NATO-ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია - NDI-ს კვლევის მთავარი მიგნებები
NDI-ს კვლევის მთავარი მიგნებები
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2023 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობაში NATO-ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია. ასევე, მოსახლეობის უმრავლესობას ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან სურს.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტს. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას “ცუდად” აფასებს. მხოლოდ 9% ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა “კარგია”.
გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
ასევე, უმრავლესობა (69%) ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა
აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ ჰქონდათ.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა – 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს.
კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? 2023 წლის მარტში დადებითი პასუხი მხოლოდ 24%-მა გასცა, რაც 2022 წლის ივლისისა და დეკემბრის შემდეგ მკვეთრადაა შემცირებული (ივლისში 39%, დეკემბერში – 31%).
მოსახლეობის 64% ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს, 9% კი ამბობს რომ არ იცის.
აქვე, ქართული ოცნების მხარდამჭერთა 14% და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. მათ შორის ახალგაზრდები (18-34 წლის მოსახლეობა) განსაკუთრებული სკეპტიკურობით გამოირჩევიან.
ამავე კვლევით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 47% მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს; კიდევ უფრო მეტი 61% კი ამავეს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე ამბობს.
მოსახლეობის 37% ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ხოლო 21% ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა 18% მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
ასევე ყოველი მეხუთე ოპოზიციის მხარდამჭერი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი – 21% ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. NDI-ის ცნობით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
მოსახლეობის 17% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას, 5% ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა. 57%-ის თქმით, მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, 10% ამბობს, რომ არ იცის, 7% კი პასუხზე უარს ამბობს.
მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც ხმას მისცემდნენ საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს.
კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? 34% ამბობს, რომ არცერთს, 26% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 9% პასუხზე უარს აცხადებს.
გამოკითხულთა 20% აცხადებს, რომ არჩევნებში ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 5% კი “ნაციონალურ მოძრაობას”.
NDI-ის ცნობით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალია. მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 25% 55+ ასაკობრივ კატეგორიაშია, 17% 35-54 წლისაა, ხოლო 18-34 წლის 8%.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია.
კითხვაზე, “როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას”, მოსახლეობის 43% კარგად, 43% ცუდად აფასებს. ამავე კითხვაზე, 11% ამბობს, რომ არ იცის, 3% კი უარს ამბობს პასუხზე.
● რა გეგმა აქვს ოპოზიციას ხელისუფლების შესაცვლელად?
კვლევის მიხედვით, მოქალაქეების უმრავლესობას ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან სურს.
კვლევის მიხედვით, ევროკავშირთან მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას მოსახლეობის 54% ემხრობა, ხოლო ეკონომიკურ თანამშრომლობას 52%. რუსეთთან კი- 12% პოლიტიკურ თანამშრომლობას უჭერს მხარ, ხოლო 16% ეკონომიკურს.
NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 82% ემხრობა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველა დემოგრაფიულ კატეგორიაში მაღალია.
მოსახლეობის 35% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს.
მოსახლეობაში NATO-ს მხარდაჭერა კვლავ სტაბილურად მაღალია.
კვლევის თანახმად, მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებს შორის.
შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, პასუხები ასე გადანაწილდა:
- მისაღებია – 73%
- მიუღებელია – 13%
- არ ვიცი – 13%
NDI-ის საზოგადოების განწყობის კვლევის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, გაორმაგდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არცერთ არხს არ ენდობა.
გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის 51% არცერთ არხს არ ენდობა, 18% ენდობა იმედს, 8% მთავარ არხს, 5% რუსთავი ორს, 3% ტვ პირველს, 3% საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხოლო 6% სხვა არხებს.
ასევე, გამოკითხვით ირკვევა, რომ ახალგაზრდები ტელევიზიების მიმართ უნდობლობით გამოირჩევიან, ხოლო 55+ ასაკის მოსახლეობა უპირატესობას ტვ იმედს ანიჭებს.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ნახევარი ტვ იმედს ენდობა, ხოლო მეორე ნახევარი ან სხვა არხებს ენდობა, ან – არცერთს.
● “რატომ არ გესმით ხალხის მოთხოვნა? მათ უნდათ ევროპა და არა რუსეთი” – საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში
● საპროტესტო ბანერები – აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან