრეები მოვიდნენ და მათაც დაიცვეს ჩვენები. ისინი დაეხმარნენ ბიჭებს და უთხრეს, რომ უფრო ახლოს გაჩერებულიყვნენ ქართულ საგუშაგოსთან, სადაც რუს მესაზღვრეებს არ უშვებენ”.
ამ ინციდენტს ადასტურებს აიდანა ფედოსიკი:
„რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სამოქალაქო მანქანით მივიდნენ უკრაინელებთან. ერთ-ერთი უკრაინელის მანქანაში შეთრევა სცადეს, დანარჩენებმა კი ამის საშუალება არ მისცეს. დასახმარებლად ქართველი მესაზღვრეები გამოიქცნენ. ახლა ისინი მალავენ ყველა ბიჭს თავიანთ ტერმინალში.”
საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილ უკრაინელების დასახმარებლად ტელეგრამ არხებზე სხვადასხვა პოსტები იწერება:
„საქართველოს საზღვარზე ექვსი უკრაინელია ჩარჩენილი, საქართველო მათ არ უშვებს. იქნებ ვინმე ბრუნდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში და არ სჭირდება ქართული სიმ ბარათი – გთხოვთ აჩუქოთ ეს ბარათი ბიჭებს, რომ მათთან კავშირი შევძლოთ. ისინი იძულებულნი არიან რუსეთის საზღვრის ტერმინალამდე ირბინონ ხოლმე, რომ კავშირი დაიჭირონ. მათ ასევე სჭირდებათ თბილი ტანსაცმელი და საკვები, წყალი და სიგარეტი”.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, მამაკაცებს ქუჩაში სძინავთ. ღამით იქ ცივა – 11 გრადუსი სითბოა, დღისით კი დამღლელი ცხელი მზე ანათებს.
ფედოსიკის თქმით, ყოფილ პატიმრებს შორის არის აივ ინფიცირებული პირი. მას უკვე ოთხი დღეა, რაც საჭირო მედიკამენტები დაუმთავრდა. ყოველდღიურად მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა შესამჩნევად უარესდება.
2022 წლის შემოდგომაზე, რუსეთმა, რომელიც ოკუპირებული ხერსონიდან უკან იხევდა, ოლქიდან ათასზე მეტი მსჯავრდებული გაიყვანა. უმეტეს შემთხვევაში, ეს ადამიანები შემდეგ იგზავნებოდნენ კრასნოდარის ტერიტორიის კოლონიებში, როსტოვისა და ვოლგოგრადის რეგიონებში, სადაც უკრაინის სასამართლოს მიერ მისჯილი ვადის მოხდა უნდა გაეგრძელებინათ. უკრაინა ამ ფაქტს ადამიანების გატაცებად და უკანონო დეპორტაციად მიიჩნევს.
პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ უკრაინელებს უკვე რუსული სასამართლო ასამართლებთ რუსეთის ტერიტორიაზე უკანონო ყოფნის გამო. მათ აღიარებენ რუსეთის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფად და ათავსებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დროებითი დაკავების ცენტრებში და იქ სხვადასხვა ვადით ტოვებენ, გააჩნია, ვის როგორ მდგომარეობაში აქვს საბუთები. თუ მსჯავრდებულებს აქვთ შიდა უკრაინული პასპორტი, მათ შეუძლიათ მიაღწიონ საქართველოს საზღვრამდე და საქართველოს გავლით დაბრუნდნენ უკრაინაში. როგორც ფედოსიკი ამბობს, ადრე სირთულეები ამ მიმართულებით არ იყო – ქართულ საზღვარზე მათ ყოველთვის ატარებდნენ, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა.
„შესაძლოა, რომ ეს გამოწვეულია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ მოთხოვნების გამკაცრებით. ქართველმა მესაზღვრეებმა იციან, რომ ამ ადამიანებს საქართველოში ვხვდებით, თუმცა უკრაინაში გასამგზავრებლად საბუთების სწრაფად შეგროვება ყოველთვის არ ხერხდება. ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ასეთი კატეგორიის მოქალაქეებს (ყოფილ პატიმრებს) პასპორტი არ ეძლევათ. მხოლოდ ეგრეთ წოდებული „თეთრი პასპორტი“, რომლითაც ისინი მხოლოდ სახლში დაბრუნებას შეძლებენ და არა რომელიმე სხვა ქვეყანაში გადასვლას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ თეთრი პასპორტების დამზადებასაც დიდი დრო უნდა. ამიტომ, როცა უკრაინელები ამბობენ, რომ საქართველო ჩვენთვის მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანააო, ქართველები ფიქრობენ: კი, ჩვენ ვიცით თქვენი ტრანზიტები. საჭირო დოკუმენტების მოლოდინში საქართველოში ყოფილი პატიმრების კრიტიკული მასა გროვდება. მათი წარსული ასევე თამაშობს გარკვეულ როლს ქართული უსაფრთხოების სამსახურისთვის.“ – ამბობს ფედოსიკი.