"ჩვენ ყველა შესაძლებლობა გავუშვით"- რა შეცვალა უკრაინის ომმა საქართველოში. ანალიზი
ერთი წელი უკრაინის ომიდან
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ომმა და უკრაინელების შეუპოვარმა ბრძოლამ სამშობლოს დასაცავად, რადიკალურად შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგი. ცივილიზებული მსოფლიო უკრაინის მხარესაა – ომში მყოფ ქვეყანას ეხმარებიან სამხედრო ტექნიკით, შეიფარეს მილიონობით დევნილი, კიევში ერთმანეთის მიყოლებით ჩადიან ამერიკისა და ევროპის ლიდერები და უმაღლესი თანამდებობის პირები, უკრაინის პრეზიდენტს ხანგრძლივი ტაშით ხვდებიან უმაღლეს ტრიბუნებზე.
პარალელურად, გრძელდება რუსეთისთვის სხვადასხვა ტიპის სანქციების დაწესების პროცესი, მაქსიმალურად შემცირებულია მოთხოვნა რუსულ ნავთობსა და გაზზე, პუტინს ხელს აღარავინ ართმევს. რუსულ დელეგაციას არავინ არსად ეძახის, რუსი სპორტსმენები აღარ მონაწილებენ მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებში, რუსეთის მოქლაქეები ვერ მოგზაურობენ თავისუფლად შენგენის ზონაში.
ომმა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა საქართველოშიც. JAMnews-ის თხოვნით, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები აჯამებენ, როგორი იყო საქართველოსთვის ბოლო ერთი წელი – 24 თებერვლიდან 24 თებერვლამდე.
საგარეო პოლიტიკა
ეკა აკობია, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში:
ის, რაც ბოლო ერთ წელიწადში მოხდა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, არის ნიღბის ჩამოხსნა. ის, რომ მთავრობა არის პრორუსული ორიენტაციის მქონე, რაზეც აქამდე მხოლოდ ექსპერტები ვლაპარაკობდით, გაფორმდა და ყველასთვის ხილული გახდა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების ანტიდასავლური განცხადებებით, პოზიციით რუსულ სანქციებზე, მშვიდობაზე უმართებულო აპელირებით, უკრაინელ მაღალჩინოსნებთან პაექრობით, საქართველომ სრულიად სხვა სიბრტყეში გადაინაცვლა. ჩვენ დღეს არ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის იმ კლუბში, სადაც ერთმნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის მოქმედების აღქმა. პირიქით, ჩვენი რიტორიკით რუსეთისგან უფრო ვიმსახურებთ შექებას, ვიდრე დასავლელი პარტნიორებისგან.
საქართველოს მმართველი ძალის და მისი არაფორმალური ლიდერის ინტერესები დიამეტრულად ასცდა საერთაშორისო თანამეგობრების პოზიციებს. შესაბამისად, გვქონდა კარგი შანსი მოგვეხდინა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და დაგვებალანსებინა რუსეთი, რასაც ბოლო ათწლეულები ვცდილობდით, მაგრამ ეს შანსი არ გამოვიყენეთ.
გარდა ამისა, ამ ერთ წელიწადში მსოფლიოში რადიკალურად შემცირდა რუსეთზე ენერგო და სატრანზიტო დამოკიდებულება, დაწესდა სანქციები, გადაეწყო ენერგო და სატრანზიტო მარშრუტები. ამას, წესით, წინ უნდა წამოეწია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, თუმცა ჩვენ ვერც ამ შესაძლებლობას დავხვდით მომზადებულები, რადგან მაგალითად ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიბლოკა. ამ პორტის არსებობა დღეს საქართველოს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნიდა.
არ ვიაქტიურეთ სხვა შესაძლო სატრანზიტო პროექტების გასააქტიურებლადაც.
