ხელოვნება თუ სოციალური პროტესტი - რა ამოძრავებთ ქართველ სტრიტ არტისტებს
რამდენიმე წელია, თბილისსა და თუ სხვა ქალაქებში ზოგიერთი შეუხედავი კედელი თუ ადგილი უჩვეულოდ გაფერადდა. ქუჩებში გამოჩნდა გრაფიტისა და სტენსილის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრებიც: სასაცილო, ირონიული, საპროტესტო , ან უბრალოდ ფერადი ნახატები და წარწერები.
სტრიტ არტი – ქუჩის ხელოვნება, რომელსაც ურბანულ არტსაც ეძახიან, საქართველოში ნელ-ნელა პოპულარული ხდება. არტისტებს ყოველგვარი შუამავლის გარეშე, პირდაპირ ქუჩაში, პირდაპირ აუდიტორიასთან შეუძლიათ ინტერაქცია, მათთვის სათქმელის მიწოდება და იქვე დამთვალიერებლის რეაქციის მოსმენაც.
JAMnews შეეცადა გაერკვია თუ რისი თქმა სურთ ქართველ სტრიტ არტისტებს.
გაზაფხულის პირველ კვირაში, ერთ ღამეს, გაგოშამ საღებავების ნაკრები, სტენსილისთვის მომზადებული მასალები ფრთხილად მოაგროვა და თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირისკენ გაემართა. იქ ერთი კედლის ნანგრევი უკვე შერჩეული ჰქონდა. ჩქარობდა, მეგობრებიც ეხმარებოდნენ. ხატვას ღამითვე შეუდგა.
8 მარტს, გამთენიისას, გამვლელებს უკვე მიტოვებულ კედელზე გამოსახული ნამუშევარი დახვდათ: მანქანებით დატვირთულ გზატკეცილზე, შუაგულში ასფალტია ამოხეთქილი, საიდანაც ფერადი იები მოჩანს. იებს შავთეთრ ფერებში სტენსილით გამოსახული ბავშვი ეფერება, რომელსაც, იმისათვის, რომ ყვავილებს შეეხოს, მანქანების მტვერსა და ქარცეცხლში დგომა უწევს.
ასე გადაწყვიტა მხატვარმა გაგოშამ თბილისის ქუჩებში გამვლელებისთვის გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, მათი ყოველდღიურობა ცოტა მწვავედ შეეხსენებინა.
გაგოშა – Gagosh – გიორგი გაგოშიძე, ერთ-ერთი თანამედროვე ქართველი არტისტია, რომელიც ძირითადად, სტრიტ არტის მიმართულებით მუშაობს.
„იმას, რომ ვიწუწუნო, ან ფეისბუკზე დავპოსტო, თუ „რა ცუდია ეს ყველაფერი“, ეს მირჩევნია [სტრიტ არტი], ჩემი კედელი ეს არის, და არა ფეისბუკი…მინდა, რომ მყარი და ხელშესახები იყოს ყველაფერი და პროტესტში მივიღო მონაწილეობა“, – ამბობს გაგოშა და მაზნიაშვილის ქუჩაზე, მისი ერთ-ერთი ნამუშევრისკენ მიგვიძღვება. „ნამდვილ“ კედელზე, რომელთანაც ის ჩამოჯდა, პიჯაკში გამოწყობილი ვარდისფერი ღორი ძაღლებს მიასეირნებს.
„ყოველთვის მინდოდა, რომ ორველის ხედვაზე რაღაც დამეხატა, კარგი ალეგორიები აქვს… ფაქტიურად, ყველა მმართველობა ეგ არის – სათავეში ღორები სხედან და ძაღლები ჰყავთ, რომლებსაც აყეფებენ“, – ამბობს მხატვარი.
მუშათა უფლებები, კორუფცია, არჩევნები, ოკუპირებული ტერიტორიები, სასამართლო, ეკოლოგია – გაგოშას ნამუშევრები, თითქმის ყოველთვის, მიმდინარე სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებს ეხმაურება. ის სოციალური სტრიტ არტისტია; და მისთვის ეს ხელოვნებაცაა და აქტივიზმიც.
