რუსი ჟურნალისტი რომან პერლი: ჩვენ ჩვენი ბრძოლა წავაგეთ, გაუწიეთ წინააღმდეგობა ავტოკრატიას
რუსი ჟურნალისტი რომან პერლი აგენტების კანონზე
რუსი ჟურნალისტი რომან პერლი, რომელსაც რუსეთში “აგენტების კანონის” მიღების შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწია, ქართველ ხალხს მოუწოდებს, არ დანებდნენ და კანონპროექტის მიღებას წინააღმდეგობა “ბოლო წუთამდე” გაუწიონ. ამის შესახებ მან “პოლიტიკის ფორმულაში” ისაუბრა.
რომან პერლი “რადიო თავისუფლების” პროექტის “ნასტაიაშეე ვრემიას” ჟურნალისტი იყო. კანონის მიღების შემდეგ კი უცხოელ აგენტად გამოაცხადეს. ჟურნალისტის თქმით, რუსეთში ეს ბრძოლა წაგებულია, საქართველოში კი სანამ შესაძლებლობაა, ხალხმა იქამდე უნდა იბრძოლოს.
“საზოგადოებას ვურჩევ, წინააღმდეგობა გაუწიონ ბოლო წუთამდე იმიტომ, რომ ეს არის ზღვარი, რომლის იქით უკვე აზრიც აღარ ექნება წინააღმდეგობას. როგორც რუსეთში მოხდა. რუსეთშიც იყო ზღვარი 2011-2012 წელი. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროტესტს უკვე არაფრის მოტანა არ შეეძლო. სანამ არის შესაძლებლობა, გაუწიოთ წინააღმდეგობა არსებულ ავტოკრატიას, მას უნდა შეეწინააღმდეგო. არსებობს რისკი, მაგრამ თუ არსებობს შესაძლებლობა ბრძოლის, სჯობს ბრძოლა, თუმცა ჩემგან, როგორც რუსეთის მოქალაქისგან ეს შესაძლებელია ისე არ ჟღერდეს იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ბრძოლა წავაგეთ.”– აღნიშნა მან.
● აქცია “უცხოური აგენტების კანონპროექტის” წინააღმდეგ. ფოტოები
● რას ნიშნავს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელსაც “ქართული ოცნება” იღებს. რა ვიცით ამ დროისთვის
● “რუსული კანონის მსგავსია” – ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში. მთავარი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2 მარტს პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტებად“ უნდა დარეგისტრირდნენ. ხოლო 6 მარტს, ე.წ. აგენტების კანონს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმაც დაუჭირა მხარი.
27 თებერვლის მდგომარეობით, პარლამენტში ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული: ერთი 14 თებერვალს დარეგისტრირდა და ის რუსული კანონის ანალოგია; მეორე კი, ალტერნატივის სახით დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც პირველს დიდი კრიტიკა მოჰყვა. ეს მეორე, მისი ავტორების თქმით, არის ამერიკული კანონის (FARA-ს) ანალოგი. მათ თქვეს, რომ FARA პირდაპირ თარგმნეს.
ორივე კანონპროექტის ავტორია მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც მმართველი გუნდისგან ფორმალურად გამოყოფილმა დეპუტატებმა ჩამოაყალიბეს. „ხალხის ძალა“ მკვეთრად ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა. მეტიც, მისი წევრები პირდაპირ აღიარებენ, რომ ეს პარტია შეიქმნა იმისთვის, რომ “ხალხს სიმართლე უთხრას დასავლეთის შესახებ, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს”.
კანონპროექტს აკრიტიკებს ყველა, მმართველი პარტიის გარდა: ადგილობრივი არასამთავრობო და მედია სექტორი, ოპოზიცია, ექსპერტები და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში იყვნენ და საქართველოს პრეზიდენტიც კი.
კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ამერიკელი სენატორები თუ ევროპელი დეპუტატები. ამერიკის ელჩმა კი მას პირდაპირ უწოდა “რუსული კანონი”. კელი დეგნანი “აგენტების კანონს” 6 მარტსაც გამოეხმაურა და პარლამენტს მოუწოდა, გადახედოს და უკან გამოიწვიოს კანონი.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი უკვე მესამე განცხადებას აკეთებს “აგენტების კანონზე” და ამბობს, რომ კანონის მხარდამჭერები პასუხისმგებლები იქნებიან ქვეყნის მომავლისთვის რისკის შექმნაზე.
20 თებერვალს საქართველოს ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი ესტუმრნენ. ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გასული დეპუტატების, “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ “უცხოური აგენტების” კანონზე განაცხადა, რომ კანონპროექტი არაა აშშ-ის კანონმდებლობის მსგავსი და ის რუსული კანონის მსგავსია.