ერთადერთი, რასაც საქართველო ჯერ კიდევ აკეთებს, არის ის, რომ მრავალმხრივ ფორმატებში მონაწილეობს და უერთდება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ხელისუფლების განცხადებები უფრო ბევრს ამბობს ქვეყნის პოზიციაზე, ვიდრე დიპლომატების მონაწილეობა კენჭისყრაში.
სამწუხაროდ, ჩვენ საგარეო კუთხით ყველა შესაძლებლობა გავუშვით, რადგან ორ სკამზე ჯდომის, ორსახოვნებისა და ჩირგვებში დამალვის პოლიტიკა ავირჩიეთ.
საშინაო პოლიტიკა
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი: ამ ერთ წელიწადში ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ბევრი რამ შეიცვალა და ჩვენდა სამწუხაროდ, შეიცვალა ძალიან ცუდი მიმართულებით.
როგორც ჩანს, ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ ომთან დაკავშირებით თავიდან გააკეთა არასწორი, მე ვიტყოდი, ბრიყვული პროგნოზი, რომ რუსეთი სწრაფად გაიმარჯვებდა ამ ომში. შესაბამისად, დაიწყო მზადება კაპიტულაციისთვის და რაღაც, “გეორგიევსკის ტრაქტატი 2”-ზე ხელმოწერისთვის.
იცის რა, რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები, ხელისუფლებამ იფიქრა, რომ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ჩვენი ჯერი დადგებოდა. ამიტომ, “ქართულმა ოცნებამ” მისი ბუნებიდან გამომდინარე, წინასწარ გამოფინა თეთრი დროშა. პირველივე დღიდან დაიწყო რუსეთის მიმართ შიშისა და კაპიტულანტური ნარატივის დამკვიდრება და, სამწუხაროდ, დღემდე ამ ხაზს აგრძელებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მაშინ აიღო რაღაც ვალდებულებები, რომელთაგან განთავისუფლება დღეს ძალიან უჭირს.
- “უკრაინა ომს აგებს. ზელენსკიმ ომი ვერ აიცილა”. ვინ დგას საქართველოში რუსული პროპაგანდის უკან
- აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
შესაბამისად, დეგრადაციას განიცდის ჩვენი საშინაო პოლიტიკაც და საგარეო ურთიერთობების ხაზიც. გარდა ამისა, გაჩნდა დემოგრაფიული საფრთხეები, ქვეყანაში გაურკვეველი წარმოშობის ფული და ა.შ. მთელი ეს ერთი წელი იყო სრული უკუსვლის.
ამას ემატება ოპოზიცია, რომელიც გაქრა და რბილად რომ ვთქვათ, არ არის მოწოდების სიმაღლეზე. ის მხოლოდ ერთ – მიხეილ სააკაშვილის თემაზე ჩაიკეტა და სრულიად დაშორდა ხალხს. ამიტომ, ხალხიც ვერ ხედავს ძალას, რომელიც მას რაიმე ალტერნატივას შესთავაზებს. შეიძლება მას არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ არჩევანიც არ აქვს.
ხელისუფლებამ წარმატებით ამუშავა ომის შიშზე აგებული მესიჯი და მთელი წელი აშინებდა ხალხს ომით. როდესაც ადამიანს არაფერი აქვს – არც თავისუფლება, არც კეთილდღეობა, როდესაც ღარიბი და უპერსპექტივოა, მაშინ ადვილია მას შესთავაზო მშვიდობა და სტაბილურობა. ასეთი ტიპის საზოგადოება ეპოტინება ამ საბაზისო მოთხოვნას. ეს ძალიან კარგად გათვალა ხელისუფლებამ და შესანიშნავად შექმნა ამით განწყობები.
