ძველი შენობების მოდერნიზაცია სომხეთში: ენერგიის დაზოგვა და თანამედროვე დიზაინი
შენობების ენერგოეფექტურობა სომხეთში
სომხეთში საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობა 30-60 წლის წინ აშენდა და ახლა მიმდინარეობს მუშაობა მათ გამაგრებასა და მდგრადობაზე. პარალელურად მიმდინარეობს მათი მოდერნიზება ენერგოეფექტურობის სტანდარტების მიხედვით.
როგორ ხდება შენობები ენერგოეფექტური და რას აძლევს ეს ხალხს და ქვეყნის ეკონომიკას? ყველა დეტალი ექსპერტებისა და მოდერნიზებული სახლების მცხოვრებლებისგან.
“ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა”
გასულ წელს არუს მკრტჩიანმა იყიდა ბინა ქალაქ სპიტაკის ერთ-ერთ მოდერნიზებულ კორპუსში. მისი ყურადღება ჯერ შენობის იერსახემ მიიპყრო, მერე მოსახლეობას ჰკითხა და გაირკვა, რომ აქ გაზსა და ელექტროენერგიაში გაცილებით ნაკლებს იხდიან.
„ზამთარში ოროთახიანი ბინის გასათბობად 40-50 ათას დრამს ვიხდიდი, ახლა კი იანვარში გადავიხადე 26000 დრამი [დაახლოებით $68] გაზში და 8800 დრამი [დაახლოებით $23] ელექტროენერგიაში ახალი სამოთახიანი ბინის გასათბობად. ჩვენ მოგვწონს ახალ ბინაში ცხოვრება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვზოგავთ ფულს, არამედ იმიტომ, რომ ახალ სახლში უფრო მეტი კომფორტის შეგრძნებაა“, – ამბობს არუსი.
ენერგოეფექტურობა მცხოვრებლებისთვის
ენერგოეფექტური შენობების განახლება არის ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც მოიცავს:
• შენობების გარე კედლების, სახურავების და საძირკვლის თბოიზოლაციას;
• კარ-ფანჯრების მონტაჟს ან შეცვლას ენერგოეფექტური კარ-ფანჯრებით;
• გათბობის და გაგრილების სისტემების მოდერნიზაციას;
• მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟს;
• ენერგოეფექტური განათების სისტემის მიერთებას.
პროექტი „შენობების ენერგოეფექტურ მოდერნიზაციაში ინვესტიციების რისკების შემცირება“ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2017 წლიდან ხორციელდება – მწვანე კლიმატის ფონდის დაფინანსებით და სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს კოორდინირებით.
ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროგრამით ზამთრისა და ზაფხულის თვეებში უფრო დაინტერესებულია, მაშინ როცა ელექტროენერგიასა და გაზში დიდი თანხების გადახდა უწევთ, მაგრამ პროგრამაში ჩართვის ერთადერთი სირთულე ის არის, რომ ახალ მოსახლეს შენობის ყველა დამქირავებლის თანხმობა სჭირდება.
პროექტი თანადაფინანსებულია სომხეთის მთავრობის მიერ – სუბვენციური პროგრამების, ასევე იმ ქალაქების მერიების მიერ, სადაც ეს შენობები მდებარეობს.
ენერგოეფექტურობის ექსპერტი არტურ ცუგუნიანი ამბობს, რომ სხვადასხვა შეფასებით, შენობების მოდერნიზაციის შედეგად, შესაძლებელია ჩვეულებრივი ხარჯების დაზოგვა 40-50 პროცენტის ფარგლებში:
„მრავალბინიან და საზოგადოებრივ შენობებში [ბაღები, სპორტული სკოლები, კულტურის სახლები და ა.შ.] საგრძნობლად არის გაზრდილი თერმული კომფორტი, რაც დადებითად აისახება ადამიანების ცხოვრების ხარისხზე. ამასთან, უძრავი ქონების ბაზარზე მოდერნიზებული ბინების ღირებულება დაახლოებით 10-15 პროცენტით იზრდება“.
სხვა პროექტებისგან განსხვავებით, რომლებიც კონცენტრირებულია დედაქალაქში, ენერგოეფექტურობის პროგრამა მუშაობს სომხეთის რეგიონებშიც – ალავერდში, ტაშირში, დილიჯანში, სპიტაკში, ბერდში, გიუმრში, ქაჯარანში, აშტარაკში და სხვა ქალაქებში უკვე შეგიძლიათ ნახოთ გარეგნულად მოდერნიზებული შენობები. ერევანში კი არა მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, არამედ საბავშვო ბაღები, სპორტული სკოლები და კულტურული ცენტრები უკვე გახდა ენერგოეფექტური.
