ვინ არიან ფრანკლინელები და რას ერჩის მათ ხელისუფლება
ფრანკლინის კლუბი
“თაობა Z”, ან როგორც მას ასევე უწოდებენ Gen Z, თბილისში 7-9 მარტს გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების სახე გახდა.
აქციებზე, სადაც მოქლაქეები “უცხოური აგენტების შესახებ” რუსეთში მიღებული კანონის მსგავს კანონპროექტს აპროტესტებდნენ, უფროსკლასელებიც იდგნენ. 26 წლამდე ასაკის ბევრი ახალგაზრდისთვის ეს პირველი საპროტესტო აქცია იყო მათ ცხოვრებაში. მოულოდნელად ყველასთვის, თაობა, რომელიც აქამდე პასიურობდა და მიიჩნეოდა, რომ ქვერყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილია, ბრძოლის ავანგარდში აღმოჩნდა და გასაკვირი სიმამაცე და გამბედაობა გამოიჩინა მაშინაც კი, როდესაც მიტინგების დარბევა დაიწყო წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით. აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც წყლის ჭავლს “ეცეკვება”, ასევე კადრები, სადაც ახალგაზრდები სირენების ხმაზე ცეკვავენ.
ამ ყველაფრის ფონზე, მმართველი პარტია იძულებული გახდა გაეწვია სკანდალური კანონპროექტი. საზოგადოების დიდი ნაწილი შეთანხმდა, რომ ეს სკორედ ჯენზის დამსახურება იყო.
თუმცა, ამ დათმობებიდან სულ რამდენიმე დღეში „ქართული ოცნება“ შეტევაზე გადავიდა და დაიწყო შავი პიარის აგორება იქ მყოფი ახალგაზრდების წინააღმდეგ.
ექსტრემისტური დაჯგუფება, ანარქისტები, პროვოკატორები, სატანის ფორმიანები – ეს იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, როგორადაც ამ ახალგაზრდებს პრემიერი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მოიხსენიებენ.
შავი პიარი დაიწყო ასევე სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლების ვერსიით, ცდილობს ახალგაზრდა თაობისგან რევოლუციონერები და ანარქისტები აღზარდოს.
მმართველი გუნდი ამ ნიშნით გამოყოფს „ფრანკლინის კლუბს“. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ კლუბში, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებენ, „ახალგაზრდების რეკრუტირება ხდება“.
JAMnews-ი დაინტერესდა რა ხდება ფრანკლინის კლუბში და “როგორ ურეცხავენ იქ ახალგაზრდებს ტვინებს”
__________________________________
„რა კავშირია ბრედ პიტს, მარგარეტ ტეტჩერსა და ბარაკ ობამას შორის?“ – კედელზე სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ფოტოებია ამონათებული. აუდიტორიაში 16-17 წლის მოსწავლეები სხედან და ლექტორის, ალექსანდრე ზიბზიბაძის ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობენ.
„ისინი ყველანი ცნობილი და გამოცდილი მოდებატეები იყვნენ,“ – თავად პასუხობს კითხვას ალექსანდრე და მოზარდებს უყვება, თუ რას ნიშნავს იყო კარგი მოდებატე და ამ მხრივ რითი არიან გამორჩეული ეს კონკრეტული პოლიტიკოსები და მსახიობები.
პარალელურად, მეორე აუდიტორიაში ლექტორ გიორგი ანდრონიკაშვილს წამზომი აქვს ჩართული. მოზარდები ორ გუნდად არიან დაყოფილები და ერთმანეთს დებატებში ეჯიბრებიან.
საკამათოდ აქტუალური თემაა არჩეული – უნდა იყოს თუ არა სავალდებულო საქართველოში სამხედრო სამსახური. პირველ ჯგუფს მტკიცებითი არგუმენტები აქვს მომზადებული, მეორე კი კონტრარგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს.
მესამე აუდიტორიაში დავით მუმლაძის ლექციაა, რომელიც მოწაფეებს ფაშიზმსა და ნაციზმს შორის სხვაობაზე ესაუბრება.
ეს ყველაფერი ფრანკლინის აკადემიაში ხდება, რომელიც ფრანკლინის კლუბის ერთ-ერთი პროექტია.
ამ კლუბის არსებობის შესახებ ბევრმა მარტის დასაწყისში გაიგო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 7-9 მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდებს სატანისტები უწოდა, რომლებსაც “ტვინს ურეცხავენ” ფრანკლინის კლუბში სპეციალური ლექციებით და ლიტერატურით:
„რაც “ფრანკლინის კლუბში” მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი, სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა. მიდის ახალგაზრდების, მოსწავლეების, სტუდენტების, რომ იტყვიან, ტვინის გამორეცხვა“.
და ასევე ანარქისტებიც უწოდა, რომლებსაც “დავალება ჰქონდათ მიცემული, შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან”.
პრემიერის განცხადებებზე ხუმრობების მოფიქრება ფრანკლინის აკადემიის ლექტორების და მოსწავლეების ბოლოდროინდელი მთავარი გასართობია.
„ახლა ბევრად უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე მანამდე,” – ამბობს 22 წლის დავით მუმლაძე, ფრანკლინის აკადემიის ხელმძღვანელი, – ძალიან ბევრმა მედიამ დაგვითმო ეთერი, მოიმატა გამომწერების რაოდენობამ და თითქმის ორჯერ არის გაზრდილი რეგისტრაციის მსურველთა რიცხვი.“
რა არის ფრანკლინის კლუბი?
ფრანკლინის კლუბი არის ორგანიზაცია, რომელიც ცხრამეტმა ახალგაზრდამ დაარსა 2020 წელს, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მესამედ მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა.
„ძალიან ფრუსტრირებულები ვიყავით და ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა ყოფილიყო მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც კლასიკურ ლიბერალურ თემებზე მიაწვდიდა ადამიანებს ინფორმაციას,” – ამბობს 29 წლის ალექსანდრე ზიბზიბაძე, ფრანკლინის კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
კლუბი მუშაობს სხვადასხვა სახის მედია პროექტებზე და პუბლიკაციებზე, თუმცა კლუბის ყველაზე დიდი და მასშტაბური პროექტი ფრანკლინის აკადემიაა, რომლის ბაზაზეც უკვე ათასამდე მოსწავლეა დარეგისტირებული.
აკადემიის მთავარი ფუნქცია ახალგაზრდებში ცოდნის გავრცელება და კრიტიკული აზროვნების განვითარებაა.
მსმენელად დარეგისტრირება როგორც სტუდენტებს, ისე უფროსკლასელებსაც შეუძლიათ, მეათე კლასის ზემოთ. ლექციები, ძირითადად, შაბათ-კვირას იმართება. სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა უფასოა, სტუდენტებისთვის სრული ერთი თვე 100 ლარი ღირს.
პირველი მოდული ზოგადი განათლების კურსია, სადაც შვიდ საგანს გადიან ერთი თვის განმავლობაში. მეორე საფეხურზე სტუდებნტი კონკრეტულ სფეროს ირჩევს – მაგალითად, ეკონომიკას ან სამართალს და ა.შ. მესამე საფეხური კი სამთვიან პრაქტიკას ითვალისწინებს – ახალგაზრდები პრაქტიკაში გამოცდიან იმას, რაც ისწავლეს.
სამ საფეხურიანი, რამდენიმე თვიანი კურსის შემდეგ აკადემიის მსმენელები იღებენ ზოგად, ბაზისურ განათლებას ეკონომიკის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის, მენეჯმენტის, დებატების, სამართლის და ხელოვნების მიმართულებით.
ახალგაზრდები ასევე სწავლობენ ბიზნეს-პროექტების წერას, აკეთებენ სასამართლო პროცესის იმიტირებას, ხვდებიან მხატვრებს, რეჟისორებსა და ფოტოგრაფებს, ამზადებენ პრეზენტაციებს და გამოსვლებს და ა.შ.
სულ, ჯამში 11 ჯგუფში 320-მდე მოწაფეა გადანაწილებული და ჯგუფები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს საკუთარი ფუნდამენტური უფლებების შესახებ, ერკვეოდეს ეკონომიკის საფუძვლებში, შეეძლოს კრიტიკულად აზროვნება და შეხება ჰქონდეს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებთან. სწორედ ამ ბაზისურ განათლებას ვაძლევთ 16-17 წლის ადამიანებს, რომელთაც პრემიერ მინისტრი ანარქისტებს უწოდებს,“ – ამბობს დავით მუმლაძე.
ვინ არიან ფრანკლინელები?
17 წლის მარიამმა ფრანკლინის აკადემიის შესახებ მეგობრისგან გაიგო.
„აქ რომ მოვხვდი, აღმოვაჩინე, რომ ისეთ თემებზე შემეძლო ლაპარაკი, რაც სკოლაში არასდროს გვიხსენებია – მაგალითად სამართალი, ან პოლიტიკური იდეოლოგიები. ამ ყველაფერზე მხოლოდ გაკვრით მქონდა გაგონილი, აქ კი ახალი სამყარო აღმოვაჩინე, სადაც გააზრებულად და დაფიქრებით შეგვიძლია სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობა.“
მარიამი აკადემიაშიც სწავლობს, თან პარალელურად აკადემიაში დასაქმდა – საორგანიზაციო საქმეებს აგვარებს. თან ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.
