ევროკომისიის პირობებიდან სრულად შესრულებულია მხოლოდ ერთი - არასამთავრობოების ანგარიში
არასამთავრობოების ანგარიში
8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “ღია საზოგადოების ფონდთან” ერთად მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას ასახავს.
ორგანიზაციების შეფასებით, ამ დროისთვის შესრულებული არ არის ევროკავშირის ხუთი პირობა, დიდწილად შეუსრულებელია ორი, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი და შესრულებულია მხოლოდ ერთი პირობა.
● შესასრულებელია: დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია გარემო, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
● ნაწილობრივ შესრულდა: საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გაძლიერება, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი;
● მეტწილად შესრულდა: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა.
“დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს.
სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს. დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია.”– ნათქვამია განცხადებაში.
● ევროკავშირის ელჩი: საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა
● ევროკავშირის ელჩი: მაქვს ინფორმაცია, რომ მედია ზეწოლის ქვეშაა
● სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: დაუსჯელობა, პოლიტიკური პატიმრები და მედიის თავისუფლება
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 2022 წლის 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) კი 2022 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა და გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც მსგავსი აქტი მიიღო. საქართველოს მმართველი პარტია აცხადებს, რომ იზიარებს PACE-ის რეზოლუციის ზოგად სულისკვეთებას, თუმცა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, რადგან არ ეთანხმება ჩანაწერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 8 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. მიღებული კომპრომისული დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ნახსენები როგორც ოლიგარქი, თუმცა დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე მოცემულია მისი სახელი და გვარი და წერია, რომ აუცილებელია ივანიშვილის ჭარბ გავლენებთან დაკავშირებით მიღებული იყოს, მათ შორის, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.
მიმდინარე წლის 3 თებერვალს ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და საქართველოს თანხვედრას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან “საშუალოდ მომზადებულად” შეაფასა.