აფხაზეთში მცირე ბიზნესს სჭირდება არა ფული, არამედ რეფორმები
ბიზნესი აფხაზეთში
რუსული პროდუქცია, როგორც კონკურენტი და ცუდი კანონმდებლობა
დაურ გუმბა 52 წლისაა. ის განათლებით ისტორიკოსია. 10 წლის წინ გადაწყვიტა, რომ საკუთარი საქმე წამოეწყო. მან აფხაზურსიმბოლიკიანი მაისურების ბეჭდვა დაიწყო. შემდეგ, მეთუნეობაზე გადაერთო და შუშისა და ხისგან საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებას შეუდგა.
ეს ყველაფერი დაურმა თავად ისწავლა.
ახლა მის სტუდია „არტელში“ რვა ადამიანი მუშაობს. მცირე საწარმო სოხუმში, ყოფილ საბჭოთა სამხედრო ქარხნის ერთ-ერთ სართულზე მდებარეობს. ამ შენობის ნახევარზე მეტი სასაქონლო ბაზარს უკავია.
• აფხაზეთმა ადგილობრივი ბიზნესის დასახმარებლად გადაუმუშავებელი თევზის ექსპორტი აკრძალა
• ქართული თხილის მთავარი ბაზარი ევროკავშირის ნაცვლად რუსეთი გახდა
„ათი წლის წინ დავფიქრდი: რატომ ჩამოგვაქვს აფხაზურსიმბოლიკიანი პროდუქცია თურქეთიდან და რუსეთიდან, როდესაც შეგვიძლია ის თვითონ დავამზადოთ. თავიდან ტრაფარეტული ბეჭდვის ჩვეულებრივი დანადგარი შევიძინე, შემდეგ – რელიეფურ ზედაპირზე ბეჭდვის დანადგარი. დავიწყე ნახატების გაკეთება მაისურებზე, სანთებელებზე, გასაღებების საკიდებზე, პატარა სუვენირებზე“, – იხსენებს გუმბა.
ხუთი წლის შემდეგ, დაურმა საქმის გაფართოება გადაწყვიტა და თიხის ჭურჭლის საწარმო გახსნა, რომელიც ახლა ღვინის დოქებსა და ბოთლებს, ასევე თეფშებს, ჭიქებს, სუვენირებსა და ბევრ სხვა რამეს უშვებს.
დაური თიხისთვის საკუთარი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით დადის სოფლებში, იაშტუხასა და ოთხარაში, ასევე ტყვარჩელში. იქაური თიხა მეთუნეობისთვის ყველაზე შესაფერისია.
დაურის თქმით, თიხის მოპოვების ყველაზე მარტივი მეთოდი – წერაქვი და ნიჩაბია:
„გაავსე ტომარა, მოიგდე ბეჭებზე და მოათავსე მანქანაში“.
პროდუქციის დამზადების ორი ვარიანტი არსებობს. თუკი სწრაფად და თხელკედლიანი ჭურჭელია დასამზადებელი – მაშინ სპეციალურ ფორმებს იყენებ. ხელით მუშაობა კი დიდხანს გრძელდება, მაგრამ მისი შედეგიც შესაფერისია.
„არტელში“ თიხაზე სამუშაოდ გამოიყენება 3D პრინტერი და ლაზერი გრავიურებისთვის.
მეთუნეობის ცეხში მუშაობს საბინა ახიბა. ის 22 წლისაა. პროფესიით გრაფიკული დიზაინერია, „არტელში“ კი ორი წლის წინ მივიდა.
ახლა, ერთ სამუშაო დღეში საბინას უკვე 30 თეფშის დამზადება შეუძლია.
დაურის განცხადებით, მისი საწარმოს პროდუქცია აფხაზური ბაზრის მხოლოდ 3-5 პროცენტს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ რესურსები 10-12-ჯერ მეტის წარმოების საშუალებას იძლევა. მიზეზი – რუსულ პროდუქციასთან კონკურენცია და კანონმდებლობა, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს არ იცავს.
„თუკი მე დავბეჭდავ რუსულსიმბოლიკიან მაისურებს და მათ რუსეთში წავიღებ – ისეთ გადასახადებს დამაკისრებენ, რომ მეორედ იქ წაღება აღარ მომინდება. მაისური ოქროდ გადაიქცევა. რუსეთის ხელისუფლება იცავს საკუთარ წარმოებას. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეთი რამ არ ხდება“, – ამბობს დაური.
მას მიაჩნია, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ უნდა დააწესოს გადასახადი აფხაზურსიმბოლიკიანი პროდუქციის რუსეთიდან შემოტანაზე. უფრო მეტიც, მისი თქმით, იმპორტირებული „აფხაზური პროდუქცია“ ხშირად „უხარისხოა“.
„ადრე ჩვენი კერამიკა იყიდებოდა გაგრაში. შემდეგ უკრაინიდან შემოტანა დაიწყეს. მაგალითად, ჭიქაზე გამოსახულია უკრაინულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი და აწერია „აფხაზეთი“.
და ეს მხოლოდ ნახევარი უბედურებაა. ხარისხი საშინელია – კერამიკა მთლიანად დასრულებული არ არის, ზედაპირიც უხარისხოა, გრამატიკული შეცდომებია დაშვებული დასახელებებში. „აფხაზეთის“ ნაცვლად, შესაძლოა, დააწერონ „აფაზეთი“, დროშის ფერებიც შესაძლოა სრულიად სხვა იყოს“, – ჰყვება დაური.
მისი აზრით, მცირე საწარმოები შესაძლოა აფხაზური ეკონომიკის განვითარების ერთგვარ ფუნდამენტადაც იქცეს. მაგრამ ამისათვის მწარმოებლებს პირობები უნდა შეუქმნან.
