ევროკავშირის წარმომადგენლობა და ელჩი: უმჯობესია არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი
ელჩები დეოლიგარქიზაციაზე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის მიერ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, უმჯობესია, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ამ ფორმით არ მიიღოს.
კანონპროექტს ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინკსიც. მისი თქმით, ევროკავშირის რეკომენდაცია არ მოიცავს პოზიციას იმის შესახებ, თუ როგორია სწორი ან არასწორი მიდგომა დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუ ვენეციის კომისია ამბობს, რომ სწორი სისტემური მიდგომაა და არსებული კანონპროექტი კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ევროკომისიასაც ანალოგიური პოზიცია ექნება.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება
“ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: მოცემული რისკების გათვალისწინებით, უმჯობესია არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. ერთად უფრო მტკიცედ შეგვიძლია წინსვლა.”
პაველ ჰერჩინსკის განცხადება
“ვენეციის კომისიის თანახმად, ეს კანონპროექტი არ უნდა იქნა მიღებული, რადგან არსებობს სერიოზული რისკები. ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად. დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ხუთი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში.
არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს იყო ქართველების გადაწყეტილება, წარმოედგინათ კანონპროექტი, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიის მიხედვით, ეს არ არის სწორი მიდგომა. ვენეციის კომისია გამოდის სისტემური მიდგომის შეთავაზებით და ამიტომ ჩვენც ვგრძნობთ, რომ სისტემურ მიდგომა არის სწორი, რაც მოიცავს ბევრ რამეს. ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემის რეფორმას, ეს ნიშნავს მეტ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას”.
● ორი აზრი: უნდა მისცენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი “ქართული ოცნების” პირობებში?
● ვინ არის ოლიგარქი საქართველოში?
სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, დეოლიგარქიზაცია – რა პირობები წაუყენა EU-მ საქართველოს
საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მაინც მიიღო. კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 2 იყო.
კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ”, რომელიც მოამზადა “ქართულმა ოცნებამ”, “ვერ იქნება დანახული როგორც დემოკრატიული ან ეფექტური პასუხი ოლიგარქიზაციაზე” – ასეთ დასკვნას აქვეყნებს ევროსაბჭოს ვენეციის კომისია, რომელმაც კანონპროექტი შეისწავლა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას არ მიიღონ იგი. ეს არის კომისიის საბოლოო დასკვნა.
ვენეციის კომისია თვლის, რომ კანონპროექტის ახალი ვერსია შესაძლოა ხელისუფლების ოპონენტებზე ზემოქმედების იარაღად იქცეს.
კომისიაში აცხადებენ, რომ ამ კანონის ნაცვლად საჭიროა ხელისუფლებამ „სისტემური რეფორმები“ გაატაროს. მათ შორის ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა; მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის გაძლიერება ა.შ.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ გაითვალისწინა კომისიის ყველა რეკომენდაცია და ასევე, კანდიდატის სტატუსის მოპოვების თითქმის ყველა რეკომენდაციას ასრულებს.