აზერბაიჯანი: ქორწილი გამოსაშვები საღამოს ნაცვლად
აზერბაიჯანში მალე გამოსაშვები და მისაღები გამოცდები დაიწყება. გასულ წელს, აზერბაიჯანულ უმაღლეს სასწავლებლებში, დაახლოებით, ორმოცი ათასი სტუდენტი მოეწყო. თუკი ოფიციალურ სტატისტიკას ვენდობით, უნივერსიტეტებში ჩამბარებელთა შორის, გოგონათა რიცხვი ბიჭებისაზე 6-7 პროცენტით ნაკლებია. ეს ძალიან განსხვავდება მსოფლიო ტენდენციისგან: ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტების ნახევარზე მეტი – გოგოა. დასავლელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გენდერული სხვაობა ქალების სასარგებლოდ მხოლოდ გაიზრდება – მაგალითად, აშშ-ის განათლების დეპარტამენტი პროგნოზირებს, რომ ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებში გოგოების რიცხვი 2026 წელს 57 პროცენტს მიაღწევს. 2017 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 56 პროცენტია.
აზერბაიჯანულ ოფიციალურ სტატისტიკას დიდად არ უნდა დაეყრდნო. მაგალითად, 2017 წლის მონაცემები მოწმობს იმას, რომ გამოსაშვები კლასების აბსოლუტურად ყველა მოსწავლე მოეწყო უმაღლესში.
მაგრამ იმის შესახებ, რომ უმაღლესი და ხშირად საშუალო განათლებაც კი არ არის ხელმისაწვდომი ბევრი ქალისთვის, დამოუკიდებელი ექსპერტები საუბრობენ.
„მხოლოდ უშნო გოგოები სწავლობენ“
„და რატომ ვხარჯავთ ამდენ ფულს რეპეტიტორებზე? – ჩივის მეზობლებთან აიგიუნი, 35 წლის ბაქოელი ქალი, – რატომ უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტში? ყოველ შემთხვევაში, შემდეგ, ქმარი მაინც არ მისცემს მუშაობის უფლებას“.
აიგიუნის ქალიშვილი 15 წლისაა და უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადება, მაგრამ დედა ამ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებს. თვითონ აიგიუნმა პედაგოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ უკვე მეორე კურსზე გათხოვდა და დიასახლისი გახდა.
აშუალო განათლება აზერბაიჯანში უფასოა, უმაღლესში კი სტუდენტების ნახევარზე მეტი ბიუჯეტის ხარჯზე სწავლობს, დანარჩენები (რომლებმაც ნაკლები ქულა მიიღეს) თვითონ იხდიან საფასურს. კონკურსი მაღალია და ერთეულები თუ აბარებენ უნივერსიტეტებში მხოლოდ სკოლაში ნასწავლის იმედად. აბიტურიენტების აბსოლუტური უმრავლესობა, როგორ მინიმუმ, ორი წელი კერძო რეპეტიტორებთან ემზადება. მთელი მომზადება, შესაძლოა, რამდენიმე ათასი დოლარი ღირდეს.
აიგიუნის ქალიშვილს, როგორც სხვა ქალაქელ გოგოებს, უფრო უმართლებთ, ვიდრე მათ პროვინციელ თანატოლებს – ქალაქელ მშობლებს უფრო ხშირად აქვთ შესაძლებლობა და სურვილი, დაეხმარონ ქალიშვილებს განათლების მიღებაში.
აზერბაიჯანის ყველაზე კონსერვატიულ პროვინციებში, ქვეყნის სამხრეთით, ხუმრობენ, რომ „მაღალ კლასებში მხოლოდ უშნო გოგოები სწავლობენ“. ანუ ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ გათხოვილა. აქ ხშირად ხდებიან პატარძლები 15-16 წლის ასაკში და მეცხრე კლასის შემდეგ, უფრო ადრეც კი, სკოლას თავს ანებებენ.