„ჩინეთმა ამით დაიწყო, სინგაპურმაც. წარმოება სარდაფებსა და სხვენებში. საიდან გაჩნდება ეკონომიკა, თუკი ჩვენ არ შევქმნით სამუშაო ადგილებს? აი, მე მყავს ადამიანი, რომელიც ხეს ჭრის. ის დაკავებულია საქმით და არ აქვს დრო მიტინგებზე სასიარულოდ. აი, შენ ფული და სიმშვიდე პოლიტიკაში“, – აცხადებს ის.
„გვჭირდება მომხმარებელი ფულით“
აფხაზეთში ნავებისა და მცირე ზომის იახტების წარმოების ერთადერთი ბიზნესი ლეონიდ ჩერქეზიას ეკუთვნის.
მართალია, ზღვიდან შორს, ქალაქ ტყვარჩელში დაიბადა, ლეონიდი ბავშვობიდან ოცნებობდა ნავების აგებაზე.
რამდენიმე წლის წინ, მეგობრებთან ერთად პირველი ნავი, „ნიავი-24“ შეკრა. შემდეგი ნავი იყო „ჩიჟიკი“. 2015 წელს კი პროექტს კიდევ სამი დაემატა.
მცირე საწარმომ ნავის უკვე რამდენიმე ვარიანტი გამოუშვა – „პელა“, „ბუტ-ტუზი“, „Forest Stream“, „ეგოისტი“, „პელიკანი“. ბოლო ორი მოდელი ჩერქეზიამ თვითონ შეიმუშავა, უკვე არსებული პროექტების ბაზაზე, მაგრამ სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით.
„ჩვენ ბევრი ძველი ნავიც გავარემონტეთ. ავტომობილების მისაბმელის დეტალებიც დავამზადეთ და თვითონ მისაბმელიც გავაკეთეთ, მაგრამ ეს ჩვენი პროფილი არ არის. საინტერესო იყო ჩვენი ტექნოლოგიებით „სფერო-სახლის“ დამზადებაც“, – ჰყვება პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, კირილ ბაზილევსკი.
ბიზნესმენემა ასევე გადაწყვიტა, რომ სოხუმში ბავშვების თანამედროვე აფროსნობის სკოლა შეექმნა. უკვე შეიძინეს რამდენიმე ძველი ნავი, რომლებიც ახლა მოჰყავთ წესრიგში.
„არის საორგანიზაციო და იურიდიული სირთულეები, მაგრამ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ აფროსნობის სკოლა სოხუმში იქნება“, – ამტკიცებს კირილ ბაზილევსკი.
რაც შეეხება ნავების წარმოებას, როგორც ბიზნესს, აქ მთავარი პრობლემა – პროდუქციის მაღალი თვითღირებულებაა, ვინაიდან პრაქტიკულად ყველა მასალა (ფისი, ბოჭკოვანი მინა, ფანერა) რუსეთიდან შემოდის, პლუს ტრანსპორტირების ხარჯები.
მეორე პრობლემა – მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა.
„ყველა მსურველს არ შეუძლია, თავს ათასდოლარიანი ნავის შეძენის უფლება მისცეს. აფხაზეთში არც იახტების გასაჩერებელი ადგილია. ამის გარეშე კი იახტინგის განვითარება შეუძლებელია. ჩვენ თავად შევეჯახეთ ამას, როდესაც ერთი სეზონი ზღვაში ჩვენი ექვსმეტრიანი იახტა „ატლასით“ ექსკურსიების მოწყობა ვცადეთ“, – ამბობს ბაზილევსკი.
მისი თქმით, აფხაზეთში მცირე ბიზნესს თავისით არ შეუძლია ეკონომიკის ლოკომოტივი გახდეს – საჭიროა სისტემური რეფორმები და ინვესტიციები.
„იმისათვის, რომ მცირე ბიზნესი განვითარდეს – საჭიროა ფულიანი მომხმარებელი. საჭიროა ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია, პირველ რიგში, ტურისტულის. საჭიროა საკურორტო სეზონის 8 თვემდე გაზრდა მაინც. აუცილებელია თანამედროვე მცირე სასტუმროების აგება, სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაწყება. ამ ყველაფრის გარეშე არ იქნება ბიუჯეტში შენატანები, არც სამუშაო ადგილები, არც მოსახლეობის მსყიდველობითი შესაძლებლობების გაზრდა“, – დარწმუნებულია ბაზილევსკი.
ყველაზე მთავარი – ეს არის ოფიციალური მხარდაჭერა
ადგილობრივი ბიზნესმენი, ანა კალიაგინა ფიქრობს, რომ მცირე ბიზნესზე დაყრდნობით, აფხაზეთს შეუძლია ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება.
„აფხაზეთი ტურიზმზეა ორიენტირებული – ამიტომ მან განსაკუთრებით უნდა აიღოს კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ეს კარგი გამოსავალია სოფლად მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის – შექმნან მცირე ფერმები“, – ამბობს კალიაგინა.
მისი აზრით, ასეთი პროდუქცია დაფასებულია რუსეთში, ევროპაში და სწორი მიდგომის შემთხვევაში, მასზე დიდი მოთხოვნა იქნება:
„ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანია – ოფიციალური მხარდაჭერა. გადასახადების შემსუბუქება, პროდუქციის რეალიზაციაში დახმარება, სერტიფიცირების რეალური სამსახურის შექმნა. ასევე, „იაფი“ კრედიტები ტექნიკის შესაძენად. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერზე დაფიქრდებიან და ადგილობრივი ბიზნესის დასახმარებლად პროგრამები შემუშავდება“.