საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ორგანიზაციების მიხედვით
ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
მსოფლიოს მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდის მიუხედავად, გარე ფაქტორების წყალობით, გასული წელი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რასაც თითქმის ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აღიარებს – 2022 წელს საქართველო, დიდი ალბათობით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს, რაც რეგიონსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
როგორც ექსპერტები ამბობენ, მიმდინარე 2023 წელი მსოფლიოსათვის გამოწვევებითა და მოულოდნელობებით აღსავსე წელი იქნება. რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი ჯერაც გადაუჭრელია, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები იძაბება, რეკორდულად მაღალი ინფლაციისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე კი დასავლეთი რეცესიის საფრთხის წინაშე დგას.
მთავრობის ოფიციალური პროგნოზით, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა სახელმწიფო ბიუჯეტი, მიმდინარე წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკი კი მიიჩნევს, რომ 2023 წლისთვის ყველაზე რეალისტური მშპ-ის 4%-იანი ზრდაა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვარაუდობენ, რომ 2023 წელი საქართველოსთვის საკმაოდ კარგი შედეგის მომტანი იქნება და არსებობს იმის შანსიც, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 6%-ით გაიზარდოს.
2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს ორგანიზაციების მიხედვით:
მთავრობის ოფიციალური პროგნოზი:
+ 5.0%
საქართველოს ეროვნული ბანკი:
+ 4.0%
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF):
+ 4.0%
მსოფლიო ბანკი (WB):
+ 4.2%
აზიის განვითარების ბანკი (ADB):
+ 6.0%
გალტ & თაგარტი:
+ 5.2%
თიბისი კაპიტალი:
+ 3.5%
● გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – TI
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
● როგორია 2023 წლის ბიუჯეტი – მოკლედ
ამერიკული გამოცემა CNBC წერს, რომ მაშინ, როცა ბევრი ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გავლენით ზარალდება, რამდენიმე ქვეყანა რუსი მიგრანტების ნაკადით სარგებლობს და მათ შორისაა საქართველო.
გამოცემის ცნობით, სომხეთთან და თურქეთთან ერთად, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც არეულობის ფონზე, მიგრანტებმა ეკონომიკური ბუმი გამოიწვიეს.
საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ზრდაში მიგრანტების ეფექტს უარყოფს. პრემიერმინისტრის თქმით, ორნიშნა ზრდის მიზეზი “მთავრობის წინდახედულობა და პრაგმატული ეროვნული პოლიტიკაა”.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს ზრდა – ექსპორტი, ტურიზმი, “ზოგადად, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცედენტო დღეს, ასეთ ვითარებაში.”
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიგრანტების კონტექსტში გადათარგმნა, შეცდომაა.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ლიაზიზა საბიროვას განმარტებით, მიგრანტების შემოდინებამ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა, თუმცა ეს ერთჯერადი ეფექტია.
თითქმის ამავე აზრზეა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორი, კატარინა ბიორლინ ჰანსენი. მისი თქმით, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მდგრადია ამჟამად საქართველოში არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარების ფონზე.
მიუხედავად ეკონომიკური ზრდის სწრაფი დინამიკისა, საქართველოში პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება. მწარმოებლები გაზრდილ ფასებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, რუსეთიდან გაძნელებული ლოგისტიკას და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციასა და ნედლეულზე გაზრდილი ფასებს უკავშირებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის ცნობით, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა და 861,000 ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა და მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.
იმავე IDFI-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 31 აგვისტომდე საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ რაოდენობით ანგარიშების გახსნა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციაა და არა უბრალოდ ტურისტულად მოგზაურობა საქართველოში. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა.