ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: ერთადერთი ქვეყანა, სადაც პუტინი და მისი იდეოლოგია იმარჯვებს, არის საქართველო
ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი და “ჩვენ ვუყურებთ” სიკვდილით დასჯის ქრონიკას. როგორც მარგველაშვილი ამბობს, ერთადერთი ქვეყანა, სადაც პუტინი და მისი იდეოლოგია იმარჯვებს, არის საქართველო. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, ეს კადრები ასახავს სხვადასხვა პერიოდში “პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას”.
ვიდეო, რომელსაც არ ახლავს ხმა 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს, სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე – 12 დეკემბერი.
კადრების გავრცელება გუშინ, 13 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დააანონსა. მინისტრმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ “არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები”, იძულებული გახდებიან გაასაჯაროონ გარკვეული ვიდეო მტკიცებულებები.
გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ მისი პირველი შთაბეჭდილება ძალიან მძიმე იყო, რადგან მან ნახა სრულიად დასნეულებული მიხეილ სააკაშვილი. ამასთან, მარგველაშვილის თქმით, ადვოკატებმა მიმართეს პენიტენციურ სამსახურს, რომ ის მიხეილ სააკაშვილს შეხვედროდა, თუმცა უარი ეთქვა.
“არ მინდა, ფატალური სიტყვები გამოვიყენო, ის რაც დავინახე, რა ფიზიკურ მდგომარეობაშიც არის ეს ადამიანი, გორის ჰოსპიტალში რომ ვნახე, მაშინ მსგავსი არაფერი იყო, ფიზიკურად სადამდე მიიყვანეს, რა კადრებს ვუყურებთ, საავადმყოფოშია თუ საკონცენტრაციო ბანაკში? ეს ძალიან შეცვლილია. არ შემიშვეს და არ უნდათ, რომ ვნახო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, ვისაც ჰგონია, რომ მისი მდგომარეობით, ამ ფსიქიკური მდგომარეობით აჩვენებენ რამეს, გარდა იმისა, რომ ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა ერთად ძალიან ცუდია, “უბრალოდ გაუნათლებლები ხართ, გარდა იმისა, რომ უნამუსოები.”
“ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ დონეზე იქნებოდით რუსების მონები, იმდენად მონები ხართ, რომ იმათ უკეთებთ ფილმებს, რუსებს, რომლებსაც უკრაინაში გმირი უკრაინელები და გმირი ქართველები დამარცხებას დამარცხებაზე აგემებენ. ქართველები ვაწამებთ პრეზიდენტს, რომელზეც პუტინმა თქვა, რომ პირადი მტერია და მერე კადრებს ვაჩვენებთ“, – თქვა მარგველაშვილმა.
ექსპრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ თუ საზოგადოება არ გამოფხიზლდება, ქვეყანა მიდის იმ გზით, რომ „ჩვენ და ჩვენს შვილებს წაგვიყვანენ ჯარში, რომ უკრაინელების წინააღმდეგ ვიბრძოლოთ“. ამასთან, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ ოპოზიცია და ხელისუფლება პარლამენტში ერთად როგორ უნდა ისხდნენ.
„ამ წამებისა და საქართველოს შეურაცხყოფის შემდეგ რა ლოგიკით უნდა ისხდნენ ერთ პარლამენტში და იხილავდნენ რომელი ძაღლის ჯიში აკრძალონ, მე ვერ ვხვდები. შეუძლებელია იჯდე ადამიანებთან,, რომლებიც აწამებენ და მერე საზოგადოებას აჩვენებენ ამას. პარლამენტის დატოვებით არაფერი არ მოხდება, მაგრამ პირველი ნაბიჯი ხომ უნდა გადაიდგას? ხომ გინდა, რომ ვითარება სადღაც წაიყვანო და ტემპერატურა ხომ უნდა აწიო?“ – განაცხადა განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა.
● “დემოკრატიული ლპობის საფუძველი ბიძინა ივანიშვილია” – დებატები ევროპარლამენტში საქართველოზე
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
2013 წლის მაისში უპარტიო გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდადატად დაასახელა, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა ხმათა 62,18 %-ით. მისი წარსული დაკავშირებულია პოლიტიკასთან, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეერთებამდე, გიორგი მარგველაშვილი ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური ექსპერტი. მას ათ წელზე მეტ ხანს ეკავა სხვადასხვა, მათ შორის, რექტორის თანამდებობა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), რომელიც წამყვანი უმაღლესი განათლების ცენტრია სახელმწიფო მართვის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით.
პირველი კონფლიქტი პრეზიდენტ მარგველაშვილსა და ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს შორის მალევე წარმოიშვა – მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციაში შევიდა.
მაშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტმა “ხასიათი გამოავლინა”. ამის შემდეგ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის მუდმივი დაძაბულობა და კონფლიქტი მისი პრეზიდენტობის ბოლომდე გაგრძელდა.
მარგველაშვილმა ვეტო დაადო რამდენიმე კანონპროექტს, რომელიც შემდეგ
“ქართულმა ოცნებამ” დასძლია. მეოთხე პრეზიდენტმა ასევე ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციურ ტელეკომპანია “რუსთავის ორს”, რომლის ხელში ჩაგდებასაც ხელისუფლება ცდილობდა და საბოლოოდ, სასამართლოს დახმარებით, ეს მაინც მოახერხა.
ტელევიზიის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დღემდე განაგრძობენ “რუსთავი ორისთვის” სამართლებრივ დავას.