სომხეთ-ირანის საზღვარზე სასტუმრო “მერიოტი” აშენდება
სომხეთის მთავრობა ქვეყნის ეკონომიკაში მსხვილი ინვესტიციების შესვლითა და ახალი საერთაშორისო პროექტების ამოქმედებით არის დაინტერესებული. ირანის საზღვარზე სასტუმრო „მერიოტის“ მშენებლობა – ერთ-ერთი ის შეთანხმებაა, რომელსაც სომხეთის დელეგაციამ დავოსში მსოფლიოს ეკონომიკურ სამიტზე მიაღწია.
ახალი მერიოტი სომხეთში
დავოსში გამართულ მსოფლიოს ეკონომიკურ სამიტზე სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა და კომპანია “Marriott International”-ის დირექტორმა არნე სორენსონმა სომხეთში კომპანიის საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ფაშინიანი სორენსონს იმის შესახებ ესაუბრა, რომ სასტუმრო “მერიოტი” სომხეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, და ხელისუფლება ქვეყანაში ცნობილი სასტუმროს ბრენდის განვითარებითა და გაფართოებით დაინტერესებულია.
დავოსიდან დაბრუნების შემდეგ ფაშინიანი დაწვრილებით მოჰყვა პროექტის რეალიზაციის შესახებ:
„ვინაიდან კომპანია “Marriott International” -ს ისეთი პოლიტიკა აქვს, რომ ისინი არაფერს აშენებენ და არც უძრავ ქონებას იძენენ, არამედ ქირაობენ, ამის გამო, ამ იდეის განსახორციელებლად უნდა მოიძებნოს ინვესტორი, რომელიც შენობის აგებას დათანხმდება, პროექტს კომპანია “Marriott”-ს შეუთანხმებს, და შემდეგ მას გააქირავებს“.
სორენსონის თქმით, “Marriott International”-ის მხრიდან საინვესტიციო პროგრამების კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა უკვე დაწყებულია.
• სომხეთში მიკრობიზნესი ყველა სახის გადასახადისგან თავისუფლდება
• რა მოხდა სომხეთის ეკონომიკაში ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნის 100 დღის განმავლობაში
კიდევ რაზე შეთანხმდა დავოსში სომხეთის პრემიერი
ფაშინიანის თქმით, დავოსში მისი ვიზიტი ძალიან დატვირთული იყო სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებთან და ბიზნესმენებთან შეხვედრებით.
კერძოდ, თანამშრომლობის შესაძლებლობების თაობაზე იაპონიის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელ შინიჩი კიტაოკასა და კომპანია “Mitsubishi Heavy Industries”-ის საბჭოს წევრ კრისტინა ახმაჯიანთან ერთადაც იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი მომავალ პროექტებს ასევე კომპანია „გლობალ ენერჯი სიმენსის“ ხელმძღვანელთან, რუსეთის ბანკ ВТБ -ის წარმომადგენელ ანდრეი კოსტინთან, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალურ დირექტორ კირილ დმიტრიევთან ერთადაც განიხილავდა.
საინვესტიციო პროგრამების შესაძლო განხორციელების მიზნით, სომხეთში ჩასვლის სურვილი გამოთქვა ასევე კომპანია eBay-ს ვიცე-თავმჯდომარემაც.
რა არის დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
შვეიცარიის დავოსში 22-დან 25 იანვრამდე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) მიმდინარეობდა. მასში 114 ქვეყნის 3000-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. წელს WEF-ის დევიზი იყო „გლობალიზაცია და თანადგომა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში“.
ფორუმის დროს მთავარი თემები იყო გლობალური თანამშრომლობის გამოწვევები და ციფრულ რევოლუციასთან დაკავშირებული ცვლილებები.
წელს სომხეთი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მესამედ მონაწილეობდა. საკუთარი თავის შესახებ ქვეყანამ პირველად 2009 წელს განაცხადა. მაშინ ქვეყნის დელეგაციას ქვეყნის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მეთურობდა. 2018 წელს სომხეთს პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი წარმოადგენდა.
როგორ აფასებენ სპეციალისტები დავოსში ფაშინიანის მიერ წარმართულ მოლაპარაკებებს
ნიკოლ ფაშინიანი გახდა ქვეყნის ან სომხეთის მინისტრთა კაბინეტის მესამე ხელმძღვანელი, რომელმაც ფორუმში მონაწილეობა მიიღო. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნის ახალი ლიდერისთვის ახალი ინვესტიციების მოსაზიდად კარგი შესაძლებლობაა.
„სომხეთი წლის ქვეყანად აღიარეს. და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ქვეყნის ინვესტორი ჩვენს ქვეყანას ყურადღებით აკვირდება. ყველაფერი იმ დღის წესრიგზეა დამოკიდებული, რომელიც ფაშინიანის მთავრობამ შეიმუშავა“, – მიაჩნია ეკონომისტ მარგარიანს.
სომხეთის ეროვნული საკრებულოს დეპუტატი, ეკონომისტი არტაკ მანუკიანი ასევე აღნიშნავს, რომ დავოსის ფორუმი – ეს არის საშუალება, რომ ქვეყანა ცნობადი გახდეს:
„ქვეყნის ცნობადობას ირიბად მოჰყვება ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ტურისტების ნაკადი. თუმცა, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს ინტერესი კონკრეტულ პროექტებად ვაქციოთ“.