ქართველი არტისტების ნაწილისთვის სტრიტ არტი სწორედ ეს არის – საპროტესტო პლატფორმა, სადაც აუდიტორიის ჩართულობა და რეაქციაც მნიშვნელოვანია. თუმცა, არა ყველასთვის. ზოგიერთი მათგანი სტრიტ არტში მხოლოდ გარემოს გალამაზებას ხედავს. დანარჩენები კი სტრიტ არტს, ცალკე აღებულს, არც კი განიხილავენ, რადგან თანამედროვე ხელოვნებაში გამოხატვის ადგილისა და ფორმის რაიმე ჩარჩოებში ჩასმას არ ეთანხმებიან.
• ფილმი ოს მხატვარ ქალზე, რომელიც კონფლიქტის ზონაში, ქართულ სოფელში ცხოვრობს
• თანამედროვე ჩინეთი თბილისში. ეროვნული მუზეუმი ჩინელი არტისტების გამოფენას მასპინძლობს
„ყველაფერი რაღაცნაირად კავშირდება“
„სტრიტარტის მთავარი მუღამი ის არის, რომ არაფერზე არ არის დამოკიდებული“, – ამბობს არტისტი გამეზა, რომლის გრაფიტის ნამუშევრებს თბილისში, ქუთაისში, თუ სხვა ქალაქებში არაერთგან შეხვდებით.
„ვინც გადაწყვეტს, რომ რაღაცის დახატვა და დაწერა უნდა, მარტო თავის იდეას ემხრობა. ეგ არის მთავარი ხიბლი… ყველაფერი რაღაცნაირად კავშირდება“.
გამეზა თბილისში, ჭოროხის ქუჩაზე, თავის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ზომის ნამუშევარს გვათვალიერებინებს: ერთდროულად სიმპსონისეული და ნიკო ფიროსმანისეული მეთევზე მდინარის ნაცვლად წყლიან ჭურჭელში დგას და ხელში სამთვალიანი თევზი უჭირავს. მის უკან კი უცხოპლანეტელების ხომალდს მიზანში საქართველოს პარლამენტი ამოუღია.
– მიჰყავთ, თუ ჩამოსვეს პარლამენტი?
– მიჰყავთ. აი, ეგ არის – ან კარგია, ან ცუდია, რომ მიჰყავთ, ეს შენ როგორც გინდა, ისე გადაწყვიტე.
გამეზას ურჩევნია, რისი თქმაც ნამუშევრით სურდა – ამაზე „სხვამ ილაპარაკოს და დაინახოს რამე, ან არ დაინახოს“. ამიტომაც, გრაფიტის იდეას არ გვიყვება.
„პროცესი არის თვითშედეგი“, – ამბობს სპონტანურობის მომხრე მხატვარი და ინტერვიუს პარალელურად, ხელში საღებავებს იღებს, ჭოროხის ქუჩაზე ერთი ძველი სახლის პატარა კიბეს პოულობს და მის ძირში თაგვის ხატვას იწყებს.
უფრო სწორად – იმის ხატვას, რასაც მერე თქვენ დაინახავთ, ან არ დაინახავთ.
„ყველა მიმართულებას აქვს თანაბარი შესაძლებლობა, გამოხატოს იდეა. გააჩნია, იდეას და ჩანაფიქრს. მე ხან სტენსილს ვიყენებ შეტყობინების გადასაცემად, ხან სატელეფონო ზარს, ხან პერფორმანსს”, – ამბობს არტისტი მარიამ ნატროშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კონცეფციაზე აგებული მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი ქუჩაშია განთავსებული, მარიამი საკუთარ თავს „სტრიტ არტისტს“ არ უწოდებს.
მისი ნამუშევრები ხშირად სხვადასხვა ადგილას განთავსებულ წარწერებს მოიცავს. მაგალითად, იგია ავტორი ცნობილი ინსტალაციისა „ხვალ“ და გრაფიტისა „ჰაერში ტყვიაა“, რომელიც შარშან, განახლებულ პეკინის ქუჩაზე ველოსიპედის ხაზზე გამოჩნდა. მარიამი არტისტ დეთუ ჯინჭარაძესთან ერთად მუშაობს.
„ზოგადად არტისტებს რა ამოძრავებს არ ვიცი. მე რასაც ვაკეთებ, იმიტომ ვაკეთებ, მოწყენილი რომ არ ვიყო”, – ამბობს მარიამი.