პრობლემა შვეიცარიის ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ხელმძღვანელმა, სიმონა ჰაბერლიმ შენიშნა. მან გასული წლის დეკემბერში, აზერბაიჯანის განათლების მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის ყურადღება მიაპყრო იმას, რომ აზერბაიჯანის სამხრეთის რეგიონების სკოლების უმრავლესობაში, კლასებში არცერთი გოგო არ არის. მინისტრმა ასეთი სულისკვეთების პასუხი გასცა: „ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“.
აზერბაიჯანში არ აწარმოებენ ოფიციალურ სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რამდენი გოგო ანებებს სკოლას თავს.
„მამაკაცებმა რომ არ შეხედონ“
ქალთა კრიზისულ ცენტრ „სუფთა სამყაროს“ გასული წლის განმავლობაში 71-მა ქალმა მიმართა, რომლებიც ადრეული ქორწინებისა და განქორწინების შემდეგ, ქუჩაში დარჩნენ ყველანაირი საარსებო წყაროს გარეშე. 17 მათგანს დაწყებითი სკოლაც კი არ დაუმთავრებია.
ძირითადად, ესენი არიან მიყრუებული მთის სოფლების მცხოვრებლები. ასეთ ადგილებში უახლოესი სკოლა, შესაძლოა, დაახლოებით, 20 კილომეტრში იყოს. ბევრ მშობელს არ უნდა, ქალიშვილი ასე შორს გაუშვას.
„ვიცი შემთხვევები, როდესაც მშობლებმა ქალიშვილებს სკოლის დამთავრების საშუალება იმიტომ არ მისცეს, რომ სკოლის გზაზე მათთვის, შესაძლოა, მამაკაცებსა და ბიჭებს შეეხედათ“, – ამბობს გენდერული აქტივისტი ნისა გაჯიევა.
სოციოლოგი სანუბარ ჰეიდაროვა ამბობს, რომ ბაქოს მახლობელ სოფლებში სიტუაცია კიდევ უფრო უარესია, ვიდრე რეგიონებში. აქ არის ოჯახები, რომლებიც ქალიშვილებს სკოლაში სიარულს უკვე მე-5 მე-6 კლასის შემდეგ უკრძალავენ. მხოლოდ იმიტომ, რომ „ჩვენ სოფელში ასეა მიღებული“.
„რეგიონებში გოგონათა უმეტესობას ბავშვობიდანვე ჩაუდეს თავში, რომ მათი დანიშნულება – გათხოვებაა. არიან ისეთებიც, რომლებიც განათლებისა და კარიერისკენ ილტვიან, მაგრამ ასეთი ცოტაა“, – გვიყვება ჰეიდაროვა.
ინვესტიცია ბიჭებში
აზერბაიჯანში არის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქისათვის განათლების ხელმისაწვდომობას მიუხედავად მისი სქესის, რასის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულების, ეროვნების, სოციალური სტატუსის, წარმომავლობისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის. და არცთუ ისე იშვიათად არღვევენ მას თვითონ მშობლები. ისინი ხშირად უარს ეუბნებიან ქალიშვილს განათლებაზე, ვაჟის სასარგებლოდ.
დამოუკიდებელი კვლევის შედეგები აჩვენებს: აზერბაიჯანში მამაკაცთა 40% და ქალთა 20% მიიჩნევს, რომ თუკი ოჯახის ფინანსური რესურსები შეზღუდულია, უმჯობესია, ის ბიჭის განათლებაში ჩაიდოს და არა გოგოსი.
ეს ტენდენცია აზერბაიჯანში ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში არსებობდა, როდესაც განათლება უფასო და ბევრად ხელმისაწვდომი იყო.
60 წლის ჯამილა სამედოვა იხსენებს, ათი წლის წინ, ყოველდღე, როგორ მიდიოდა ცარიელ ოფისში, რათა სამუშაო დღის დაწყებამდე დაელაგებინა.