„ამ ყველაფრის მოსწრება რთული არ არის – მეცადინეობის შემდეგ აქ მოსვლა, ლექციებზე დასწრება და მუშაობა პირიქით, განტვირთვაა. აქ ნასწავლი მასალა ძალიან მეხმარება გამოცდებისთვის მომზადებაში. იურიდიულზე ჩაბარებას ვფიქრობ.“
„აქ ერთ ადგილს არასდროს ტკეპნი. სულ სიანტერესო, ჭკვიან და მოაზროვნე ადამიანებს ხვდები, ახალ მეგობრებთან ამყარებ ურთიერთობას. აქ ყველა დღე საინტერესოა და მუდმივად ვითარდები.“
16 წლის ნინი ერთ-ერთი პირველი ფრანკლინელია:
„აქ მოსვლამდე ძალიან ბევრი კომპლექსი მქონდა – ხალხთან ურთიერთობა მიჭირდა და ფრანკლინის დახმარებით ყველა ეს კომპლექსი დავძლიე. ვგრძნობ ჩემმა განათლების დონემ როგორ აიწია. აქ სტრესთან გამკლავებასაც ვსწავლობთ”.
„არა რუსულ კანონს!“ აქციები 18 წლის ზუკას პირველი საპროტესტო გამოცდილება იყო. 8 მარტის ღამეს წინა რიგებში აღმოჩნდა და სპეცრაზმისაგან ხელჯოხი მოხვდა.
„გაიწიეთ, თორემ დაგარტყამთო. ერთი წამიც არ იყო გასული, განძრევასაც ვერ მოასწრებდი ამ დროში, რომ უცებ დამარტყეს. თითქოს ხელჯოხი არაფერი არ არის, მაგრამ ისე ძლიერად მომხვდა, ინერციით უკან წავედი და გავითიშე. რომ გამოვფხიზლდი, ხუთი ადამიანი მეწვა ზედ. შველას ვითხოვდი, ვერ ვსუნთქავდი. ჩემმა მეგობრებმა ამომათრიეს. გონება დავკარგე. მეგობრები თურმე საფეთქელს მიზელდნენ და წყალს მასმევდნენ. არც მოლოტოვის კოქტეილები გვქონდა, არც არაფერს ვაშავებდით, უბრალოდ ვაპროტესტებდით უდიდეს შეცდომას.“
ზუკას თქმით, პრემიერის თავდასხმა ფრანკლინის აკადემიაზე, არის მხოლოდ და მხოლოდ შიში კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობის.
„ცვლილება ყოველთვის ახალგაზრდებს მოაქვთ და სწორედ ამის ეშინია ჩვენს პრემიერს.“
ზუკა 175-ე სკოლის მეთორმეტე კლასში სწავლობს. იმის მიუხედავად, რომ სკოლაშიც აქვს საინტერესო არჩევითი საგნები, მისი თქმით, ფრანკლინში სულ სხვა დონის განათლება მიიღო – უფრო გამოსადეგი და მყარი. ზუკამ ყველა მოდული გაიარა ფრანკლინის აკადემიაში და ახლაც ხშირად ესწრება სხვადასხვა ლექციებს.
„სკოლისგან განსხვავებით, აქ არ ვართ შებოჭილები. მეგობრული ურთიერთობა გავქვს ლექტორებთან და რაც ყველაზე მთავარია – საინტერესო გზას პოულობენ ჩვენთან საურთიერთოდ. აქ ვსწავლობთ, როგორ გავცდეთ ჩარჩოებს და როგორ ვიაზროვნოთ. ეს არის ევროპული განათლება, რომელიც ახალგაზრდების განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ ყველაფერს ებრძვის პრემიერი, იმის მიუხედავად, რომ თავად საფრანგეთში მიიღო განათლება და მისი შვილიც ამერიკაში სწავლობს.“
რატომ „ფრანკლინი“?
„საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან?“ – იკითხა პრემიერმა “ფრანკლინის აკადემიაზე საუბრისას.
„არ გვინდოდა ძალიან ბანალურები ვყოფილიყავით, მეორეს მხრივ, კი დასამასხოვრებელი სახელი გვინდოდა აგვერჩია. ბენჟამენ ფრანკლინი იყო კლასიკური ლიბერალი ადამიანი და თან, მის ბიოგრაფიას ბევრი კავშირი აქვს ჩვენი უდიდესი ლიბერალისა და მოაზროვნის – ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიასთან,” – გვიყვება კლუნის თანადამფუძნებელი ალექსანდრე ზიბზიბაძე.
