საახალწლო საჩუქრების აღლუმი მხატვრის სახელოსნოში
სირანუშის ხელში ფუნჯი სწრაფად მოძრაობს აბრეშუმის ქსოვილზე და მასზე მინიატურები ჩნდება. მხატვარს გონებაში მოხაზული ესკიზი ნაჭერზე ოსტატურად გადააქვს. ამჯერად გამოსახავს ანგელოზს, რომელიც შობის მოახლოებას წინასწარმეტყველებს.
„არ არის აუცილებელი სანთლების, ზარების, ნაძვის ხისა და თოვლის ბაბუის ხატვა. ჩემთვის და ჩემი კლიენტებისთვის არსებობს სულიერად უფრო ახლოს მყოფი სიმბოლოები, მაგალითად, ბროწეული, ვაშლი, სიცოცხლის ხე. ისინი არიან ნაყოფიერების, წარმატების, სიუხვის სიმბოლოები. რა თქმა უნდა, შეიძლება ზარები, ბრჭყვიალა სათამაშოები და სანთლებიც იყოს, მაგრამ მე ეროვნულ სიმბოლიკას ვარჩევ.
ამ წელს ჩემს ნამუშევრებში ძველი სომხების ახალი წლის ღვთაება ამანორი (ამანორი ძველსომხურად – ახალი წელი, „ამ“ – წელი, „ნორ“ – ახალი – JAMnews) და ვანატურა – სტუმართმოყვარეობის ღმერთი გამოვსახე. თითქმის ყველა კაბაზე დავხატე სიცოცხლის ხე, მორთული ვაშლებითა და ბროწეულებით. მყიდველს ყოველთვის ვუხსნი სიმბოლიკას, რომელიც სომხეთის საახალწლო ტრადიციებში დევს“, – ამბობს სირანუში.
თავისი ბინა მან სახელოსნოდ აქცია, სადაც საახალწლოდ საჩუქრების აღლუმს აწყობს. აქ აკურატულადაა დაწყობილი აბრეშუმის შარფები, მოხატული კაბები და ჟაკეტები, ასევე, ჩანთები თოვლის ბაბუის გამოსახულებით და ნაძვის ხის ხის სათამაშოები.
ამბობს, რომ დღესასწაულებისთვის მზადებას რამდენიმე თვით ადრე იწყებს, თავში ალაგებს აზრებს, თემებს, იდეებს და საქმეზე გადადის:
„სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა საგამოფენო დარბაზში საახალწლო ბაზრობებს აწყობენ, სადაც ბევრი ქალი, მათ შორის მეც, საკუთარ ნამუშევრებს წარმოვადგენთ. დაწყებული ნამცხვრებით, დამთავრებული სადღესასწაულო მორთულობითა და ტანსაცმლით.
ეს ერთ-ერთი იმ დღესასწაულთაგანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენი ბევრი ნამუშევარი გავყიდოთ. ეს სამუშაო ჩვენი სოციალური პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება. მრავალი ქალი თავის ოჯახს ამით არჩენს“.
სირანუში პროფესიით ისტორიკოსია, თუმცა სკოლის მასწავლებლის ხელფასი დაბალია და ის თავისი ჰობით ბევრად მეტს გამოიმუშავებს. უკვე ათი წელია, რაც ნაჭერზე ხატვამ გაიტაცა. ეს საქმე სანკტ-პეტერბურგში ისწავლა.
„ეს ბატიკაა, რაც ნაწერზე წყლის წვეთს ნიშნავს. ბატიკის სამშობლო ინდონეზიაა, თუმცა, ქრისტიანობამდე პერიოდში და შემდეგაც, სომხებიც ხატავდნენ ნაჭერზე. ქურუმების სამოსი, მოგვიანებით კი სასულიერო პირებისაც – ასე იყო გაწყობილი. ბატიკა ჩემი სამუშაოა, ამით ვცხოვრობ“, – ამბობს სირანუში.
თავდაპირველად ის აბრეშუმზე ხატავდა და თავის ნამუშევრებს მეგობრებსა და ახლობლებს ჩუქნიდა. მოგვიანებით დაიწყო ეკლესიასთან თანამშრომლობა, გამოჩნდა შეკვეთები საგამოფენო დარბაზებიდან და მაღაზიებიდან, რომლებსაც მისი ნამუშევრები მოეწონათ. ახლა ხელოვანი სხვადასხვა გამოფენასა და ფესტივალში მონაწილეობს, ახალგაზრდა ქალების ასოციაციისა და ქალი მეწარმეების კავშირის წევრია. მისი ნამუშევრები იყიდება ხელოვნების ცენტრ გაფესჩიანში, რომელიც სომხეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
სირანუში აკურატულად ალაგებს საახალწლო გამოსახულებიან კაბებსა და პიჯაკებს – მორიგი გამოფენა-გაყიდვისთვის ემზადება. ერთი კაბის მოსართავად 30 წუთი სჭირდება. ერთი თვის განმავლობაში 30 კაბას ამზადებს, ასევე უამრავ ჩანთას, შარფსა და ნაძვის ხის სათამაშოს:
„მე სწრაფად ვმუშაობ, მაგრამ ხშირად ლოდინი მიწევს, სანამ საღებავი გაშრება, რათა შემდეგი ფენა გადავუსვა. გამოსახულებას ჯერ ტვინში ვხატავ, შემდეგ კი უკვე ვიწყებ ხატვას. ფურცელზე წინასწარ ჩანახატებს არ ვაკეთებ. ვცდილობ, ყველა მყიდველის მოთხოვნილება დავაკმაყოფილო. ეს ბიზნესია და მე მსიამოვნებს, როდესაც ადამიანები კმაყოფილები მიდიან. როდესაც ქუჩაში ვინმეს ჩემი მოხატული კაბით ვხედავ, თავს ძლივს ვიკავებ, რომ ხმამაღლა არ დავიყვირო: ვაშა, ეს ჩემი კაბაა!“.