„ყოველ ჯერზე, როდესაც მაგიდების ქვეშ იატაკის გამოსაწმენდად ვიხრებოდი, ვლოცულობდი, რომ ჩემს ქალიშვილს, ჩემგან განსხვავებით, მაგიდასთან ემუშავა და არა მაგიდის ქვეშ“, – ამბობს ის.
ახალგაზრდობაში ჯამილა ხანუმს მასწავლებლობა უნდოდა, მაგრამ პირველი მცდელობით ჩაბარება ვერ მოახერხა და მშობლებმა ფაქტობრივად მაშინვე გაათხოვეს. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც უკვე სამი შვილი ჰყავდა, ქმარმა სამსახური დაკარგა, დალევა დაიწყო და ოჯახი საცხოვრებელი სახსრების გარეშე დარჩა.
„მომიწია დამლაგებლად მუშაობა და შეკვეთებით ტკბილეულის გამოცხობა. ძალიან რთული იყო. მაგრამ გამიჩნდა მიზანი – ჩემს ორივე ქალიშვილს მიეღო უმაღლესი განათლება და არ აღმოჩენილიყვნენ ისეთ სიტუაციაში, როგორშიც მე აღმოვჩნდი“.
ჯამილა ხანუმის თქმით, ის, რომ მისი შვილები „ხალხში გამოვიდნენ“ – ცხოვრებაში მისი მთავარი მიღწევაა.
დანამატი მზითევზე
ოფიციალური სტატისტიკა აზერბაიჯანში ყოველთვის არ ასახავს რეალობას და ყოველთვის არ არის საკმარისად დეტალური, რომ განსაჯო, რამდენმა მოსწავლემ მიიღო ატესტატი და შემდეგ, რამდენმა ჩააბარა უმაღლესში.
სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, აბსოლუტურად ყველა (!) მოსწავლე, რომელმაც 2017 წელს სკოლა დაამთავრა, მოეწყო ინსტიტუტში და უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ბიჭების რიცხვი მხოლოდ 6-7%-ით აღემატება გოგოებისას. თუმცა, იმავე სტატისტიკის მიხედვით, უმუშევარი ქალები მამაკაცებზე ერთ-ნახევარჯერ მეტია.
არსებობს ასევე გენდერული თანაფარდობა სტუდენტების მიერ შერჩეულ სპეციალობებში, რომელიც აჩვენებს, რომელი პროფესიები ითვლება აზერბაიჯანში ქალებისთვის უფრო მისაღებად: ეს არის განათლების სფერო, კულტურის, ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების. ეკონომიკის, მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების სფერო „მამაკაცებისად“ რჩება – შესაბამის სპეციალობებზე უმაღლესებში 75% ბიჭები სწავლობენ.
როგორც სოციოლოგი სანუბარ ჰეიდაროვა ამბობს, ბოლო წლებში მშობლები უფრო იშვიათად უკრძალავენ ქალიშვილებს სწავლას და არცთუ ისე ცოტა გოგო იღებს უმაღლეს განათლებას. მაგრამ ხშირად ეს იმიტომ კეთდება, რომ გაზარდონ მათი კონკურენტუნარიანობა „საპატარძლოთა ბაზარზე“. დიპლომი ამ შემთხვევაში დამატებითი მზითევია და უკეთესია, თუკი ეს არის ექიმის ან მასწავლებლის დიპლომი. ეს ყველაზე უფრო „ღირსეული“ ქალური პროფესიებია.
ქალთა კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელის, მეჰრიბან ზეინალოვას თქმით, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ქალებს უმაღლესი განათლება არ აქვთ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ პროფესია არ აქვთ.
„აზერბაიჯანში პრაქტიკულად არ არსებობს გოგოებისთვის საშუალო სპეციალური განათლების მიცემის ტრადიცია ანუ ასწავლონ მათ რაიმე ხელობა. ასეთ სასწავლებლებში, ძირითადად, ბიჭები აბარებენ, რათა მომავალში ოჯახის შენახვა შეძლონ. გოგოები კი, მაქსიმუმ, პარიკმახერობას სწავლობენ“.