ტერიტორიული კონფლიქტები
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი: ყველაზე მთავარი, რაც შეიცვალა, არის ის, რომ სუსტდება რუსეთის გავლენები კავკასიაში. ეს დაიწყო ჯერ კიდევ ყარაბაღის მეორე ომის დროს. 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც თურქეთმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანს და მოახერხა მისი მოტივირება შეტევისკენ ყარაბაღში, ამით თურქეთი 100 წლის თავზე კვლავ დაბრუნდა კავკასიაში. თურქეთი გაჩნდა როგორც ფაქტორი და რუსეთი ამას ანგარიშს უწევს. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს საქართველოზე. საქართველო უნდა ხედავდეს, რამდენად სუსტდება რუსეთი კავკასიაში.
ცხადია, თუ რუსეთი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს უკრაინაში, დასავლეთი მოსთხოვს გადახედოს თავის იმპერიულ პოლიტიკას და გაიყვანოს ჯარები უკანონოდ დაკავებული ტერიტორიებიდან.
აფხაზები და ოსები ამას ხედავენ. ისინი ხვდებიან, რომ გამორიცხული არაა რუსეთს მოუწიოს ჯარის გაყვანა როგორც დონბასიდან და ყირიმიდან, ასევე აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება არა, მაგრამ მთელი დასავლეთი, როგორც კი ახსენებს უკრაინას, ახსენებს საქართველოსაც.
რას უნდა აკეთებდეს საქართველო ამ ფონზე?
პირველი: საქართველოს ხელისუფლება უნდა ლაპარაკობდეს მუდმივად და ყველგან, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები მის მიერვე ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად. რუსებმა 2008 წლის აგვისტოში მოაწერეს ხელი ამ ხელშეკრულებას, მაგრამ, ჯარები არ გაუყვანიათ. შეუძლებელია ამ მოთხოვნის გამო რუსეთთან ურთიერთობა დაიძაბოს, რადგან ამ ხელშეკრულებით მუშაობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, ამის საფუძველზე იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მუშაობს ისეთი ფორმატები, როგორიცაა ერგნეთის თუ გალის შეხვედრები. ეს ცოცხალი დოკუმენტია, რომელსაც არ ასრულებს რუსეთი.
მეორე: რუსეთის მიერ ჯარების გაყვანა შეაშფოთებს აფხაზებს და ოსებს, ამიტომ საქართველომ უნდა მოუწოდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომ დარჩეს ამ ტერიტორიებზე ახალი ლეგიტიმაციით. ჩვენ დიდი სიამოვნებით მოვაწერთ ხელს, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იდგეს გამყოფ ხაზზე და მონიტორინგს აწარმოებდეს, რომ საქართველოდან აფხაზებს და ოსებს ჰქონდეთ უსაფრთხოების გარანტია.
მესამე, საქართველომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები აფხაზებთან და ოსებთან ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე. ამას ისინი დიდი ხანია ითხოვენ. აქამდე საქართველოს ხელისუფლება ამაზე უარს ამბობდა, რადგან იქ რუსული ჯარი დგას. მაგრამ, თუ რუსეთის ჯარების გაყვანაზე მიდგება საქმე, საქართველოს შეუძლია თავისი ინიციატივით შეახსენოს ამ დოკუმენტზე ხელმოწერა.
და მეოთხე, რადგან რეგიონში ძლიერდება თურქეთი, რომელიც არის ანგარიშგასაწევი ქვეყანა შავ ზღვაზე და არის ნატოს წევრი სახელმწიფო, ჩავრთოთ იგი ჩვენი კონფლიქტების მოგვარებაში. გახდეს თურქეთი ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, ძლიერი რეგიონული მოთამაშე, რომელსაც ბევრი ენდობა – აზერბაიჯანი, როგორც ცივილიზაციურ მოკავშირეს; საქართველო, როგორც ნატოს წევრს და ნატოში გაწევრიანების ლობისტს; უკრაინა ხომ ენდობა და ენდობა. თურქეთი აწონასწორებს რუსულ იმპერიალისტურ პოლიტიკას. ამიტომ, ამ ფონზე, რატომ არ შეიძლება, რომ თურქეთი ჩავრთოთ ჩვენი კონფლიქტების მოგვარებაში?!
ეს არის ოთხი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას შეიძლებოდა გაეკეთებინა, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, რადგან რუსულ სკამზე ზის და მოსკოვისგან აქვს ლეგიტიმაცია.
ქვეყნის უსაფრთხოება
შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი: იმის საფრთხე, რომ რუსეთი, რომელიც არის ძალაგამოცლილი, თავს დაგვესხას, არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ოდესმე ამ ომის დაწყებამდე იყო.
ომი დამთავრებული არ არის, მაგრამ, რაც უკვე ცხადია, რუსეთს აღარ აქვს შემტევი პოტენციალი. ყველა ლაპარაკობდა მის განმეორებით შეტევაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო თებერვალში. თებერვალში იმიტომ, რომ მოესწრო, ვიდრე უკრაინა მიიღებს ახალ სამხედრო დახმარებას, რომელსაც გაზაფხულის დასაწყისში ელოდება. მას უკვე ჰყავდა მობილიზებული ჯარისკაცები, მაგრამ, ვერანაირ წინსვლას ვერ ვხედავთ. მას აღარ აქვს ტექნიკა. ის ვერ მიაღწევს შუალედურ მიზანსაც კი – უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციას. მისი დამარცხება გარდაუვალია.
ეს პრინციპულად ცვლის საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებას ორი მიმართულებით. ერთი – საქართველოს უჩნდება შანსი, გამოიყენოს ეს დრო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებისთვის, რაც გააკეთეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა 90-იანების დასაწყისში. ეს ისტორიული შანსია და მსგავსი შეიძლება აღარ მოგვეცეს. და მეორე, გვიჩნდება შანსი შეიცვალოს ძალთა ბალანსი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
თუმცა, ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც ყველა მეზობელს აქვს ომი. ამ ვითარებაში ქვეყნის უსაფთხოების საკითხები ხდება ძალიან აქტუალური. ყველა ქვეყანამ გადახედა თავის თავდაცვას, ხარჯებს, აღარ ვლაპარაკობ გერმანიაზე, რომელმაც მთლიანად შეცვალა პოლიტიკა, რაც ჰქონდა ცივი ომის დამთავრების მერე. ჩვენ ამ მხრივაც გვქონდა შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით.
რას ვგულისხმობ? ჩვენი შეიარაღება მთლიანად არის საბჭოთა, ან პოსტსაბჭოთა: ტანკები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ჯავშანტექნიკა და ა.შ. როცა ამ შეიარაღებას ვყიდულობდით კი ვიცოდით, რომ რუსეთი არ მოგვყიდდა ამ ტექნიკისთვის საჭირო ნაწილებს, მაგრამ გვქონდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანების იმედი, სადაც იყო ეს მარაგი შემორჩენილი. თუმცა, დღეს აღმოსავლეთ ევროპას ეს მარაგები აღარ აქვს, რადგან თუ რამე ჰქონდათ, ყველაფერი მისცეს უკრაინას – უკრაინამ გამოიყენა ყველაფერი, ყველა ჭურვი ისროლა. ახლა, რამე რომ იყოს და ჩვენი ტექნიკისთვის დაგვჭირდეს ნაწილები, აღმოსავლეთ ევროპა ვეღარ დაგვეხმარება. ანუ იარაღს, რომელიც გვაქვს, ჩვენ ვეღარ გამოვიყენებთ.
საქართველოს უნდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთეს სხვა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა, – მიეცა ეს იარაღი უკრაინისთვის, ჩაენაცვლებინა ის დასავლურით და ნელ-ნელა დაეწყო თავისი ჯარის ნატოს სტანდარტებზე გადაყვანა. ეს არ გავაკეთეთ და ამან ჩვენი თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა.