ალექსანდრეს თქმით, მთავრობის მხრიდან ფრანკლინის კლუბის გაშავების მცდელობას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – ე.წ აგენტების კანონზე დიდი დამარცხების შემდეგ, მთავრობა ცდილობს ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანოს, მოძებნოს მტრის ხატი და საკუთარ დანაშაულზე არ ილაპარაკოს.
„სახელი არ არის ქართული, ასოცირდება ამერიკასთან და როგორც ნებსმიერი შავრაზმული პროპაგანდა, ეს სახელიც კარგად იქნა გამოყენებული პრორუსულად განწყობილი ადამიანებისთვის, როგორც აგრესიის ავტომატური საფუძველი.“
ასევე, ალექსანდრეს აზრით, მთავრობისთვის სახიაფათოა ნებისმიერი სივრცე, სადაც ბევრი ახალგაზრდა იკრიბება, განიხილავს სხვადასხვა საკითხებს და იღებს განათლებას.
„ასეთ სივრცეებში ხელისუფლების პროპაგანდა ვერ აღწევს, აქ ადამიანები არიან კრიტიკულები როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მიმართ და შესაბამისად, ასეთი ადგილები რისკის შემცველია მათთვის. და რაც მთავარია, ჩვენთან სწავლობს GEN Z თაობა, რომელმაც აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პროტესტში”.
დავით მუმლაძის თქმით, კლუბის წინააღმდეგ პროსახელისუფლებო მედიის შეტევა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო. პროპაგანდისტულ გაზეთ „ასავალ-დასავალში” დაიწერა სტატია სათაურით „თბილისში მასონების ლოჟა შეიქმნა“. შემდეგ მალევე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ფრანკლინელ ახალგაზრდებს „კმარას“ რეინკარნაცია და “კმარას” მემკვიდრეები უწოდეს.
„ორკესტირებული პროპაგანდისტული შეტევა მოაწყვეს. ყველაზე სასაცილო აქ ის არის, რომ ჩვენ, მაგალითად, საერთოდ არ გვახსოვს რა იყო „კმარა“, – ამბობს 22 წლის დავით მუმლაძე.
„აქამდეც იყო პროპაგანდისტული დარტყმები ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ ძალიან არ გაგვიკვირდა, თუმცა პრემიერისგან ნამდვილად არ ველოდით ასეთ განცხადებას,” – ამბობს 23 წლის გიორგი ანდრონიკაშვილი, ფრანკლინის აკადემიის ლექტორი.
„ცხადია, ეს დაკავშირებულია აქციებთან, ოღონდ აკადემიას ამ მიმართულებით ხმა საერთოდ არ ამოუღია. ყველამ, ვინც აქციაზე იყო, დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება.“
„მესიჯ-ბოქსმა „ნახეთ, რას უშვებიან ჩვენს შვილებს“ არ გაამართლა,” – აღნიშნავს ანდრონიკაშვილი.
“შემცირების მაგივრად, დასწრება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ ვეცადეთ პროპაგანდის ქვეშ მყოფი აუდიტორიისთვისაც მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია და ტელეკომოანია „იმედს“ ვთხოვეთ დაეთმოთ ეთერი, თუმცა, ჯერ-ჯერობით რეაქცია არ ყოფილა.“
ფრანკლის კლუბის და აკადემიის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმის შემდეგ, გუნდმა გადაწყვიტა დაეტოვებინა “საქართველოს უნივერსიტეტის” შენობა, რათა ეს კერძო სასწავლებელი არ აღმოჩენილიყო დარტყმის ქვეშ.
გახსნის დღიდან, რამდენიმე საერთაშორისო დონორთან ერთად, “საქართველოს უნივერსიტეტი” კლუბის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო. შაბათ-კვირას უნივერსიტეტი უსასყიდლოდ უთმობდა აკადემიას სივრცეს და სკოლის მოსწავლეების გადასახადს აფინანსებდა.
„ჩვენი გავლით ურტყამდნენ უნივერსიტეტსაც. სტუდენტებს ფრანკლინის წევრის იარლიყს ანიჭებდნენ და ამიტომ მივიღეთ რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რომ უნივერისტეტი დავტოვოთ,” – ამბობს დავით მუმლაძე.
მისი თქმით, კლუბი აიღებს პაუზას, რომ მოიფიქროს სად და როგორ გააგრძელებს მუშაობას:
„ახლა ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავს. უამრავი ორგანიზაცია გვიკავშირდება და თანამშრომლობას გვთავაზობს. პატარა პაუზას ავიღებთ და შემდეგ ახალ დონორებთან ერთად შევუდგებით მუშაობას.“