PACE მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს რეკომენდაციები
PACE მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს რეკომენდაციები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომლის მიხედვით, ისინი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების შესრულების კუთხით მიესალმებიან, თუმცა, ამასთანავე, მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ მხარეს, შეასრულონ რეზოლუციაში გამოთქმული “ვალდებულებები და წუხილები.”
რეზოლუციის მიხედვით, პოლარიზაცია ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, მაშინ როცა, ორგანიზაციის განმარტებით, “ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და ევროატლანტიკური კონსოლიდაციისთვის” რეფორმებში ორივე მხარის ჩართვა აუცილებელია.
“ამ მხრივ, [ასამბლეა] კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაზე და მხარეების მონაწილეობაზე რეფორმების პროცესში, რაც საჭიროა საქართველოს შემდგომი კონსოლიდაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.” – ვკითხულობთ რეზოლუციაში.
ასამბლეა ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის დამოუკიდებელი შეფასება, მომავალი რეფორმების წარმართვის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.
როგორც PACE-ს ტექსტშია განმარტებული, რეზოლუცია ითვალისწინებს მედიასთან მიმართებაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამს ამ მიმართულებით. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა შეამციროს მედიაგარემოში არსებული დაძაბულობა.
“ასამბლეა კვლავ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ოკუპაციით და გმობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მცოცავ ანექსიას. [ასამბლეა] მოუწოდებს ხელისუფლებას, უპასუხოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის, რომლისკენაც ის სამართლიანად მიისწრაფვის“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
● “დემოკრატიული ლპობის საფუძველი ბიძინა ივანიშვილია” – დებატები ევროპარლამენტში საქართველოზე
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
2022 წლის 13 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) კი 2022 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა და გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც მსგავსი აქტი მიიღო. საქართველოს მმართველი პარტია აცხადებს, რომ იზიარებს PACE-ის რეზოლუციის ზოგად სულისკვეთებას, თუმცა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, რადგან არ ეთანხმება ჩანაწერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.
რეზოლუციაში შესწორების სახით დამატება მოგვიანებით შევიდა, სადაც ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში “პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას.”