ორი კვირა შოვის ტრაგედიიდან. რა (არ) ვიცით ამ დრომდე?
შოვის ტრაგედია
17 აგვისტოს დილის 10:00 საათის მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში 26 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მათ შორის არიან ბავშვები. მაშველები ჯერ ისევ ეძებენ შვიდ ადამიანს. მათი ცოცხლად პოვნის იმედი აღარავის აქვს.
მომხდარის პირველმა შოკმა გაიარა.
ახლა ადამიანებს აქვთ კითხვები: რა მოხდა სინამდვილეში შოვში? მყინვარი გალღვა? მოულოდნელი იყო სტიქია? შეიძლებოდა რამდენიმე დღით ადრე პროგნოზირება? შეიძლებოდა მსხვერპლის თავიდან აცილება? რამდენად სწორად და დროულად დაიწყო სამაშველო სამუშაოები?
ამ სტატიაში JAMnews-მა შეაჯამა ყველაფერი, რაც ვიცით შოვის ტრაგედიაზე მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ
3 აგვისტოს, დღის სამ საათზე, კურორტ შოვში, ღვარცოფი მოვარდა. ტალახისა და ლაფის რამდენიმე მეტრიანმა მასამ რამდენიმე წუთში დაფარა მთელი შოვი. გზად გადაურა კოტეჯებს, სადაც ადამიანები ისვენებდნენ. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები, მანქანები, უზარმაზარი ხეები. ჰექტრობით ტერიტორია ტალახის მასად იქცა.
ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველები ადგილზე მალე მივიდნენ, მაგრამ, სტიქიის მასშტაბის გამო, მუშაობა გაუჭირდათ. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე საღამოს ჩაფრინდა, მომხდარიდან სამი საათის შემდეგ. იმ ღამეს ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანა.
ამ დრომდე სტიქიის ზონაში ნაპოვნია 26 გარდაცვლილის ცხედარი. მათგან 24 იდენტიფიცირებულია. 7 ადამიანს ისევ ეძებენ.
რა ხდება ახლა შოვში
სამაშველო სამუშაოები, რომელშიც მაშველებთან ერთად ჯარისკაცებიც არიან ჩართული, გასცდა იმ ტერიტორიას, სადაც ღვარცოფი ჩამოვიდა. ცხედრებს უკვე 50 კილომეტრის რადიუსში, მდინარეების კალაპოტში ეძებენ.
სამაშველო სამსახურის უფროსმა თქვა, რომ ღვარცოფით ჩამოტანილი მიწის მასის 90 პროცენტი უკვე გადამოწმებულია. 17 აგვისტოდან მთავარი სამუშაოები უკვე მდინარის კალაპოტში გაგრძელდება და ამ საქმეს, მძიმე ტექნიკა შეასრულებს.
- ტრაგედია შოვში – ათობით დაღუპული, დაშავებული და დაკარგული
- შოვის ტრაგედია: რა მოხდა და შეიძლებოდა თუ არა მსხვერპლის თავიდან აცილება
- „მოხალისეობრივი ჩართულობის აუცილებლობა არ იყო“, – შალვა პაპუაშვილი შოვის სტიქიაზე
სტიქიის ზონაში, ტალახში, მაშველები ხშირად პოულობენ საყოფაცხოვრებო ნივთებს. ადამიანის სხეულის ნაწილებს, მაგალითად, კიდურებს.
ზოგი ცხედარი იმდენად დასახიჩრებულია, რომ მათ ამოცნობას მხოლოდ დნმ-ის ჩატარების შემდეგ ახერხებენ.
მაშველები უმძიმეს პირობებში მუშაობენ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მაშველებს არ აქვთ ასეთ ლაფის მასაში მუშაობისთვის საჭირო ფეხსაცმელი. ისინი თხელ ფიცრებს იმაგრებენ ფეხსაცმლის ძირზე.
ცხელა. ლაფი გაქვავდა.
შოვში მუშაობენ მოხალისეები, წითელი ჯვარი. ადამიანებს, ვინც იქ მუშაობენ, აფრთხილებენ, რომ აუცილებლად უნდა გაიკეთონ ტეტანუსის აცრა. მაგრამ არ ვიცით, იკეთებენ თუ არა ამ აცრას ადამიანები. გამოცემა “მთის ამბების” ინფორმაციით, 10 აგვისტოს მონაცემებით ეს აცრა მხოლოდ 28 ადამიანს ჰქონდა გაკეთებული.
არადა, ტეტანუსი სიცოცხლისთვის საშიში ინფექციაა. ის ადამიანის ორგანიზმში ადვილად ხვდება ჭრილობიდან ან ნაკაწრიდან, მრავლდება და შხამს გამოყოფს. პროგნოზი სერიოზულია, ლეტალობა 40-50%-ია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ არსებობს ეპიდემიის საფრთხე. ტალახის მასაში ხშირად პოულობენ დახოცილ პირუტყვს. ცნობილია, რომ ადგილიდან გამოიტანეს ამ დრომდე ნაპოვნი, დამტვრეული მანქანები.
შოვი აღარ არსებობს. რაჭაში გლოვაა. რამდენიმე ადგილობრივი, ვინც ამ სტიქიას ემსხვერპლა, უკვე დაკრძალეს.
დაკრძალეს ის პოლიციელიც, რომელიც შოვში მუშაობის დროს გარდაიცვალა. ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა მირიან ჭელიძემ გულის შეტევა მიიღო.
ყველა, ვინც შოვში იყო, მოხალისედ ან ახლობლების საძებნელად, წერს, რომ ადგილზე უმძიმესი სიტუაციაა, იმაზე გაცილებით საშინელი, ვიდრე ამას ფოტო და ვიდეო მასალა აღწერს.
შოვის სტიქიას ბევრი სიმბოლო აქვს: ლურჯმაისურიანი კაცი ზურგზე პატარა ბიჭით, მანქანა წარწერით “შევხვდებით რაჭაში”, მარიტა გუტაშვილი – გულზე 9 გარდაცვლილის ფოტოთი, მამა – შვილის თოჯინით ხელში.
ვის ეძებენ სტიქიის ზონაში
სტიქიიდან უკვე გასულია ზუსტად ორი კვირა და სახელმწიფოს ჯერ ისევ არ გამოუქვეყნებია გარდაცვლილებისა და დაკარგულების სია. მედია მათ შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ეძებს.
უკვე ვიცით, რომ სტიქიას ოჯახები, მეგობრები შეეწირნენ. საუბარია რამდენიმე ოჯახზე, დედა-შვილებზე, ერთი ოჯახის ცხრა წევრზე.
სტიქიას უმეტესად ის ხალხი ემსხვერპლა, ვინც კოტეჯებში და შოვის მინერალური წყლის ტერიტორიაზე იყო. კოტეჟები ღვარცოფმა მიწასთან გაასწორა. სასტუმრო “სანსეტ შოვის” დამსვენებლები სტიქიას გადაურჩნენ. სასტუმრომ, რომელიც შემაღლებულ ადგილზეა, რაღაც დოზით ტალახის მასის შეკავება შეძლო.
17 აგვისტოს დილის მონაცემებით, ჯერ ისევ დაკარგულად ითვლებიან:
- 4 წლის გიორგი ხორბალაძე – გიორგი შოვში დედასა და ბებიასთან ერთად იყო. დედისა და ბებიის ცხედარი ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია;
- გვანცა ბუბაშვილი – გვანცა შოვში მეგობრებთან ნინო კენჭაძესა და სალომე ხეთაგურთან ერთად ისვენებდა. გოგოები შოვში გვანცას მანქანით წავიდნენ. ნაცრისფერი “ჰიუნდაი”, წარწერით “შევხვდებით რაჭაში” მაშველებმა მალევე იპოვეს. გოგონები შიგნით არ იყვნენ. რამდენიმე დღის წინ ნინოსა და სალომეს ცხედრები იპოვეს, გვანცას ისევ ეძებენ;
- ანდრია დუდაშვილი – ანდრია შოვში დედას, ნატო ჭელიძესა და და-ძმასთან – ანასტასიასა და ლუკასთან ერთად იყო. ანდრიას ამ დრომდე ეძებს მისი მამა, გიორგი დუდაშვილი. გიორგიც, კაცი რომელიც სტიქიის ზონაში მომხდარიდან მალევე ჩავიდა და ამბობდა, რომ ცოლსა და სამ შვილს ეძებს, ამ სტიქიის ერთ-ერთი, ყველაზე ემოციური კადრია;
- 24 წლის კოტე მაისურაძე – კოტე რაჭაში დედასთან, შორენა ბიჭაშვილთან და დასთან მარიამ მაისურაძესთან ერთად იყო. დედისა და დის ცხედრები ნაპოვნია;
- ნიკა ჩალაძე – ლაგვანთელი ბიჭები, სამი მეგობარი ნიკა, დიტო და თემური სოფელ ლაგვანთიდან (რაჭა), შოვში კოტეჯის ასაშენებლად წავიდნენ. 3 აგვისტო მათი პირველი სამუშაო დღე იყო. დიტოს და თემურის ცხედრები იდენტიფიცირებულია, ნიკა ჩალაძე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
- ზაზა მესხი და მისი სამი შვილი – ზაზა მესხი ნიდერლანდებში ცხოვრობდა და საქართველოში ოჯახთან ერთად შვებულების გასატარებლად იყო ჩამოსული. რაჭაში ის ცოლსა და სამ შვილთან ერთად იყო. მისი ცოლის ცხედარი იდენტიფიცირებულია, ზაზა მესხი და მისი სამი შვილი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ზაზა მესხის ოჯახის ბედნიერი ფოტოები რაჭის ხედების ფონზე, ასევე იქცა ამ სტიქიის სიმბოლოდ.
რა ვიცით გარდაცვლილებზე
17 აგვისტოს მონაცემებით შოვში 26 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მათგან 24 იდენტიფიცირებულია.
JAMnews-მა 23 გარდაცვლილის შესახებ მოიპოვა მონაცემები.