სტატისტიკა ადასტურებს ზეინალოვას სიტყვებს – პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლე ბიჭების რიცხვი სამჯერ აღემატება გოგოებისას.
#დაე გოგონამ ისწავლოს
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დაიწყო ფლეშმობი #qızoxusun (#დაეგოგონამისწავლოს). ორგანიზატორები ამ გზით ცდილობდნენ ფულის მოგროვებას, რათა გადაეხადათ სწავლის საფასური 17 წლის აინურ გარიბოვასთვის – გოგონა ქვეყნის ჩრდილოეთიდან, მაღალმთიანი სოფლელ ხინალიგიდან არის.
ბავშვობაში აინური მშობლებთან ერთად ყოველთვის ზამთრის საძოვრებზე მიდიოდა და სკოლაში მხოლოდ მეექვსე კლასში მოხვდა. ამის მიუხედავად, მან არა მხოლოდ ატესტატი აიღო, არამედ, ბაქოში, უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარა – ფასიან ფაკულტეტზე. Crowdfunding-ის კამპანიის წყალობით, ახლა ის აზერბაიჯანის უცხო ენათა უნივერსიტეტში სწავლობს და სურს, რომ მისი დამთავრების შემდეგ, საკუთარ სოფელს დაუბრუნდეს, რათა იქ ინგლისური ენა ასწავლოს.
„ყოველთვის მინდოდა, გავმხდარიყავი პირველი გოგონა ხინალიგში, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო“, – ამბობს აინური.
The International Men and Gender Equality Survey (IMAGES) კვლევის თანახმად, აზერბაიჯანში მამაკაცთა თითქმის 70% და ქალთა 40% მიიჩნევს, რომ ქალის მთავარი როლი – საჭმლის მომზადება და ოჯახზე ზრუნვაა.
ქალების განათლების საკითხი აქტიურად განიხილება როგორც მედიაში, ისე სოციალურ ქსელებში.
ცოტა ხნის წინ, სკანდალი აგორდა ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეარხზე: აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ თავისი მომავალი მეუღლე შენიშნა, როდესაც ის მეშვიდე კლასში სწავლობდა, ის კი მისი მასწავლებელი იყო. მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, როგორც კი გოგონა სრულწლოვანი გახდა. მის მშობლებს მოელაპარაკა და მათაც ის სკოლიდან წამოიყვანეს.
ამ კაცს კატეგორიული პოზიცია ჰქონდა: ქალმა საკუთარი თავი მთლიანად საშინაო საქმეებს უნდა მიუძღვნას, ქმრის მოვლასა და შვილების აღზრდას. და ეს მისია გამორიცხავს განათლებას, მით უმეტეს – სამსახურს.
საზოგადოებას მკვეთრად ნეგატიური რეაქცია ჰქონდა. მამაკაცი პედოფილიასა (თვალი არასრულწლოვანს დაადგა) და რეტროგრადობაში დაადანაშაულეს.
მაგრამ ამ დავაში განათლების დამცველებმაც კი ასეთი არგუმენტი მოიყვანეს: ქალი უნდა იყოს განათლებული, რათა უკეთ აღზარდოს შვილები და კარგი მოსაუბრე იყოს ქმრისთვის.
კომენტარს აკეთებს მასწავლებელი და გენდერული აქტივისტი ნისა გაჯიევა:
„განათლების უფლება აქვს აზერბაიჯანის თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად მისი სქესისა. ქალი შეიძლება გახდეს დედა, შეიძლება არ გახდეს, შექმნას ოჯახი ან არ შექმნას. ის შეიძლება დაკავდეს შვილების აღზრდითა და განათლების მიცემით, შეიძლება არც დაკავდეს. მან შეიძლება განათლება მიიღოს იმიტომ, რომ ეს მისი უფლებაა, იმიტომ, რომ მას ეს უნდა და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, ასე უფრო სასარგებლო იქნებოდა მისთვის“.