როგორ უდებენ რუსეთში ნარკოტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ
„228 – ყველას ვერ ჩაუდებენ!“
ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ 12 ივნისს, მოსკოვში, ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად გამართული მარშის მონაწილეებს.
გოლუნოვის დაპატიმრებას, მისთვის ნარკოტიკების ჩადებით ცდილობდნენ. მას სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლით ემუქრებოდა გასამართლება და ეს ლოზუნგიც სწორედ აქედან გამოვიდა.
• დაკავებები მოსკოვში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო მარშზე
228-ე მუხლი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იარაღი გახდა ოპოზიციონერებისა და ზოგადად, რამით უკმაყოფილო ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსულმა გამოცემა „ნოვაია გაზეტამ“ გააანალიზა ამ მუხლის გარშემო განვითარებული პროცესები.
• როგორ აქცია ვლადიმირ პუტინმა ქუჩის კრიმინალი მაფიოზურ სახელმწიფო მანქანად
სისხლის სამართლის კოდექსის „სახალხო მუხლი“
სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლს „სახალხოს“ უწოდებენ, რამდენადაც, ამ მუხლით, მხოლოდ 2018 წელს, 74 752 ადამიანი გაასამართლეს.
ეს უფრო მეტია, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით გასამართლებულთა რაოდენობა რუსეთში.
228-ე მუხლით გასამართლებულთა ნახევარზე მეტი, 61 პროცენტი – 18-დან 34 წლამდე ადამიანები არიან.
გასამართლებულთა ნახევარზე მეტს, 57 პროცენტს – 2-დან 5 წლამდე პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ეს მხოლოდ მომხმარებლები.
თუკი საუბარია ნარკოტიკების გასაღებაზე, საპატიმრო სასჯელი შეიძლება 15 წლამდე გაიზარდოს. სწორედ ეს ბრალდება წაუყენეს ივან გოლუნოვს.
ზუსტად ასევე იზრდება სასჯელის ხანგრძლივობა, თუკი ნარკოტიკების რაოდენობა „მნიშვნელოვანი“ ან „დიდია“.
ზუსტი ზომა
„მნიშვნელოვნად“ მიიჩნევა: მარიხუანა – 6 გრამი, ჰაშიში – 2 გრამი, მეფედრონი – 0,2 გრამი, ჰეროინი – 0,5 გრამი.
„დიდ“ რაოდენობად ითვლება: მარიხუანა – 100 გრამი, ჰაშიში – 25 გრამი, მეფედრონი – 2,5 გრამი, ჰეროინი – 2,5 გრამი.
კანონის უზენაესობის ინსტიტუტის ექსპერტები, რომლებმაც 2017 წელს გამოაქვეყნეს კვლევა ნარკოტიკების ამოღების სტატისტიკასთან დაკავშირებით, ასეთ ტენდენციას აღნიშნავენ: ადამიანებს, რომლებსაც ამა თუ იმ ნივთიერებას აღმოუჩენენ ხოლმე, ძირითადად ზუსტად იმდენი ან ცოტა მეტი აქვთ, ვიდრე საჭიროა „მნიშვნელოვანი“ ან „დიდი“ რაოდენობის დასაფიქსირებლად და ბევრად იშვიათად – ცოტა ნაკლები (ექსპერტებმა მხოლოდ ჰეროინის ამოღების 54 ათასი შემთხვევა გააანალიზეს).
განსხვავებულად მოაზროვნეთა წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუტი
ნარკოტიკების შენახვის ან გასაღების ბრალდებას რუსეთში ხშირად იყენებენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმე – პირველი არ არის.
ფსკოვის შემთხვევა, შეიძლება, საჩვენებლად ჩაითვალოს, სადაც უკვე ხუთი თვეა დაპატიმრებულია ადგილობრივი აქტივისტი, ოპოზიციური ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ წარმომადგენელი, არტიომ მილუშკინი, მის მეუღლეს, ლია მილუშკინას კი შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული. მათ ნარკოტიკების მსხვილი პარტიის გასაღებაში ადანაშაულებენ.
მილუშკინები 2019 წლის 16 იანვარს დააპატიმრეს. არტიომისა და ლიას სახლში შევარდნენ კბილებამდე შეიარაღებული ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის კონტროლის განყოფილების თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმის ნიღბიანი წევრები. მათ ჩაამტვრიეს ფანჯრები, შეაშინეს მცირეწლოვანი ბავშვები, მეუღლეებს ხელბორკილები დაადეს და ოთხსაათიანი ჩხრეკა ჩაატარეს.
„მე მეჩვენება, რომ ჩემი შვილისა და ივან გოლუნოვის საქმეები მსგავსია. ივანის ადვოკატსაც კი დავურეკე, როდესაც ჟურნალისტი ჯერ კიდევ შინაპატიმრობაში იყო და ვთხოვე, ჩემი მხარდაჭერა გადაეცა. ჩემი შვილი, არტიომ მილუშკინი, უკვე ხუთი თვეა საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. დაკარგული და დათრგუნულია. მას მძიმე ბრონქული ასთმა და ჰიპერტონია აქვს. არასოდეს ჰქონია საქმე ნარკოტიკებთან. ეს, ალბათ, მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება და ვიღაც ანგარიშს უსწორებს“, – განაცხადა არტიომის დედამ, ირინა მილუშკინამ.