- გიორგი გოგინაშვილი – ახალგაზრდა კაცის, ორი შვილის მამის ცხედარი შოვში ერთ-ერთი პირველი იპოვეს. გიორგი თბილისში ცხოვრობდა. შოვში მეგობრის კოტეჯში იყო. სოციალურ ქსელში წერენ, რომ გიორგიმ ცოლი ხეზე აიყვანა და სხვების დასახმარებლად შებრუნდა. ისინი გადაარჩინა. სტიქიამ უკან, ცოლთან დაბრუნებისას იმსხვერპლა;
- ქსენია ტრიჩევა – 31 წლის ქალის ცხედარიც პირველივე დღეს იპოვეს. ახალგაზრდა ქალი რუსეთის მოქალაქე იყო. ის მისმა მეგობარმა ამოიცნო;
- ალინა პოლიკოვსკა – უკრაინელი ჟურნალისტი რაჭაში ქმართან და სამ მცირეწლოვანთან ერთად ისვენებდა. ალინა და მისი ქართველი ქმარი, ზაზა მესხი, ნიდერლანდებში ცხოვრობდნენ და საქართველოში შვებულებას ატარებდნენ; ზაზას მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ზაზას საქართველო განსაკუთრებით უყვარდა და ცდილობდა, შვილებისთვისაც შეეყვარებინა. გზადაგზა მეგობრებს უყვებოდა, როგორი აღფრთოვანებული იყო რაჭით;
- და – ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილები – ახალგაზრდები შოვში კახეთიდან, მეგობართან, დავით ბერიაშვლეთან ერთად ისვენებდნენ. სოფო და გიორგი უცხოეთში სასწავლებლად ემზადებოდნენ. გიორგის სწავლა საფრანგეთში, სორბონას უნივერსიტეტში უნდა გაეგრძელებინა, სოფოს ოცნება ამერიკაში სწავლა იყო. ახალგაზრდა და-ძმა ბევრ ორგანიზაციაში მუშაობდა მოხალისედ, აქტივისტად, გიორგის და სოფოს დიდი გეგმები ჰქონდათ.
- დავით ბერიაშვილი – დავითიც კახეთიდან იყო. “ამ მთავრობის ხელში, მთებშიც არარ დარჩა თავისუფლება” – ეს წარწერა აქვს მის ბოლო ფოტოს ფეისბუქში. ფოტოზე რაჭის ნისლიანი მთებია. მეგობრები წერენ, რომ დათოს გამორჩეული სარკაზმი ჰქონდა. დავითი სამაგიდო თამაშის შექმნაზე მუშაობდა, სახელწოდებით – “ლეგენდა ქართლოსზე”. 23 ივლისს მან ქრაუდფანდინგ კამპანიაც დაიწყო, რომ თამაშის დასაბეჭდად საჭირო თანხა შეეგროვებინა. თამაში ქართულ მითოლოგიაზეა.
- სოფო ბაკურაძე – 23 წლის მარტოხელა დედა იყო სოფელ გლოლადან. ყოველ ზაფხულს ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა დამლაგებლად. სოფოს ოთხი წლის შვილი დარჩა.
- სამირა ისაევა – 18 წლის სამირა რუსთავიდან შოვში 25 ივლისს წავიდა მეზობლებთან, ხორბალაძეების ოჯახთან ერთად. ბოლოს სამირას ოჯახის წევრები 2 აგვისტოს ესაუბრნენ. სამირას ცხედარი მამამ ამოიცნო.
- მარინა ხორბალაძე და მისი შვილი მანანა ჯაჭვაძე – 60 წლის მარინა ხორბალაძეც რუსთავიდან იყო. მარინას და სამირას გვამები ერთ პერიმეტრზე იპოვეს. მაშველებმა იპოვეს ახალგაზრდა ქალის, 30 წლის მანანა ჯაჭვაძის ცხედარიც. მის შვილს, 4 წლის გიორგი ხორბალაძეს ჯერ ისევ ეძებენ.
- ნინო კენჭაძე და სალომე ხეთაგური – სტუდენტები, ნინო და სალომე, მეგობართან, გვანცა ბუბაშვილთან ერთად იყვნენ შოვში. გვანცას ნაცრისფერი “ჰიუნდაი”, წარწერით “შევხვდებით რაჭაში” მაშველებმა მალევე იპოვეს. გოგონები შიგნით არ იყვნენ. ამ მანქანის ფოტოც ამ სტიქიის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ნინო და სალომე უკვე დაკრძალეს. გვანცას ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.
- გენადი სულთანიშვილი – სოფელ გლოლას მკვიდრი გენადი სულთანიშვილი რაჭის ანსამბლ “ბუბას” წევრი იყო. ის სკოლაში მუსიკას ასწავლიდა და შოვის კოტეჟების სასადილოში მზარეულად მუშაობდა.
- დიტო ფირცხალავა და თემურ ჩარკვიანი – ლაგვანთელი ბიჭები, სამი მეგობარი დიტო, თემური და ნიკა შოვში კოტეჯს აშენებდნენ. 3 აგვისტო მათი პირველი სამუშაო დღე იყო. დიტოს და თემურის ცხედრები იდენტიფიცირებულია, ნიკა ჩალაძე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
- ქეთევან ლობჟანიძე – ქეთევან ლობჟანიძე შოვში ოჯახთან ერთად ისვენებდა. სტიქიის დროს მრავალსულიანი ოჯახი ტყეში იმყოფებოდა, კოტეჯში კი ქეთევან ლობჟანიძე და მისი მეუღლე იყვნენ. ლობჟანიძის მეუღლე სტიქიას გადაურჩა.
