"მშობლებმა არ იციან როგორ ელაპარაკონ შვილებს". ანიმაციური გმირები სექსუალური განათლებისთვის
HERA XXI-ის ანიმაციური ვიდეოები
ამ სტატიაში JAMnews-ი გიყვებათ, რატომ არის მნიშვნელოვანი ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება არასრულწლოვნებისთვის. ასევე, ვინ და როგორ ცდილობს ამოავსოს ის ვაკუუმი, რაც ამ მიმართულებით არსებობს.
2022 წლის ბოლოს საქართველოში 12 წლის გოგომ შვილი გააჩინა. ამ შემთხვევამდე ორი წლით ადრე, 2021 წლის დასაწყისში, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, 14 წლის გოგომ, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, საკუთარი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.
ეს, მხოლოდ ორი, ყველაზე გახმაურებული შემთხვევაა არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ასობით შემთხვევიდან. ძალადობის მსხვერპლი გოგოები ხშირად ირჩევენ დუმილს. ბევრ მათგანს ეშინია, რომ დასჯიან, მომხდარს მათ დააბრალებენ.
არასრულწლოვან გოგოებზე ხშირად ძალადობენ ოჯახშიც, ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად. საქართველოში ხშირი აღარ არის, თუმცა, ისევ ხდება ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებიც.
- “სიმართლე მაინც ვერ დავამტკიცე”. დღიური, რომელსაც ნინი თვითმკვლელობამდე წერდა, ახლა პოლიციაშია
- ხალხი გოგონების წინააღმდეგ
- გათხოვება 14 წლის ასაკში
“ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში იშვიათი არ არის. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები 20-24 წლის დაქორწინებული ქალების 14%-მა 18 წლის შესრულებამდე შექმნა ოჯახი. მონაცემები ვერ იქნება სრული, რადგან ადრეული/ ბავშვობის ასაკში ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული”, – ვკითხულობთ კვლევაში “ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება”, რომელიც UNFPA-ს მიერაა მომზადებული.
ყველა ასეთი შემთხვევისას, იწყება დისკუსია, რამდენად მნიშვნელოვანია ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება. მაგრამ, საქართველოს სკოლებში ეს საგანი დღემდე არ ისწავლება.
ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლების და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების უმეტესობა იმ თავებს, რომლებიც რეპროდუქციულ ორგანოებს, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს ეხება, აუხსნელად ტოვებს.
“ახალგაზრდებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და სერვისებზე ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო ფეისბუქის დახურული ჯგუფები, ტიკ-ტოკის ბლოგები და გუგლის საძიებო სისტემაა”, – ნათქვამია კვლევაში “ახალგაზრდებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა”, რომელიც ასოციაცია HERA XXI-ის დაკვეთით 2021 წელს მომზადდა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები 18-25 წლის ახალგაზრდებს არ სმენიათ რაიმე ოფიციალური სერვისის ან პროგრამის შესახებ, რომელსაც გამოიყენებდნენ ურთიერთობებსა და სექსუალურ კავშირებზე, ან სხვა მათთვის საინტერესო საკითხებზე რჩევის მისაღებად.
ამასთან, ირკვევა, რომ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი სწორი ინფორმაციის მიღებაა, რადგან ხშირ შემთხვევაში უჭირთ განასხვავონ ინტერნეტში მოძიებული კვალიფიციური და სანდო ინფორმაცია, არასწორისგან.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის მეშვეობით კითხვების დასმას მოზარდები საკმაოდ პატარა ასაკში (10-12 წელი) იწყებენ. შესაბამისად, კვლევის ავტორები მიიჩნევენ რომ მნიშვნელოვანია, მათ სწორედ ამ ასაკიდან მიეწოდოთ მარტივად გასაგები და კომპეტენტური ინფორმაცია.
არსებული ვაკუუმის ამოსავსებად, ასოციაცია HERA XXI-მა ანიმაციური ვიდეორგოლების გავრცელება დაიწყო. ვიდეორგოლები მარტივად პასუხობენ იმ კითხვებზე, რასაც თითოეული ჩვენგანი მოზარდობისას არაერთხელ უსვამს საკუთარ თავს და უფრო იშვიათად გარშემომყოფებს.
ვიდეოები პროექტ AMAZE-სთან პარტნიორობის ფარგლებში მზადდება და ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, უსაფრთხო სექსი, აბორტის უფლება, ექიმის კონფიდენციალურობა, ტამპონები, საფენები და მენსტრუალური ქილები და ა.შ.
მათი მიზანია ახალგაზრდებისათვის სანდო და დადასტურებული, ასაკის შესაბამისი და სარწმუნო სექსუალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
“საქართველოში 15-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მხოლოდ 13,5 პროცენტმა იცის აივ/შიდსის პრევენციის შესახებ. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია 15-19 წლის ასაკობრივ კატეგორიაში. 2019 წლის მონაცემებით, ამ ასაკში გოგოების მხოლოდ 9.5 და ბიჭების 8.3 პროცენტმა იცის სრულყოფილად აივ/შიდსის პრევენციაზე. ქალების 26 პროცენტი ამბობს, რომ გამოუცდია პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობა ან შევიწროება. მათ შორის, სექსუალური ძალადობა ბავშვობის ასაკში”, – გვეუბნება ასოციაცია HERA XXI-ის დირექტორი ნინო წულეისკირი.
იმისათვის, რომ ვიდეორგოლები დიდ აუდიტორიას მისწვდეს, ამასთან ხელმისაწვდომი იყოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისა და სმენადაქვეითებული ჯგუფებისთვის, ისინი ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად არის ადაპტირებული. ხელმისაწვდომია ჟესტურ ენაზეც.
- დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები
- “ქალთა მოძრაობა” გაუპატიურების მუხლში შესწორებას ითხოვს
- ფემიციდი საქართველოში: გამოცხადებული სიკვდილების ქრონიკა გრძელდება
- ფემინიზმი აზერბაიჯანში: როგორ იბრძვიან ქალები
ორგანიზაციის მოხალისე, თანასწორ-განმანათლებლები ამბობენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის. მითუმეტეს, რომ ასეთ რეგიონებში ადრეული ქორწინებისა და უთანასწორობის პრობლემები კიდევ უფრო მძლავრია.
სოფო 17 წლისაა, ახალციხეში ცხოვრობს და ასოციაცია HERA XXI-ის მოხალისეა.
“ამ ვიდეოებში ძალიან გასაგებად არის ახსნილი ის საკითხები, რაზე ლაპარაკიც ჩვენ გვიჭირს, გვაკომპლექსებს. თითქოს ეს თემა უკვე აღარ არის ტაბუდადებული, მაგრამ მთლად ასე არ არის, მოზარდებში მაინც ქმნის უხერხულობას. ხშირად არასარწმუნო წყაროებში ვეძებთ და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა ვიღებთ”
სოფოს მოხალისეობის სამწლიანი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ ეს ვიდეოები ბევრჯერ დაეხმარა თანატოლებთან უხერხულ თემებზე საუბარში. სოფო ფიქრობს, რომ ეს ვიდეოები კარგი რესურსია იმ მშობლებისთვისაც, ვისაც უნდა შვილებს ამ თემებზე ესაუბროს:
“მახსოვს, ერთ-ერთ შეხვედრაზე ამ ვიდეოების ჩვენების შემდეგ მშობლებმა მადლობა გადაგვიხადეს. გვითხრეს, რომ არ იცოდნენ, როგორ ესაუბრათ შვილებთან, როგორ ეპოვათ სწორი სიტყვები”.
ორგანიზაციის კიდევ ერთი მოხალისე, ბოლნისელი მარიამი ამბობს, რომ ახალგაზრდებს ასეთი ვიდეოები ძალიან სჭირდებათ:
“ეს ნიშნავს გაეცნო სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. სკოლაში სექსუალური განათლება არ ისწავლება. ასეთი ვიდეოების არსებობა კი აუცილებელია თინეიჯერებისთვის”.
მარიამი ამბობს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვიდეოები იმ ფონზეც, როცა, ტექნოლოგიების ეპოქაში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ყველას აქვს, მაგრამ, ხშირად არ იცის, სად იპოვოს სანდო ინფორმაცია:
“მშობლები არ ესაუბრებიან მოზარდებს მაგალითად თავდაცვის საკითხებზე. ძირითადად, ოჯახებში არ ლაპარაკობენ, არ აქვთ გულწრფელი კომუნიკაცია ამ თემებზე, რადგან ჯერაც ტაბუდადებული თემაა, სირცხვილად ითვლება“
მარიამი ამბობს, რომ ასეთ თემებზე ინფორმაციას ვერც სკოლაში იღებს:
“რჩება ონლაინ სივრცე, სადაც უამრავი წყარო არსებობს, თუმცა, ბევრი მათგანი გადაუმოწმებელია. სწორედ ამიტომ კომპეტენტური, ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიღება საჭირო და აუცილებელია”.
Amaze.org-ის მიხედვით, 35 წლიანმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც იღებენ სწორ, ასაკის შესაბამის, მიუკერძოებელ ინფორმაციას სქესობრივი მომწიფების, ურთიერთობებისა და სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ, უფრო მეტად აჭიანურებენ სექსუალური ცხოვრების დაწყებას, ამასთან იყენებენ კონდომებს და სხვა კონტრაცეპტივებს.
ამავე ცნობით, ხარისხიანი ყოვლისმომცველი განათლება ეხმარება ახალგაზრდებს წარმატებით გადალახონ პუბერტატული პერიოდი, განასხვავონ ჯანსაღი და არაჯანსაღი ურთიერთობები და უკეთ გაიგონ თანხმობისა და ურთიერთპატივისცემის ცნებები.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების საჭიროება ასახულია განათლების პოლიტიკასა და სტრატეგიებთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, სკოლებში ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების პროგრამა ჯერ კიდევ არ არის დანერგილი.
“განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი მხარს უჭერს ყველა შინაარსობრივ საკითხს, მათ შორის, იმ საგნებსა და პროგრამებს, რომლებშიც შესულია ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლებასთან დაკავშირებული თემები. სამწუხაროდ აღნიშნული თემის დასანერგად, ჯერჯერობით არანაირი ქმედება არ განხორციელებულა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვების და მოზარდების ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება მათი სრულყოფილი განვითარებისთვის, შევუქმნათ მათ ბუნებრივი და ჯანსაღი გარემო, სადაც მოზარდები ღიად და გულწრფელად ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, რაც მათ აწუხებს და აინტერესებთ: პუბერტატული პერიოდი, რეპროდუქცია, ურთიერთობები, სექსუალობა”, – ამბობს ნინო წულეისკირი.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ვიდეოების სანახავად ესტუმრეთ ორგანიზაციის YouTube არხს;
ასოციაცია HERA XXI -ის საგანმანათლებლო რესურსები და პროგრამები იხილეთ ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე;
ვიდეოები შეგიძლიათ ასევე იხილოთ AMAZE.ORG-ზე