მოდერნიზაცია გულისხმობს ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი საბაზრო გარემოს შექმნასაც: ბოლო წლებში სომხური ბანკები ასტიმულირებენ „მწვანე სესხებს“ ენერგოეფექტურობის კომპონენტით (მზის პანელები, გარე კედლების თბოიზოლაცია, განათების განახლება).
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დედაქალაქში და მიმდებარე დასახლებებში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია არსებული შენობების თერმული რეკონსტრუქცია. ეს მათ საშუალებას აძლევს, გარკვეული დროით დარჩნენ კონკურენტუნარიანი უძრავი ქონების ბაზარზე.
ენერგოეფექტურობა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით
ყველა განახლების სარგებელი, რომელსაც მოიჯარეები იღებენ, გასაგები არ არის.
შენობების თერმული რეკონსტრუქციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სომხეთში არსებული შენობებიდან სათბურის გაზების ემისიების შემცირება, ამბობს კლიმატის ცვლილებისა და მწვანე ენერგიის ექსპერტი ტიგრან სეკოიანი.
ენერგიის მნიშვნელოვანი დაზოგვის შედეგად, 20 წლის განმავლობაში დაგეგმილია ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება 1,4 მლნ ტონამდე.
მათი თბომოდერნიზაციის შედეგად ყოველწლიურად 1,25 ტვტ/სთ-ზე მეტი ენერგიის დაზოგვა იქნება შესაძლებელი. სათბურის გაზების ემისიების შემცირების პოტენციალი არის 250,000 ტონა CO2 წელიწადში, რაც დაზოგავს დაახლოებით $63 მილიონს.
ეფექტურობა ეკონომიკისთვის
ეკონომისტები განმარტავენ, რომ ენერგოეფექტური გარემო არის უცხოური და შიდა ინვესტიციების სტიმული. მშენებლობის ტემპი ბოლო წლებში შეიძლება შენარჩუნდეს გეოგრაფიის გაფართოებით, „მწვანე“ სამუშაო ადგილების შექმნით და ქვეყანაში სტაბილური ფინანსური ნაკადების უზრუნველყოფით.
ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია საბანკო სექტორი, რომელიც ხელსაყრელი პირობებით სესხების გაცემით, ბაზარზე ახალი პროდუქტების შემოტანას, ავტორიტეტსა და ფულის მიმოქცევის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
აქტიური მშენებლობები ინარჩუნებს სამუშაო ძალას ქვეყნის შიგნით. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სულ უფრო ნაკლები ადამიანი ტოვებს ქვეყანას სამუშაოს საძიებლად, რადგან სომხეთში მშენებლობებმა მათი მოტივაცია აამაღლა. უფრო მეტიც, სფერო იზიდავს სამუშაო ძალას სხვა ქვეყნებიდანაც, მაგალითად, ინდოეთიდან და ტაჯიკეთიდან.
როგორც ახალ, ისე არსებულ შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროცესი პროფესიონალურ წრეებს (ელექტრიკოსებს, მშენებლებს, მზის პანელების კომპანიებს და ა.შ.) აძლევს ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს.
პროექტის განმახორციელებლები მის სარგებლიანობას ასეთ დასაბუთებას აძლევენ: როდესაც ადამიანი სახლს თანამედროვე სტანდარტებით არემონტებს, მას უჩნდება კმაყოფილების და სტაბილურობის განცდა. როცა ადამიანი კომფორტში ცხოვრობს, შრომისუნარიანობა მატულობს, ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება, ქვეყნიდან წასვლის შესახებ ფიქრები იკლებს, ყველა ეს ფაქტორი კი პირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე.
ენერგოეფექტურობაც წიგნიერებაა
პროგრამის ერთ-ერთი მიზანია „ხალხში ენერგოეფექტური ქცევის წახალისება“. ამისთვის გადაიღეს ვიდეორგოლები, რომლებიც გადაიცემა, მათ შორის, რეგიონული ტელეარხების ეთერებში. საინფორმაციო დაფები ასევე დამონტაჟდა ერევანსა და რეგიონებში.
ვიდეოები მოგვიწოდებენ, რომ არ დავხარჯოთ იმაზე მეტი ელექტროენერგია, ვიდრე საჭიროა.
პროგრამის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანებს ესმით პრობლემის მნიშვნელობა, მაგრამ, როგორც სხვა მნიშვნელოვან საკითხებში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.