გუტაშვილების 9-წევრიანი ოჯახის 6 წევრი – მეგი და გიგი, ნატო ორი შვილით და შორენა ერთი შვილით:
- მეგი და გიგი გუტაშვილები – 25 წლის მეგი და 18 წლის გიგი უკვე დაკრძალეს. მათი და, მარიტა გუტაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამბობს, რომ წლები აფრთხილებდა ხელისუფლებას მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ. მარიტაც – გოგო, რომელიც ოჯახის 9 წევრს ეძებს, ამ სტიქიის სიმბოლოდ იქცა.
- დედა შვილები – ნატო ჭელიძე, ლუკა და ანასტასია დუდაშვილები – გუტაშვილების ნათესავი ნატო ჭელიძე შოვში სამ შვილთან ერთად ისვენებდა. მისი ქმრის კადრი, გიორგი დუდაშვილის, რომელიც მაშველებს ეხვეწებოდა, რომ ცოლ-შვილს ეძებდა, ასევე ერთ-ერთი პირველი გავრცელდა სტიქიის დროს. ახალგაზრდა კაცი შვილის თოჯინით ხელში, ამ დრომდე სტიქიის ზონაშია და მესამე შვილს ეძებს – ანდრია დუდაშვილს.
- დედა-შვილი – შორენა ბიჭაშვილი და მარიამ მაისურაძე – ასევე გუტაშვილების ნათესავები არიან. ცოლისა და შვილის დაღუპვა მედიას დავით მაისურაძემ დაუდასტურა. შვილის ამოცნობა შეძლო, ცოლის ამოსაცნობად კი დნმ-ის ანალიზის ჩატარება გახდა საჭირო. დავითი ჯერ ისევ ეძებს ოჯახის მესამე წევრს, მეორე შვილს, 24 წლის კოტეს.
ვინ როგორ გადაურჩა სტიქიას?
სამაშველო ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანა. გადარჩენილებს შორის არის 20-ზე მეტი (მედიაში გავრცელებულ ისტორიებზე დაყრდნობით) ისეთი ადამიანი, რომელიც რამდენიმე მეტრიან ლაფში იყო ჩაფლული და თითქმის სამი საათის განმავლობაში ცდილობდა გადარჩენას. ამ ადამიანებმა სამშვიდობოს რაჭველი ახალგაზრდების დახმარებით გააღწიეს.
გადარჩენილებს მძიმე ისტორიები აქვთ.
დავითი და მაშო – ჯელაძეების ისტორია
გრძელთმიანი, ტალახიანი გოგო ლაფში და ახალგაზრდა ლურჯმაისურიანი კაცი, მუხლებამდე ტალახში, ზურგზე ბავშვით – ეს არის პირველი ფოტოები, რომელიც შოვის სტიქიიდან მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა. ორივე ფოტოზე ერთი ოჯახის წევრები არიან. ბიძა და დისშვილები.
კაცი ზურგზე ბავშვით დავით ჯელაძეა. ჯელაძეების მრავალწევრიანი ოჯახი რაჭაში ცხოვრობს, სოფელ ურავში, შოვიდან შორს. იმ დღეს დავით ჯელაძე, მისი დედა, სიძე, სამი და და დისშვილები – 11, 6, 4 და 3 წლის ბავშვები შოვში სასეირნოდ წავიდნენ.
კარგი ამინდი იყო. მზე. კარგად გაერთნენ, ფოტოები და ვიდეოები გადაიღეს, Tik-Tok-ები ჩაწერეს, ტყეში ისეირნეს, შოვის ცნობილი მჟავე წყალი დალიეს და უკან დაბრუნებას რომ აპირებდნენ, ზუსტად მაშინ მოვარდა ღვარცოფი.
დავითი იხსენებს, რომ მანქანებიდან გადმოხტომა და ხიდიდან გაქცევა მოასწრეს. რამდენიმე წამში ოჯახის ორი მანქანა, ხიდიანად, ღვარცოფმა მათ თვალწინ წაიღო. თავად, ერთი ოჯახის ათი წევრი, ორივე მხრიდან ღვარცოფში აღმოჩნდა.
ტალახის რამდენიმე მეტრიანი მასა ჯელაძეებს რამდენჯერმე დაეჯახა. ერთმა ტალღამ დავითი და 6 წლის მაშო ოჯახის სხვა წევრებისგან შორს წაიღო. დავითი მაშოსთან ერთად მეწყერში მარტო აღმოჩნდა.
“ტალღა ხომ იცით? ტალღასავით მოდიოდა მიწის მასა ჩვენს ზემოთ, მთიდან” – იხსენებს დავითი, რომელიც ხშირად ამბობს, რომ დღემდე 3 აგვისტოთი ცხოვრობს, ამ კადრების დავიწყებას ვერ ახერხებს.
დავითი და მაშო რამდენიმე საათი ებრძოდნენ ტალახის მასებს, რომ შედარებით უსაფრთხო ადგილამდე მიეღწიათ. როცა ბიძა ტალახში იძირებოდა, მაშოს სთხოვდა, თავად ევლო, ამხნევებდა, აგულიანებდა, უხსნიდა როდის რა უნდა გაეკეთებინათ.
სულ მთლად ტალახიანმა და დასისხლიანებულმა მაშომ და მისმა გმირმა ბიძამ რამდენიმე კილომეტრი გაიარეს და შოვის იმ ნაწილში მიაღწიეს, სადაც ტალახის მასა არ იყო – სასტუმრო “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე.
იქ მათ ადგილობრივები მიეშველნენ. მაშო და დავითი გადარჩნენ.
გადარჩნენ ტალახის მასაში ჩაფლული მათი ოჯახის სხვა წევრებიც. ისინი სამშვიდობოს ჯერ ადგილობრივებმა, შემდეგ კი სამაშველო ვერტმფრენმა გამოიყვანა.
მარიამი, შოთა და ოთხი წლის კოტიკო
მარიამ ბერიანიძე შოვის სტიქიაში ქმართან და ოთხი წლის შვილთან ერთად მოჰყვა. ისინი ერთ-ერთ კოტეჯში ისვენებდნენ. “ხანდახან მრცხვენია, რომ გადავრჩით”, – უთხრა მარიამმა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს.
მარიამს ახსოვს საშინელი გრუხუნის ხმა, რომელიც ღვარცოფის მოვარდნამდე გაიგო. მერე დაინახა ტალახის მასა, რომელიც ზუსტად იმ ადგილისკენ მიდიოდა, სადაც მათ პიკნიკი უნდა მოეწყოთ.
ამ მასამ მარიამის თვალწინ წაიღო სულ ცოტა ხუთი ადამიანი – მანქანა, ახალგაზრდა წყვილით, გოგო და ბიჭი, რომლებიც იმავე სახლში ისვენებდნენ, სადაც თვითონ, მოხუცი ქალი, რომელიც მარტო ცდილობდა გადარჩენას.
მარიამი იხსენებს, რომ როდესაც ტალახის მორიგი მასა მოდიოდა, ის და მისი ქმარი ერთმანეთის პირისპირ დადგნენ:
“ჩემი მეუღლე ზურგით დადგა, ხელებში მოიქცია ბავშვი, მე წინიდან დავუდექი. მივხვდით, რომ ეს იყო ჩვენი აღსასრული. მორჩა!”
მარიამი, შოთა და მათი შვილი ნახევრად ტალახში ჩაფლულები სამი საათი ებრძოდნენ სტიქიას. ყველა ჯერზე, როცა ტალღა ურტყამდათ და ღრმად ეფლობოდნენ, წამოდგომას ცდილობდნენ.
“რაც კი რამე ენერგია გაგვაჩნდა, ვცდილობდით, რომ კოტესთვის შემამსუბუქებელი ემოციები გადაგვეცა. ის კი არ გვეთქვა, რომ “დავიხოცებით”, ვეუბნებოდით,” როგორი მაგარი სპაიდერმენი ხარ”, “როგორ მაგრად ხოხავ”. რაღაც მონაკვეთების გავლამ მარტომ მოუწია იმ ღვარცოფში, აღარ გვქონდა ძალა, რომ ზურგზე მოგვესვა რომელიმეს”, – უყვება მარიამი “რადიო თავისუფლებას”.
მაშველები მათ საშველად რომ გამოჩნდნენ, ისინი, ადგილობრივი ბიჭების დახმარებით, უკვე სამშვიდობოს იყვნენ გასული. ბიჭები მათ გადასარჩენად ღვარცოფზე კოტეჟების ფიცრებით აკეთებდნენ ბილიკებს.
როცა მარიამმა ვერტმფრენში ააღწია, სულ მთლად ტალახიანი, ტრუსით იყო. ახსოვს იმ ვერტმფრენში მყოფი შს მინისტრის გაოცებული სახე.
“იცით, რას ნიშნავს სიკვდილს უყურებდე ყოველ წამს 3 საათის განმავლობაში? 112-ის ჩანაწერები მაინც ამოიღონ, როგორ ვბღავივართ. ‘სად არის ვერტმფრენი, წუთი წუთზე მოვა?’ – ‘დიახ, თქვენი ზარი მიღებულია, გადაცემულია, ვერტმფრენი გამოვა’, ‘თქვენი ზარი გადაცემულია, დაელოდეთ რეაგირებას’. ჩვენ იქ ხალხი ლამის ხომ ჩავიხოცეთ, მაგრამ კინაღამ ფსიქიკურადაც შევიშალეთ”, – ამბობს მარიამი,
მარიამსაც და შოთასაც, ჯელაძეების მსგავსად, ამ დრომდე აქვთ დალურჯებები და ჭრილობები მთელ სხეულზე.
მამა-შვილი – გიო ადამია და 6 წლის თომა
მამამ, გიო ადამიამ 6 წლის თომა სოფელ გლოლაში 2 აგვისტოს წაიყვანა დასასვენებლად. ერთი კვირით აპირებდნენ დარჩენას. შოვში მეორე დღეს, შუადღეს წავიდნენ. გიო ადამია გამუდმებით იღებდა ფოტოებს. ამიტომ, “რადიო თავისუფლებასთან” დეტალურად აღწერს რა ხდებოდა შოვში 3 აგვისტოს.
გიომ და თომამ ბევრი ისეირნეს. მჟავე წყალი დალიეს. “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე თომამ საქანელებზე იქანავა, გიომ შვილს ბევრი ფოტო გადაუღო და ცოლს გაუგზავნა.
სადღაც სამი საათი რომ ხდებოდა, გიომ და თომამ სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს. მანქანაში ჩასხდნენ და ის იყო გიოს მანქანა უნდა დაეძრა, რომ გვრგვინვის ხმა გაიგო.
