"შეთანხმება იყო ანომალია, ღია და უხეში მცდელობა, შეცვლილიყო ხელისუფლება" - კობახიძე მიშელის შეთანხმებაზე
კობახიძე მიშელის შეთანხმებაზე
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კიდევ “სხვადასხვა საკითხი იყოს განხილული”. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება “იყო ანომალია, ღია და უხეში მცდელობა, შეცვლილიყო ხელისუფლება.” კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სავიზო პოლიტიკა მკაცრია და “ელჩმა ასეთ რაღაცებს” უნდა მიხედოს.
ჟურნალისტის კითხვაზე, “მოსალოდნელია თუ არა კომუნიკაციის აღდგენა რუსეთთან, კიდევ რაიმე ახალი ნაბიჯები ან სხვა თემების შემოტანა ორმხრივ ურთიერთობებში”, კობახიძე პასუხობს:
“ჩვენი მიზანია სუვერენიტეტის შენარჩუნება. მიზანი არის, რა თქმა უნდა, არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და ამ პრინციპების დაცვა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შენარჩუნება, განმტკიცება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია მყარი პერსპექტივის შენარჩუნება, ეს არის ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, აქ ძალიან რთულია სწრაფ ტემპებში ხელშესახები პროგრესის მიღწევა, მაგრამ ამის მყარად შენარჩუნება არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენი მიზანია, რომ არა თუ არ დავშორდეთ ამ პერსპექტივას, მინიმუმ, შევინარჩუნოთ ეს პერსპექტივა.
ჩვენი მთავარი მიზანია საკუთარი ქვეყნის ინტერესების და ხალხის ინტერესების დაცვა და არა ის, რასაც ითხოვენ. საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების დაწესება, ესკალაცია, მეორე ფრონტისკენ ქვეყნის წაყვანა, ამას არ დავუშვებთ.“
კობახიძე აშშ-ის ელჩის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ თუ კელი დეგნანი თვლის, რომ “რუსეთთან პირდაპირი ფრენები იწვევს დაახლოებას ქვეყანასთან, მაშინ რატომ არ ხდება ეს საქართველოსა და აშშ-ს შორის”.
კობახიძემ მკაცრი სავიზო რეჟიმის მაგალითად ანსამბლი “მართვე” მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, ივლისში უნდა გამგზავრებულიყო აშშ-ში, თუმცა საელჩომ ვიზის გაცემის ვადები ნოემბრამდე დაუსახელა, რის გამოც ისინი ვერ გაემგზავრნენ. ის ელჩს მოუწოდებს, “ასეთ რაღაცებს მიხედოს და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს”.
“ვითარება ასეთია: შარშანწინდელი სტატისტიკა დევს ერთ-ერთ ბრიტანულ საიტზე და ხდება რა, საქართველოს მოქალაქეებს დაუკმაყოფილდათ სავიზო განაცხადების 37% და ამაზე უამრავი ადამიანი საუბრობს, უამრავი შემთხვევაა, როდესაც მაგალითად საქართველოს მოქალაქემ მიიღო სტუდენტური დაფინანსება, ყველაფერი გამზადებულია და ვიზას არ ურტყამენ.
ჩემს გარშემოა მარტო 2 ასეთი შემთხვევა, გაუგებარია, რატომ შეიძლება ახალგაზრდას, ბავშვს არ ჩაურტყა ვიზა, როცა დაფინანსება აქვს მიღებული, ასეთი უამრავი ფაქტია, აღარ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ 37%-ია მაჩვენებელი. როდესაც იგივე სტატისტიკა დევს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით, იქ რა ვითარებაა. 63%-დან 88%-მდე მერყეობს ვიზების გაცემის სტატისტიკა, აი, აქ არ ვიცი, რა ლოგიკური ახსნაა. ვიზალიბერალიზაციასაც ხომ არ ვითხოვთ? როგორ შეიძლება ასეთი მკაცრი პოლიტიკა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ. 37% ჩვენთან და 63%-დან 88%-მდე მეზობელ ქვეყნებში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში.” – ამბობს კობახიძე.
● ამერიკის ელჩი: საკითხავია, რატომ აძლევს პუტინი ამ “საჩუქარს” საქართველოს ახლა
● ევროკავშირი ოცნებას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს
● სენატორები შაჰინი და რიში: საქართველოს მთავრობის უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ზომების მიღება ვთხოვოთ
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
პუტინმა კიდევ ერთი განკარგულებით რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენებიც შეწყვიტა.