ქუჩიდან ხელოვნებაში და – უკან
სტრიტ არტი, როგორც ხელოვნება მსოფლიოში 1960-იან წლებში გამოიკვეთა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მეამბოხე არტია. ზოგიერთ წრეში ჯერ კიდევ დაობენ – ის ხელოვნებაა უფრო, თუ ვანდალიზმი, რადგან ხშირად არასანქცირებულ ადგილებში სრულდება.
„თავდაპირველად სტრიტ არტი მარგინალური ჯგუფების (გეტოების, გარეუბნების მაცხოვრებლები, შავკანიანები და ა.შ..) თვითგამოხატვასთან ასოცირდებოდა, – იმ ადამიანების, ვისთვისაც სახელოვნებო ინსტიტუციები, ელიტარული გალერეები დახურული იყო“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი.
„პოსტმოდერნიზმმა ის გამოხატვის სხვადასხვა ფორმებსა და ტენდენციებს გაუთანაბრა, მათ თანასწორ მოვლენად აქცია“.
თემები ამოუწურავია, თუმცა, ყველაზე ხშირად სტრიტ არტი პოლიტიკურ და სოციალურ პროტესტს გვთავაზობს. მის პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვით ისეთ ცნობილ არტისტებს, როგორებიც არიან ჟან მიშელ ბასკია – ის 80-იან წლებში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ნიუ-იორკის ქუჩებში საკუთარი, განუმეორებელი ხელწერა დატოვა; „სტრიტარტის მეფედ“ წოდებული, აქტივისტი კით ჰარინგი – მის მწვავე სოციალურ და პოლიტიკურ მესიჯებს, რომლებიც ამავე დროს ხელოვნების ნიმუშებია, ნიუ-იორკის ქუჩებში დღესაც შეხვდებით.
უკვე კლასიკად იქცა ჩვენი დროის ყველაზე იდუმალი და თან გავლენიანი სტრიტ არტისტის – ბენკსის ნამუშევრები, რომლის სოციალურ თუ პოლიტიკურ მესიჯებს დღეს უკვე მთელი მსოფლიო ელოდება.
ბენკსისა თუ სხვა თანამედროვე არტისტების მაგალითები კარგად აჩვენებს სტრიტ არტის მასშტაბებსა და შესაძლებლობას – გამოიწვიონ საზოგადოებრივი რეაქცია თემებზე, რომლებიც აღელვებთ.
როგორი იღებს არტისტების გამოწვევას ქართული საზოგადოება, ან რა შედეგების მოტანა შეუძლია სტრიტარტს ქართულად?
შიში და ცენზურა ქართულ სტრიტარტში
მხატვარი თინა ჩერტოვასთვის სტრიტ არტი პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთ პლატფორმაა, ოღონდ ერთი პირობით: ის არ უნდა იყოს აგრესიული. ქალთა გაძლიერება, ცხოველთა უფლებები – სხვადასხვა სოციალურ თემასთან ერთად, რომლებზეც ის მუშაობს, თინამ 2 წლის წინ ახალი პროექტი ჩაიფიქრა: სიყვარულზე და ლგბტ თემის წარმომადგენლებზე.
„არ იყო პროვოკაციული… მინდოდა მეჩვენებინა ადამიანების სიყვარული. არ აქვს მნიშვნელობა სქესს, ყველას ერთნაირად გვიყვარს, – ამბობს თინა, – ხუთი კედელი უნდა მოხატულიყო პროექტის ფარგლებში“.
თუმცა, ამ ნამუშევრებისთვის თბილისში ვერც ერთი კედელი ვერ მოიძებნა. მიზეზი, ძირითადად, თემატიკა იყო.
თბილისის მერია, სამხატვრო აკადემია, კაფე-რესტორნები, მეზობლების ავტოფარეხი, – კედლების ძებნაში თინამ ვის აღარ მიმართა. იხსენებს, რომ თავდაპირველად ნამუშევრები ყველას მოსწონდა, თუმცა, როცა თემატიკას იგებდნენ, პირდაპირ ან ირიბად თანამშრომლობაზე თითქმის ყველა უარს ეუბნებოდნენ. თინას ალტერნატიული გამოსავლის პოვნა დასჭირდა: პროექტის განსახორციელებლად მოძრავი კედლები დაამზადებინა.