ჯერ ეგონა, რომ თავზე თვითმფრინავი გადაუფრენდათ. მანქანიდან გადმოვიდა. საშინელი სიცივე იგრძნო და “სანსეტისკენ” რომ გაიხედა, დაინახა როგორ ტყდებოდა უზარმაზარი ხეები:
“ვიფიქრე, რომ მეწყერი მოდიოდა, არ ვიცოდი, რომ ეს ზევიდან წამოსული ღვარცოფი იყო. ვხედავდი, რომ ჩვენგან დაახლოებით 60-70 მეტრში ხეები ტყდებოდა საშინელი ხმაურით. მაშინვე ჩავხტი მანქანაში. თომას, რომელიც უკან, თავის სავარძელში იჯდა, ვუთხარი: მამა, მეწყერი მოდის, უნდა გავიქცეთ-მეთქი და ძალიან სწრაფად დავეშვით ქვევით“.
200 მეტრში მანქანას ორი ტურისტი გადაუდგა წინ. მათ უკანაც მეწყერი მოდიოდა. ტურისტები მანქანაში ჩაისვეს და საპირისპიროდ სცადეს გაქცევა. იქაც მეწყერი ჩამოწვა. გიო, თომა და ორი ტურისტი ორივე მხრიდან ღვარცოფში აღმოჩნდნენ.
მათ გარდა იქ 10-12 ადამიანი იყო. ყველას მანქანა რამდენიმე წუთში წაიღო ტალახის მასამ.
ყველა მათგანი სასტუმროსკენ გაიქცა. ის შემაღლებულზე იდგა და გადარჩენის მეტი შანსი იყო. მაგრამ, როგორც კი აღმართს შეუყვნენ, იმ მხრიდანაც ტალახის მასა წამოვიდა. გასაქცევი აღარსად იყო.
„ატყდა საშინელი პანიკა, კივილი. იმ მომენტში მეც ვიფიქრე, რომ ეს იყო გარდაუვალი სიკვდილი. ბავშვი წინიდან ჩავიხუტე და პირით ტალახისკენ დავდექი“, – იხსენებს გიო ადამია “რადიო თავისუფლებასთან”.
ტალღა რომ დაეჯახა, გიო ზურგზე გაწვა, თომა გულზე მიიხუტა და ტალახის მასას ქვევით გაჰყვა. 20 მეტრში ფეხზე წამოდგომა შეძლო. გზას ისევ ზემოთ, სასტუმროსკენ გაუყვა.
“ახლაც ვგრძნობ ბასრ, სიპ ქვებს წვივებზე. ფეხის ყოველი ჩადგმისას ახალი და ახალი ჭრილობა ჩნდებოდა. ჩვენს გარშემო ყველაფერი ტალახში იყო. საშინელი სიცივე დაიჭირა. ბავშვი კანკალმა აიტანა. ხე იდგა რაღაც, იმ ხესთან მივღოღდი, თომა შემოვსვი ზედ და დავიწყეთ რეკვა 112-ში, ახლობლებთან“.
გიო და თომაც, იქ მყოფ სხვა ადამიანებთან ერთად, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გადაარჩინეს. ხეებით და ტოტებით გაკეთებული ბილიკებით გაიყვანეს ტალახიდან.
მოგვიანებით, გიო და თომაც ვერტმფრენით გადააფრინეს გლოლაში.
გიო ჟურნალისტთან ამბობს, რომ ორი წუთით ადრეც რომ სცოდნოდა მოსალოდნელი ღვარცოფის შესახებ, გაქცევას მოასწრებდა. გაქცევას კოტეჯებში მყოფი ხალხიც მოასწრებდა, სადრაც 8-10 წუთით ადრე მათაც რომ სცოდნოდათ.
რა მოხდა შოვში? რა (არ) ვიცით სტიქიიდან ორი კვირის თავზე?
რაჭა სეისმურად და ღვარცოფების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია.
მაგრამ, გეოლოგები ამბობენ, რომ ასეთი მასშტაბის სტიქიური მოვლენა დასავლეთ საქართველოში არასდროს ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭაში, სადაც ერთი სოფელი მთლიანად ჩაიმარხა.
გეოლოგები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი მინიმალურია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს, რადგან რაჭაში ბევრი მყინვარია.
მომხდარიდან ორი კვირის თავზე, უკვე ცნობილია, რომ ღვარცოფი გამოიწვია დიდი რაოდენობით წყალმა. მთავარი კითხვაა – საიდან გაჩნდა ამხელა მოცულობის წყალი. ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი არსებობს.
ადგილობრივებს, რომლებიც კარგად იცნობენ რაჭის მყინვარებს და მდინარეებს, აქვთ ვერსია, რომ მთაში ჩამოწვა მეწყერი, ჩამოშლილმა მასამ ჩაკეტა მდინარე ბუბისწყალი, დააგუბა და რამდენიმე დღის შემდეგ გადმოხეთქა. სწორედ ამ მდინარის ხეობაში იყო აშენებული კოტეჯები.
გარემოს ეროვნული სააგენტო ამ ვერსიას უარყოფს.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მომხდარზე პირველი დასკვნა 6 დღის შემდეგ გამოაქვეყნა. სააგნეტომ თქვა, რომ ტრაგედიის მიზეზი გახდა რამდენიმე სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა. ამ ყველაფერმა გამოიწვია მდინარე ბუბუსწყლის ხეობაში ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფის მოვარდნა.