ჩვენი ერთადერთი თავდაცვა დღეს არის უკრაინელი ჯარისკაცი. ხვალ რომ რამე მოხდეს, ჩვენ არ გვეყოლება დამხმარე, არ გვექნება შეაიარაღება, სრულიად მარტო აღმოვჩნდებით, იოლ ნადავლად ვიქცევით.
ეკონომიკა
ბესო ნამჩავაძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი:
შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ომმა საქართველოს ეკონომიკაზე ცოტათი პარადოქსული გავლენა მოახდინა. დასაწყისში ყველა ელოდებოდა, რომ ეს ომი საქართველოს ეკონომიკას დააზარალებდა, მარტსა და აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც შეამცირეს. მაგრამ, მოხდა პირიქით. თუ დაგეგმილი იყო ექვს პროცენტიანი ზრდა, გავედით ათ პროცენტზე.
ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – რუსი ემიგრანტები. საქართველოში დარჩა სულ ცოტა ასი ათასი ადამიანი, მათ ჩამოიტანეს თანხა, აქ დაიწყეს ბიზნესი, მუშაობა, კონტრაქტების შესრულება და გარდა ამისა, ამ ადამიანებს რუსეთიდან უგზავნიან თვეში დაახლოებით 300 მილიონ რუბლს. გასულ წელს, მხოლოდ რუსეთიდაქნ გადმოგზავნილი თანხა იყო ორ მილიარდ დოლარზე მეტი.
ეკონომიკური ზრდის მეორე მიზეზი იყო ვაჭრობა. გაიზარდა რუსეთიდან იმპორტი, ცოტათი ექსპორტი და გარდა ამისა, გაიზარდა ტრანზიტი – საქართველოს როლი სავაჭრო დერეფნებში.
დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა საქართველოს ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც. ასევე, გაიზარდა ტურიზმი არამხოლოდ რუსეთიდან. ამ ყველაფერმა განაპირობა სწორედ ზრდა. კონკრეტულად რუსეთის წილი რომ დავაკონკრეტოთ, ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა საქართველოში ჩამოსულ რუს ემიგრანტებს. წლის ბოლოს მათ ანგარიშებზე, საქართველოს ბანკებში, იყო სამი მილიარდი ლარის დეპოზიტი.
- საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
- რუსეთიდან ნაღდი ფულით: რუსები გარბიან, საქართველოში ეკონომიკური ბუმია
- საქართველოს მთავრობა: 2030 წლისთვის საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს
- საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი არიან
თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს ზრდა არ არის სტაბილური.
მთავრობა ამას ხმამაღლა არ ამბობს, თუმცა ირიბად აღიარებს. 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ხუთი პროცენტი ანუ იმის ნახევარი, რაც გასულ წელს იყო. ეს კი აღიარებას ნმიშნავს.
აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. მათი გზავნილები, რომ თითქოს კარგია რუსეთთან გაზრდილი აქტივობა, სწორი იქნებოდა, რუსეთი რომ ჩვენი მტერი და ომში ჩართული ქვეყანა არ იყოს.
ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ერთ დღეს რუსეთი ამ გაზრდილ ეკონომიკურ დამოკიდებულებას პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს. რომ გვიხარია, რომ რუსეთში ბევრი ღვინო გაიყიდა და ბევრი ტურისტი შემოვიდა, ერთ დღეს ამის სანაცვლოდ ულტიმატუმს წამოგვიყენებს და მოგვთხოვს მაგალითად, ნატოზე უარის თქმას.
სინამდვილეში, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ შევამციროთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება. იქნება ეს ბაზრების დივერსიფიკაციით თუ ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვის სწორი გადამისართებით. რადგან, როდესაც დადგება დღე და მოგვიწევს არჩევანის გაკეთება ეკონომიკური ზრდა გვინდა თუ დასავლეთთან ინტეგრაცია, დიდი ფასი არ გადავიხადოთ.
ერთი წელი უკრაინის ომიდან