ბიძინა ივანიშვილის მიერ ბაობაბების საქართველოში ექსპორტზე კენიის პარლამენტმა გამოძიება დაიწყო
ბიძინა ივანიშვილის ბაობაბები
კენიის პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა დაიწყო გამოძიება კილიფის რეგიონიდან ბაობაბების ხეების საქართველოში ექსპორტის საქმესთან დაკავშირებით. კენიური მედიის ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარემ, ჩარლზ კამურენმა თქვა, რომ გამოძიება პარლამენტს აცნობებს, რა ღონისძიებები უნდა გატარდებს ხეების დასაცავად.
“როგორც აღმასრულებელი ძალა, ჩვენ მოვიფიქრებთ კანონს, რათა დავიცვათ კენიელების საკუთრება. შეშფოთებულ დეპარტამენტებს მივცემთ მითითებებს ბაობაბების ექსპორტთან დაკავშირებით”. – თქვა კამურენმა.
საუბარია ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის განკუთვნილ ბაობაბებზე. გასული წლის ნოემბერში კენიაში ამ ხეების ექსპორტი შეაჩერეს, რადგან მყიდველებმა ამოძირკვა იქამდე დაიწყეს, სანამ შესაბამისი ლიცენზია გაიცემოდა.
გასული წლის ნოემბერში, ადგილობრივთა უკმაყოფილების შემდეგ, კენიის მთავრობამ საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტი აკრძალა, თუმცა 2023 წლის მარტში ეს აკრძალვა მოხსნეს.
კენიური მედიის მიხედვით, ბაობაბის ხეები კილიფის რეგიონის ორ სოფელში ტეზოსა და მაჯაონიში ამოძირკვეს და შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გაგზავნეს. კილიფის სოფლების მცხოვრებლებმა ხეები 800-2 400 დოლარის ფარგლებში გაყიდეს.
კენიის ეროვნული ასამბლეაში კილიფის რეგიონის ქალთა წარმომადგენელი, გერტრუდ მბეიუ ამბობს, რომ საჭიროა საქართველოში ჩასვლა და გარკვევა, რატომ სურს ინვესტორს ხეების ექსპორტი.
ხეების ამოძირკვას კენიის საზოგადოებასა და მედიაში უკმაყოფილება მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მასალები საერთაშორისო მედიაშიც გამოქვეყნდა. გარემოს დაცვის აქტივისტები, ბაობაბების ამოძირკვას “ბიომეკობრეობას” უწოდებდნენ.
The Guardian–ი 24 ოქტომბერს ბაობაბების შესახებ წერდა, თუ როგორ მიყიდეს კენიელმა ფერმერებმა საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე ბაობაბები ჯგუფს, რომელსაც ქართველი პირი, გიორგი გვასალია უძღვებოდა.
დეპუტატმა კილიფიდან, ოვენ ბაიამ, რომელმაც ბაობაბების ექსპორტის უფლება გასცა, თქვა, რომ სოფლის მაცხოვრებლების მიერ ბაობაბების ამოძრიკვა და გაყიდვა არც ერთი კანონით არ იზღუდება, რადგან ეს ხე არც ადგილობრივი და არც საფრთხის წინაშე მყოფი სახეობაა.
“ბაობაბი არსადაა კატეგორიზებული როგორც საფრთხის წინაშე მყოფი ჯიში. მე მეტყევეობის მაღალჩინოსნები და კაბინეტის თავმჯდომარე დავარწმუნე, რომ ბაობაბის რვა ხის ექსპორტი დაეშვათ”. – თქვა ოვენ ბაიამ.
● დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება
● ოლიგარქის სოფელი. როგორ ცხოვრობენ ჭორვილაში დღეს? რეპორტაჟი
● რა იმალება ვარდისფერი ფლამინგოს უკან? რეპორტაჟი დენდროლოგიური პარკიდან
სიტუაციას განსხვავებულად უყურებს გარემოს დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი, ბეტი კაჩე, რომლის განმარტებით, ექსპორტის დროს უგულებელყვეს ხეების ეკონომიკური და სოციალური ღირებულება. მისი თქმით, ბაობაბებს ტრადიციული მნიშვნელობა აქვს მიჯიკენდას ხალხისთვის და მათი ექსპორტი დაუშვებელია.
“გარემოს მენეჯმენტის ეროვნულმა სამმართველომ გასულ წელს ექსპორტის ლიცენზია გააუქმა, მაგრამ ახლა დაამტკიცეს. გვსურს ვიცოდეთ – რატომ?” – თქვა კაჩემ.
“სამწუხაროდ, მათ ჩვენს ხალხს 100 000 კენიური შილინგი (დაახლოებით $800) გადაუხადეს, თუმცა საქართველოში 3.5 მილიონ კენიურ შილინგად ყიდიან და ამიტომ გვსურს ამ ქვეყანაში ვიზიტი და კომპენსაციის მოთხოვნა”, – განაცხადა კენიის ეროვნული ასამბლეაში კილიფის რეგიონის ქალთა წარმომადგენელმა, გერტრუდ მბეიუმ.
კენიის ასამბლეაში საუბრობენ სავარაუდო კორუფციისა და პროცედურული დარღვევის ფაქტებზე და სწორედ ამ ყველაფრის გამოძიებას აპირებს კენიის პარლამენტი.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე უზარმაზარი დენდროლოგიური პარკი 2020 წელს გააშენა.
პარკი ღიაა მნახველებისთვის და ყველა, ვინც იქ იყო, გაოცებას ვერ მალავს – პარკი, თავისი გიგანტური ხეებით და ეგზოტიკური ცხოველებით საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე.
თუმცა ამ ვარდისფერი ფლამინგოებისა და ბამბუკის ხეივნების მიღმა ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემა იმალება – დენდროლოგიური პარკის მშენებლობის პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის, რაც ბევრისთვის ისედაც ცხადია – საქართველოში ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა ვერაფერზე უარს ვერ ეუბნება.
2016 წელს, როდესაც მედიაში პირველად გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ შავ ზღვაზე ხე მიცურავდა, ბევრმა ეს ამბავი არ დაიჯერა. უკვე მოგვიანებით, ზღვაზე მოლივლივე გიგანტური ხე საქართველოს შავიზღვისპირეთის პეიზაჟის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანი ხშირად თავად დადიოდა გურიის ან სამეგრელოს სოფლებში, რომ შეერჩია ხე, რომელსაც შემდგომ შეკვეთილში, მის რეზიდენციაში გადაიტანდნენ, სადაც დენდროლოგიური პარკი შენდებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ პროცესი სამართლებრივად გაუმჭვირვალე იყო – საეჭვო ტენდერები, ნებართვის გაცემის ბუნდოვანი პროცედურები, ასევე ხეების გადაზიდვის პროცესში ჩართული მთელი სახელმწიფო მანქანა და საბიუჯეტო რესურსი;