თუ თინა ჩერტოვას პროექტის დასრულებაში ხელს ირიბად უშლიდნენ, ახალგაზრდა არტისტის, სანდრო ფაჩუაშვილის ნამუშევარი, რომელიც „თბილისის ქუჩის ხელოვნების ფესტივალის“ ფარგლებში დახატა, პოლიტიკური მოტივით, თვითონ ფესტივალის ორგანიზატორებმა „დააკორექტირეს“.
„14 წლის, 13 ჭრილობა, 0 მკვლელი“- ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელში შესრულებული გრაფიტით და ამ წარწერით ავტორმა 2017 წელს თბილისში 51-ე სკოლასთან მოკლული მოზარდების საქმის გამოუძიებლობა გააპროტესტა. მეორე დღეს, წარწერა გადაშალეს.
ორგანაიზატორმა და „ქუჩის ხელოვნების ფედერაციის“ პრეზიდენტმა ვასილ შურაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ამ წარწერის გამო ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ჯფუგებთან დააკავშირეს, წაშლაც ამიტომ გახდა საჭირო.
თბილისის მერის მოადგილე და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი სოფიო ხუნწარია „ჯემნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ ფაჩუაშვილის ნამუშევრის შინაარსთან და მის ცვლილებასთან მერიას არანაირი კავშირი არ ჰქონია, რადგან მერია ქალაქში შესრულებული სტრიტ არტის, ისევე როგორც ნებისმიერი კულტურული ღონისძიების შინაარსობრივ დეტალებში არ ერევა.
გაგოშას თქმით, სტრიტ არტის 200-მდე ნამუშევრიდან, რომელიც მას ჯამში შეუსრულებია, 90% უკვე აღარ არსებობს – გადაშალეს, პოლიტიკური, რელიგიური, ან გაურკვეველი მოტივებით.
როგორც წესი, დახატვიდან მეორე დღესვე ქრება ხოლმე ანტი-სამთავრობო ნახატები. ასეთ ბედი ეწია, მაგალითად, კანცელარიის კედელზე გამოსახულ, გაგოშას გრაფიტის კორუფციაზე, ან ნამუშევრებს საარჩევნო კარუსელზე, სასამართლოზე.
ვინ და რატომ ერჩოდა მის ნამუშევარს კარგად იცის მარიამ ნატროშვილმა, რომელიც პოლიციაში არაფორმალურ დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც საპატრიარქოს კარზე დაწერა: 25 000 000 000.
2015 წელს ამ წარწერით, მარიამ ნატროშვილმა და გვანცა ჯიშკარიანმა საქართველოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადარიცხული დიდძალი თანხები გააპროტესტეს. პოლიციაში მოხვედრილ არტისტებს სიტყვიერად უსაყვედურეს, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება.
რეაქცია, რაც ქართული სტრიტ არტის სულ რამდენიმეწლიან ისტორიაში ხელოვანებმა გამოიწვიეს, ძირითადად შიში და კონტროლია.
როდესაც ქუჩის ხელოვანები აუდიტორიისგან განსხვავებული რეაქციის მაგალითს იხსენებენ, ეს ძირითადად სოციალურ ქსელებში, მათ პოსტებზე დატოვებული დადებითი კომენტარებია.
რატომ არ გასცდა მწვავე საკითხებზე დისკუსია სოციალური ქსელებს, ან რატომ არ იწვევს ქუჩის ხელოვნება უფრო მასშტაბურ უკუკავშირს? ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი ამბობს, რომ ამგვარი ძალა თუ მუხტი დღეს საქართველოში არა მხოლოდ სტრიტ არტს, არამედ მთლიანად ხელოვნებას აკლია და ის „ვერ ახდენს სერიოზულ გავლენებს, არ იწვევს სააზროვნო პროცესს“.
„ჩვენთან საერთოდ ვერ გამოინახა პროტესტის ისეთი ფორმა, რომელიც რეალურად ეფექტური იქნება. საზოგადოებაც ზოგადად გულგრილია, შესაძლოა საკუთარ პრობლემებში ჩაძირულობის გამო“, – ამბობს ხაბულიანი.
საზოგადოების მზადყოფნასთან ერთად კი, ამის მიზეზი თვითონ ხელოვნება და სტრიტარტიც შეიძლება იყოს, რომელსაც, არტისტებისვე თქმით, ერთეული შემთხვევების გარდა, საქართველოში ჯერ კონცეპტუალურობა და სიღრმე აკლია.