პიტერ სტანო: ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში სანქციებს შეუერთდეს
ევროკავშირი საქართველოსა და რუსეთზე
“ნეტგაზეთისთვის” მიცემულ კომენტარში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელის თანაშემწემ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა განყოფილების წამყვანმა სპიკერმა, პიტერ სტანომ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორზე დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ.
მისი თქმით, საქართველო ფხიზლად უნდა იყოს, რათა რუსეთმა დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ შეძლოს. სტანოს განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ავიაციას და აკრძალა ფრენები რუსეთის მიმართულებით, რუსეთიდან ან მის გავლით.
“ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს და შეინარჩუნოს სიფხიზლე სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერი შესაძლო მცდელობის მიმართ. ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი განიხილავს, რომ სანქციები დაუწესოს მათაც, ვინც მონაწილეობენ ან მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაძლო გვერდის ავლას”. – ციტირებს გამოცემა სტანოს წერილობით პასუხს მათ შეკითხვაზე.
როგორც სტანო აღნიშნავს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო რუსეთის საჰაერო ფლოტს განახლება უჭირს და ის საფრთხეს შეიცავს.
“უფრო მეტიც, გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ უსაფრთხოების გამო რუსეთთან დაკავშირებით გამოთქმული მნიშვნელოვანი შეშფოთების ფონზე, საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავი თავის ტერიტორიაზე. ევროკავშირის სანქციების გამო რუსული თვითმფრინავების ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და გაუმჯობესება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად.” – განაცხადა პიტერ სტანომ.
● მოსაზრება: რა იმალება მოსკოვის კომპლიმენტების უკან
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
3 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან, სანქციები დაუწესდებათ. ამის შესახებ “ამერიკის ხმაზე” ვკითხულობთ.
ამერიკის დიპლომატიური უწყების თქმით, „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება 2 თებერვალს კიდევ ერთხელ შეაქო და განაცხადა, რომ “საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას ნაციონალური ინტერესებით პასუხობს”. მისივე თქმით, დასავლეთს სურს, “საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს”.
მოსკოვში სულ უფრო აქტიურად განიხილავენ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლებლობას და ამაზე არაერთი განცხადება მიუთითებს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა ისაუბრა და თქვა, რომ მოსკოვს მზადყოფნა აქვს თუმცა თბილისი ჯერჯერობით ორჭოფობს.
მანამდე, 18 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსული დიპლომატიური სამსახურის 2022 წლის მუშაობის შეაჯამა და ყველაფერთან ერთად, საქართველოზეც საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.
საქართველოს საგარეო-პოლიტიკით აღტაცება ვერ დამალა ვერც სერგეი გავრილოვმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, რომლის გამოც 2019 წლის 8 ივლისს რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა ფრენები საქართველოში. „უკრაინის თემაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით ომთან მიმართებით საქართველოს პოზიციის გათვალისწინებით, აუცილებელია არა მხოლოდ ავიამიმოსვლის, არამედ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ჩვენს ქვეყნებს შორის“ – ამბობს გავრილოვი.
მაგალითად, ლავროვის კომენტარის საპასუხოდ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრენების შესაძლო აღდგენას მიესალმა. და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა, პირიქით, დაუკეტეს ცა რუსულ თვითმფრინავებს.
ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მოწოდებების მიუხედავად, პრემიერი ღარიბაშვილი არც ერთხელ არ ჩასულ კიევში სხვა ევროპელი ლიდერების მსგავსად, რადგან მისი თქმით, კიევში მხარდამჭერი ვიზიტით ჩასვლა „არაფრის მომცემია“.