სააგენტო წერს, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით ჩამოიშალა ნახევარი მილიონი კუბური მეტრი კლდეზვავური მასა, რომელიც შეეჯახა მყინვარს და ჩამოანგრია მყინვარის გარკვეული ნაწილიც – 62 ჰა. ამ პროცესებმა კი სავარაუდოდ, “გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.”
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი სატელიტის ფოტოებზე დაყრდნობით აღწერს შოვის სტიქიის ეტაპებს.
ის წერს, რომსტიქიის ეპიცენტრში მყინვარის დნობის და წვიმის გამო დაგროვდა დიდი რაოდენობით წყალი, ამ წყალმა გააქტიურა გამოფიტული ქანები. შედეგად, 3 აგვისტოს, დაახლოებით 2 საათზე, 57 ჰა კლდის მასივი დაიძრა, გადაიქცა კლდეზვავად და 20 წამში მიაღწია მყინვარამდე.
ზვავის მყინვარზე ზემოქმედებამ გამოიწვია GLOF – მყინვარული, ზედაპირზე უხილავი, «ტბის» გასკდომა. მთელი ეს მასა ხეობისკენ ორ ნაკადად დაიძრა, თან წამოიყოლა მყინვარების ზედა, თხელი ფენა. მდინარის ხეობაში შესვლის შემდეგ კი დაიწყო ნიადაგის და გამოფიტული ქანების ეროზია და ჩამოყალიბდა ღვარცოფი.
კითხვაზე – სად იყო წყალი, ლაშა სუხიშვილი ვარაუდობს, რომ ის იყო მყინვარში და მყინვარის ფსკერზე.
ჰიდროლოგი, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნიკა წითელაშვილი გამოცემა “მთის ამბებთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კლდის ნაწილის მოწყვეტა ასეთ ღვარცოფს ვერ გამოიწვევდა.
“5 წუთში 62 ჰექტარი მყინვარი ვერ დადნება. ხომ აბსურდია? წყალი არის ის, რამაც ეს ყველაფერი მოძრაობაში მოიყვანა. იქ უკვე მომზადებული იყო სიტუაცია, კლდეზვავი იყო უბრალოდ ბიძგი, რამაც ეს ყველაფერი წამოიღო”.
ნიკა წითელაშვილი აანალიზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გრაფიკებს, სადაც მდინარეში წყლის ნაკადის დონის საეჭვო ცვლილებებია.
“მაგალითად, ჩანს, რომ 16-19 ივლისის პერიოდში, მდინარეზე წყლის დონე დაეცა. თუ ტემპერატურის მატების გამო მყინვარები დნება, წვიმაც იყო და მდინარის დონემ არ მოიმატა, იქ უკვე ჩნდება ეჭვი, რომ რაღაც მოხდა”, – ასეთია ჰიდროლოგის ეჭვი.
შოვის ტრაგედია. შეიძლებოდა სტიქიის პროგნოზირება და მსხვერპლის თავიდან აცილება?
სტიქიას ვერავინ შეაჩერებდა, მაგრამ მისი პროგნოზირება და მსხვერპლის აცილება შესაძლებელი იყო – ამაზე თანხმდება თითქმის ყველა, ხელისუფლების გარდა.
ხელისუფლება ამბობს, რომ სტიქია იყო მყისიერი და მისი პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ვერსიით, ღვარცოფმა სადღაც 8-10 წუთში მიაღწია კოტეჯებამდე. ეექსპერტების თქმით, ეს დრო საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ადამიანებს უსაფრთხო ადგილამდე გაესწროთ.
ლაშა სუხიშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ჩამოთვლის სამ ძირითად საფეხურს, რაზეც არის ამ დროს დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლე:
- ადრეული შეტყობინების სისტემა [სხვადასხვა პარამეტრით პროგნოზირება იმისა, რომ კატასტროფის ალბათობა მაღალია];
- სასიგნალო (განგაშის) სისტემა – უკვე განვითარებულ პროცესზე ინფორმაციის რეალურ დროში მიღება;
- ხალხის ინფორმირება – როგორ უნდა მოიქცეს ვითარებაში, რომელიც სწრაფ მოქმედებებს საჭიროებს [საით გაიქცეს, სად უნდა მოვიდეს და ა.შ.]
შოვში, სტიქიის ზონაში, მონიტორინგის სისტემა არ იყო. სახელმწიფო სტრუქტურები არ პაუსოხობენ კიტხვას, რატომ.
გამოცემა ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ მონიტორინგის სისტემები საქართველოში 18 უბანზე აქვს. აქედან 11 მოეწყო 2022-2023 წლებში.
არადა, ხუთი წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქნებოდა ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა.
“ვინც გადარჩა, გადარჩა” – ამბობს ხელისუფლება და არ იღებს კრიტიკას იმ მიმართულებით, რომ სამაშველო სამუშაოები დაგვიანდა.
გადარჩენილები კი იხსენებენ, რომ როდესაც ისნი ტალახის მასიდან გამოღწევას ცდილობდნენ, მათ ესმოდათ ადამიანების ხმები, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ.
ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ეჭვქვეშ კი დააყენეს გადარჩენილების ისტორიები და თქვეს, რომ შეუძლებელი იყო ამხელა ლაფში ადამიანებს დიდი მანძილი გაევლოთ. თქვეს ისიც, რომ საერთოდ არ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.
ხელისუფლებამ გადარჩენილების მისამართით აგრესიული კამპანია წამოიწყო. მაგალითად, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დავით ჯელაძის მონათხრობს სპეკულაცია უწოდა.
ხელისუფლება ცდილობს მთლიანად აიცილოს პასუხისმგებლობა – ასე აფასებენ მათ რიტორიკას სოციოლოგები. მათი თქმით, გადარჩენილების ისტორიების ეჭვქვეშ დაყენებით ხელისუფლება ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ ლაფში მოხვედრილი ადამიანების გადარჩენა შეუძლებელი იყო, რა დროსაც და როგორც არ უნდა ჩატარებულიყო სამაშველო სამუშაოები.
რადგან, სწორედ სამაშველო სამუშაოების დაგვიანება არის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება სახელმწიფოსადმი.
სტიქიის დღეს რაჭაში სამაშველო ვერტმფრენი სამი საათის დაგვიანებით ჩაფრინდა. იმ დროს, ლაფში ჩაფლული ადამიანები, ადგილობრივების დახმარებით, უკვე სამშვიდობოს იყვნენ გასული. ღამით კი, მაშინ როცა ათობით ადამიანი ითვლებოდა დაკარგულად, ვერტმფრენმა მუშაობა შეაჩერა.
იმ ღამით, საქართველომ უარი თქვა მეზობელი ქვეყნების დახმარებაზეც. საქართველოს კი ჯერ ისევ არ ჰყავს ღამის ხედვის მქონდე სამაშველო ვერტმფრენი. ასეთი ტრაგედიების დროს ქვეყანა საზღვრის დაცვის სამსახურის ორ ვერტმფრენს იყენებს.
არადა, ათი წელია მთავრობა ამბობს, რომ სამაშველო ვერტმფრენებს იყიდის.
“თუ სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე, ღამით ფრენის გარისკვა არაა მიზანშეწონილი”, ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. გომელაური, რომლის უწყება არის მთავარი სტიქიასთან ბრძოლაში, რაჭაში მომხდარიდან მეათე დღეს ჩავიდა. თქვა, რომ აქამდე საქართველოში არ იყო, თურქეთში, კლინიკაში, სამკურნალოდ წაყვანილ მამას ახლდა.
გაირკვევა რა მოხდა შოვში?
ოპოზიცია რაჭის სტიქიის გამოსაძიებლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ოპოზიცია ეძებს პასუხს ორ კითხვაზე – იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.
კითხვებზე საპასუხოდ ოპოზიციურმა პარტია ენმ-მ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც.
პარალელურად, შოვში მომხდარი სტიქიის საქმზე დაწყებულია გამოძიებაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს იძიებს ორი მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (116-ე მუხლი) და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა (240-ე).
მაგრამ იურისტები ფიქრობენ, რომ შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება სხვა მუხლებითაც უნდა მიმდინარეობდეს, მათ შორის – განსაცდელში მიტოვებისა (128-ე) და სამსახურებრივი გულგრილობის (342-ე).
იურისტ ანა თავხელიძეს შოვში განვითარებული მოვლენები აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები სახელმწიფომ განსაცდელში მიატოვა:
„მუდმივი განხილვის საგანია, რამდენად დროულად და სათანადოდ აღმოუჩინეს ადამიანებს დახმარება… გამოსაძიებელია, სახელმწიფომ, კონკრეტულმა ადამიანებმა, ხომ არ დატოვეს იქ ადამიანების დახმარების გარეშე”, – ამბობს ანა თავხელიძე “რადიო თავისუფლებასთან”.
სამსახურებრივი გულგრილობა ორ შემთხვევაში უნდა გადაიხედოს – სტიქიამდე, ხომ არ შეეძლო ვინმეს სტიქიის პრევენცია და ეს არ გააკეთა. და, სტიქიის შემდეგ – გამოიყენა თუ არა შესაბამისმა უწყებამ ყველა რესურსი ადამაინების გადასარაჩენად.
„შოვი არ არის მხოლოდ სტიქიური უბედურების ზონა. შოვი არის დანაშაულის ადგილი! ამიტომ იყო ხელისუფლებისთვის არასასურველი იქ მოხალისეები, ჟურნალისტები, საერთაშორისო დახმარება. ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე! დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები, ეშინია მათი!“ – ეუბნება “რადიო თავისუფლებას” იურისტი ანა ნაცვლიშვილი
იურისტები გამოძიების ნაწილში საუბრობენ ინტერესთა კონფლიქტზეც – შინაგან საქმეთა სამინიატრომ უნდა გამოიძიოს ამავე უწყების საქმე, ირეაგირა თუ არა დრულად. მათივე თქმით, ეს საქმე პროკურატურამაც რომ გადაიბაროს, მაინც ძნელი წარმოსადგენია გამოძიების სრულფასოვნად ჩატარება.
და, ამ დრომდე, ისიც არ არის ცნობილი, სტიქიის ზონაში უკვე მუშაობენ თუ არა ექსპერტ-კრიმინალისტები. იმ კადრებში, რაც ვრცელდება, ეს არსად ჩანს.
შოვის ტრაგედია