მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკიდან მიდის. პირველი შეფასებები
TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბანკს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან დღეს დილით თავის ფეისბუკზე დაწერა.
მისი თქმით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება, რომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავა უნდა შეწყდეს, რათა არ დაზარალდეს ბანკი, მისი აქციონერები და დეპოზიტები.
“შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად,” – წერს ხაზარაძე ფეისბუკ-პოსტში.
• რატომ ებრძვის ივანიშვილი TBC ბანკს?
• TBC ბანკი ხაზარაძის გარეშე? რას ნიშნავს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება?
“მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა”,- წერს იგი.
ხაზარაძის თქმით, ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს, მათ შორის არც პრემიერ მინისტრს, არ გამოუთქვამს სურვილი ბანკის წარმომადგენლებს შეხვედროდა და გაეგო, რა ხდება ამ საქმის გარშემო.
“მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში,” – წერს ხაზარაძე.
მისი თქმით, მთელი ამ საქმის მიზანი პირადად მისი დისკრედიტაცია იყო და ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება, ბანკი არ ეზარალებინა და წასულიყო.
ხაზარაძე ამბობს, რომ ბოლო ერთ თვეში ბანკმა 200 მილიონი ლარი იზარალა და ასევე მიიღო დიდი რეპუტაციული ზიანი.
[toggle title=”ცნობა: ანაკლიის პორტი და თიბისი ბანკი”]
ხაზარაძის “TBC ჯგუფი”, რომლის შემადგენლობაშიცაა თიბისი ბანკი, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” თანადამფუძნებელია. თავის მხრივ კონსორციუმი ანაკლიაში უზარმაზარ პროექტს ახორციელებს – საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს.
ექსპერტების აზრით, დღესდღეობით ეს მთავარი პროექტია, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ზოგი მას თავისი მნიშვნელობით შევარდნაძის ეპოქაში დაწყებულ ნავთობსადენს – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანსაც კი ადარებს.
პროექტის წარმატებით დაინტერესებულია აშშ. ამ პროექტში ბევრი კერძო ამერიკული ინვესტიციაა ჩადებული.
პორტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია საქართველოსთვის, რადგან იგი გზას გაუხსნის ცენტრალური აზიის ტვირთებს ევროპისკენ და პირიქით. პირველ ქართულ ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიაში შენდება, პრეტენზია აქვს, რომ თურქეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების პორტების სერიოზული კონკურენტი გახდეს.
პროექტი საკმაოდ მსუყეა ფინანსური თვალსაზრისითაც. მთლიანობაში, ინვესტიციის საერთო რაოდენობა 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
[/toggle]
თუ ვინ იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე, ჯერჯერობით უცნობია.
__________________
საქართველოს ყველაზე მსხვილი ბანკის მენეჯმენტში ცვლილებები იმ სკანდალმა გამოიწვია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა თიბისი ბანკის გარშემო ვითარდება.
TBC ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც თითქმის ორ მილიონ მომხმარებელს ემსახურება. იგი 1992 წელს დაარსდა. ეს არის ქვეყანაში პირველი ბანკი აქტივების მიხედვით და ბაზრის ლიდერი საცალო დეპოზიტების სეგმენტში. შვილობილ კომპანიებთან ერთად თიბისიში დასაქმებულია თითქმის 7 ათასი ადამიანი.
მთავარი პროკურატურა თიბისი ბანკში 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას იძიებს, რომელშიც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებენ და რომელიც, პროკურატურის განცხადებით, ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავს. როგორც პროკურატურა ამბობს, საუბარია 17 მილიონი დოლარის გათეთრებაზე.
გასულ კვირას საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერია, რომელმაც ბანკის აქციონერებს ხაზარაძის და ჯაფარიძის გადაყენება მოსთხოვა და ამისთვის ორთვიანი ვადა მისცა.
თიბისი ბანკის საქმის უკან ოპოზიცია და ეკონომიკური ექსპერტები პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ. ბანკთან დაკავშირებით მუდმივად ისმის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელი. ივანიშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ მკაცრად გააკრიტიკა ხაზარაძე, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა განცდა, რომ ხაზარაძესა და ივანიშვილს შორის ურთიერთობა დაძაბულია.
პოლიტიკოსების და ექსპერტების კომენტარები
ანალიტიკოსები მთელს ამ პროცესს ბიძინა ივანიშვილის ფიგურას უკავშირებენ.
ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ადრე ივანიშვილის პირადი მეგობარი იყო ამბობს, რომ ადამიანურად მისთვის გასაგებია ხაზარაძის პოზიცია, რადგან მან ამ გადაწყვეტილებით მის მიერვე დაფუძნებული ბანკის გადარჩენა სცადა.
თუმცა, ხუხაშვილის თქმით, ყველაზე მთავარი კითხვა ახლა არის:
“რამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება, რა გახდა ბოლო წვეთი, ეს უნდა გავიგოთ და უნდა დავსვათ დიაგნოზი – რა სჭირს ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ ეს უკვე აღარ არის პირადად მამუკა ხაზარაძის პრობლემა. სახელმწიფოებრივი განვითარების, საინვესტიციო გარემოს, ინტერეს ჯგუფების აქტიურობის და ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფოს სისტემურ პრობლემად იქცა ეს ყველაფერი,” – ამბობს ხუხაშვილი.
ოპოზიციური პარტიის “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თავის ფეისბუკზე წერს, რომ მამუკა ხაზარაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ამით ივანიშვილმა მიზანს მიაღწია და ქვეყნის იმიჯი დაზარალდა.
„პრინციპში სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ამას არც აქციონერები დაუშვებდნენ და არც ქვეყნისთვის იქნებოდა სწორი. „კავკასიური ცარცის წრის“ სცენა გათამაშდა. ხაზარაძემ თქვა, ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობო და ხელი გაუშვა. ალბათ, ივანიშვილიც გაეშვება.
ივანიშვილმა მიაღწია იმას რაც უნდოდა. ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი. პროკურატურის საქმე კი „დამოკლეს მახვილივით“ ეკიდება სადმე კუთხეში. შედეგი: დაზარალდა ქვეყნის იმიჯი. გაღრმავდა ტოტალური უიმედობის და განუკითხაობის განცდა,” – წერს უგულავა.