ენგურის ხიდის გავლით კონფლიქტის მეორე მხარეს
China
ენგურის ხიდის გავლით კონფლიქტის მეორე მხარეს
1
90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ, ენგურის ხიდი ქართულ და აფხაზურ მხარეებს ჰყოფს. ის ერთმანეთთან ზუგდიდის და გალის რაიონებს აკავშირებს. ხიდზე სამი საკონტროლო პუნქტია - ქართული, აფხაზური და რუსული. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნეს. საქართველო აფხაზეთს საკუთარი ქვეყნის ნაწილად მიიჩნევს. თბილისის პოზიციას იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი.
გალში უმეტესად ქართველები ცხოვრობენ. ხიდს აქეთ მათ ბევრი საქმე აქვთ, ამიტომ ქართულ საკონტროლო პუნქტთან ყოველთვის ბევრი ხალხია. გალიდან მომავალი სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერება ხიდთანაა. აქ მგზავრები ჩამოხტებიან და იქვე მდგარ წითელბანერიან სამარშრუტო ტაქსთან იკავებენ რიგს. ეს მობილური ბანკია. „პენსიის რიგში ვდგავართ. პენსიას საქართველო გვიხდის. პატარა თანხაა, მაგრამ სულ არაფერს ჯობია“, - ამბობს ხანშიშესული ქალი.
1
2
2
3
1
1
რამდენიმე დღით ადრე, ამ ხიდზე ზუგდიდიდან გადმოვედით და აფხაზეთისკენ გავაგრძელეთ გაზა. ჩვენთან ერთად ბევრი ადამიანი მოდიოდა, ისინი სახლში, ბრუნდებოდნენ და პირთამდე სავსე, უზარმაზარ ჩანთებს ეზიდებოდნენ. როდესაც ვიკითხეთ, რატომ მიჰქონდათ ამდენი სურსათი და პროდუქტები, გვპასუხობდნენ, რომ აფხაზეთში მათი ყიდვა შეუძლებელიაო. ერთ კაცს თან მხოლოდ სამი ბოთლი ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ მიჰქონდა.
„ზუგდიდში ვცხოვრობ, მაგრამ ოჯახი სოხუმში მყავს“, - მითხრა, დაახლოებით, 60 წლის ქართველმა ქალმა, რომელიც აფხაზურ საკონტროლო პუნქტთან ჩვენთან ერთად იცდიდა.
2
1
მალე კიდევ ერთი ქალი შემოგვიერთდა, რომელიც ასევე ოჯახის მოსანახულებლად მიდიოდა აფხაზეთისკენ. მისი პატარა ქალიშვილი ქართულ ენაზე ეკამათებოდა დედასა და დას იმის შესახებ, თუ რომელ ენაზე ვსაუბრობდით - ინგლისურად თუ ესპანურად. გოგონას დამსხვრეული ქართულით ვუპასუხეთ: „ეს ინგლისურია“.
"კარგი იქნებოდა, ახლა ოჯახთან ერთად ამერიკაში მივდიოდე, მაგრამ ვიზა გვჭირდება და ვიზას ჩვენ ვინ მოგვცემს“, - გაღიზიანებული ტონით თქვა გოგონების დედამ.
1
1
უზარმაზარი ხის ჩრდილში, ბალახზე, რამდენიმე მამაკაცი იჯდა. ისინი კამათობდნენ, რამდენი კოლოფი სიგარეტის გადატანის უფლებას მისცემდნენ. საუბარი იმდენად დაიძაბა, რომ მათთან მესაზღვრე მივიდა და სთხოვა, ცოტა ჩუმად ელაპარაკათ.
ნახევარი საათის შემდეგ, როგორც იქნა, საკონტროლო პუნქტთან ჩვენი რიგი მოახლოვდა. იქ რუსი მესაზღვრეები გველოდნენ. „ბორჯომის“ ბოთლიანი მამაკაცი ჩვენ წინ იყო, მაგრამ რუსმა სამხედროებმა ჯერ ჩვენ დაგვიძახეს. მიხვდნენ, რომ ადგილობრივები არ ვიყავით და ურიგოდ გასვლა შემოგვთავაზეს. ჯარისკაცებმა საუბარი სხვადასხვა თემაზე წამოიწყეს, აქ დგომით აშკარად მოწყენილები ჩანდნენ.
1
1
პასპორტები აფხაზურ საკონტროლო პუნქტზე შეგვიმოწმეს. აფხაზი მესაზღვრეები ერთად ისხდნენ და ეწეოდნენ. ერთ-ერთი მათგანი წამოდგა, ნამწვი მიწაზე დააგდო, შავი, მძიმე სამხედრო ფეხსაცმელი დააჭირა და პასპორტები მოგვთხოვა.
"აი, თქვენს მთავრობას რომ ეღიარებინა (აფხაზეთის დამოუკიდებლობა) - მაშინ ამ ყველაფრის გავლა არ მოგიწევდათ“, - გვითხრა მან, პასპორტები დაგვიბრუნა და ჩვენც გზა განვაგრძეთ.
1
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო