დიანა ანფიმიადი: "ეს წერილი მათთვისაა, ვისაც სიტყვა აუტიზმის ეშინია"
ადამიანები, რომლებსაც შეხება აქვთ აუტიზმთან, გაურბიან ამ თემაზე საუბარს. მაგრამ როგორ შეიძლება იყო ჩუმად, როდესაც საქმე შენს შვილს ეხება?
დიანა ანფიმიადი, ქართველი პოეტი და 7 წლის გიორგის დედაა. ის რამდენიმე რჩევას აძლევს მშობლებს, რომლებიც მასავით აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილებს ზრდიან.
ამ ბოლო დროს, ფეისბუკზე ჩემი მეგობრების რაოდენობამ იმატა. მათ შორის, ბევრი დედაა, რომელიც აუტიზმის შესახებ მწერს და მეკითხება. ზოგიც ხმამაღლა ვერ ამბობს და ჩუმად ნერვიულობს.
ვიღაც ალბათ ისეთიც არის, ვინც არ მწერს. სწორედ მისთვისაა ეს მოკლე წერილი:
როდის მივდივართ თერაპევტთან?
არავითარი ჩემი მამიდაშვილის ბავშვმა და ჩემი ბაბუის ბიძაშვილმა და აინშტაინმა 7 წლისამ დაიწყო ლაპარაკი, არავითარი ბიჭები გვიან იწყებენ ლაპარაკს და ეტყობა ხაშლამას მარილი არ აკლია.
• ლაშა ბუღაძის ბლოგი: ფირფიტები “მშრალი ხიდიდან”
• მშობლების დრო მოვიდა. როგორ ვებრძოლოთ დისკრიმინაციას
• 6 რამ, რაც საქართველოში ბავშვების მიმართ გულგრილობაზე მეტყველებს
ბავშვი 2 წლისაა? მიმართული მეტყველება არ აქვს? ანუ ენას კომუნიკაციისთვის არ იყენებს, თორემ ისე შეუძლია გამართულად თქვას ჰიდროელექტროსადგური და პარალელოგრამი?
აუცილებლად წადით თერაპევტთან!
დაარქვი ყველაფერს თავისი სახელი
ეს რთული ეტაპია. შეგიძლია იმუშაო, ყველაფერი გააკეთო, ოღონდ სიტყვა აუტიზმი არ თქვა. ამ სიტყვის გეშინია. ამ სიტყვის ეშინია ყველას შენ გარშემო.
დაიკიდე ყველა შენ გარშემო!
დიაგნოზი ნიშნავს მართვას, სტრატეგიას, ინფორმაციას, კონკრეტულ, გასაგებ, საჭირო გაიდლაინს. ამიტომ დაარქვი ყველაფერს თავისი სახელი, გაითვალისწინე დიაგნოზი და დაიწყე თერაპიისა და მუშაობის გრძელი და რთული პროცესი.
სხვა დედა!
იპოვე სხვა დედა ცოტა მეტი გამოცდილებით – გელაპარაკოს, გაგიზიაროს. მე გამიმართლა, მე რომ დედა ვიპოვე, ის საოცრად მშვიდი და პოზიტიური ადამიანი აღმოჩნდა და ძალიან დამამშვიდა.
კარგი და საჭირო იყო მისი გაცნობა.
არ ინერვიულო
რაც უნდა რთული იყოს, შფოთვა უნდა შეწყვიტო, რადგან ის საქმეს არ შველის, არაფერს შველის. ბავშვი კი ძალიან დარდობს, რომ მის გამო ნერვიულობ, განიცდის და თავს დამნაშავედ გრძნობს.
ალბათ სამი ან ოთხი დღე ვინერვიულე ისტერიულად. ვიტირე, ლექსებიც ვწერე, მერე ავდექი და გავხდი ბედნიერი დედა, რომელიც ყოველდღიურად ხარობს შვილის წარმატებით.
მუშაობს, დამიჯერე!
მთავარი შენი შვილია
მთავარი უნდა იყოს შენი შვილის ინტერესები და პრიორიტეტები, “უი, ამ კლასიდან გადავალ, იმიტომ რომ ის მშობელი წუხდება”, “უი, ბაღის მასწავლებელს შენიშვნას არ მივცემ, იმიტომ რომ დაბალი ხელფასი აქვს”, “უი, ჩემით ჩავალ ავტობუსიდან, ვიღაც არ შეწუხდეს”.
დაივიწყე!
მთავარია ბავშვი, სხვა ყველა თავის თავს მიხედავს.
არ შეგეშინდეს
ყველაფერი გვარდება, ყველაფერი კარგად იქნება თუ ჩაერთვები, იმუშავებ, არ შეგეშინდება. ჩათვალე, რომ ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა, გამოცანა თუ კომპიუტერული თამაში, სადაც ახალი სიცოცხლე უნდა აიღო და ქულები დააგროვო.