"ხალხის ძალა" არასამთავრობოების დაფინანსების "მკაცრ ჩარჩოებში მოქცევაზე" წინადადებას მოამზადებს
არასამთავრობოების დაფინანსების მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა
“ქართული ოცნებისგან” გამიჯნული დეპუტატები, რომლებმაც მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი არასამთავრობოებზე არის მიმართული და “საკუთარი აგენტურის დაფინანსება არავინ უნდა “დაგვამადლოს”. ე.წ. გამიჯნულები აპირებენ, რომ NGO-ების დაფინანსების “მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში” მოქცევასთან დაკავშირებით წინადადებები უახლოეს მომავალში მოამზადონ.
“ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს და მოგვიანებით მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს.
გამიჯნულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოში აშშ-ს ელჩს ღია წერილითაც მიმართა და მოუწოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად “ნაციონალური მოძრაობის”პროვოკაციებსა და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნოს, რაზეც ელჩმა მმართველ პარტიას მიმართა კითხვით: რა მოტივი გაქვთ?
22 ივლისს კი სამმა დეპუტატმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისს მიმართა. მათი თქმით, მათ არ უნდათ რომ “ქვეყნები” უხეშად ერეოდნენ “შიდა საქმეებში.” დეპუტატების ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ.
მათი ერთ-ერთი ბოლო განცხადება 26 აგვისტოთი თარიღდება, სადაც ე.წ. გამიჯნულები ამბობენ, რომ ხელისუფლების გადასატრიალებლად აშშ-ს საელჩო ყველაფერს იკადრებს.
“ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან ენჯეოების დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
დეპუტატები ასევე ეხმაურებიან საქართველოს უკუსვლაზე გაკეთებულ განცხადებას და ამტკიცებენ, რომ “ფსევდოლიბერალების ლექსიკონის” მიხედვით, დემოკრატია აგენტოკრატიას ნიშნავს. მათივე თქმით, “უსამართლო რეზოლუციებით” ევროპარლამენტარები “დემოკრატიული ხელისუფლების” დასუსტებასა და აგენტურის გამაგრებას ცდილობენ – “ხალხის ძალის” წარმომადგენლები რეზოლუციების ავტორებს “ევროპული აგენტოკრატიის წარმომადგენლებს” უწოდებენ.
განცხადებაში “ხალხის ძალის” წევრები სვამენ კითხვას, სჭირდება თუ არა საქართველოს ისეთი ევროპა, “სადაც მხოლოდ აგენტოკრატია ფასობს” და ამბობენ, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა ევროპისკენ და თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ევროპაში ტრადიციული ღირებულებებისა და მართვის ტრადიციული მოდელის აღდგენაში.
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
● გადაწყვეტილება მიღებულია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველოს – მხოლოდ პერსპექტივა
17 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.
ასევე, კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმაც, რომელმაც განაცხადა, რომ “ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ჩვენთვის ძალზე შემაშფოთებელია, რადგან ვნახეთ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში”. დონფრიდმა ასევე ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული პროგრესის ნაკლებობაზე და შეეხო საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმებს.
8 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. მიღებული კომპრომისული დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ნახსენები როგორც ოლიგარქი, თუმცა დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე მოცემულია მისი სახელი და გვარი და წერია, რომ აუცილებელია ივანიშვილის ჭარბ გავლენებთან დაკავშირებით მიღებული იყოს, მათ შორის, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია მედიის შევიწროებაზე, პოლიტიკურ დევნაზე, სახალხო დამცველის არჩევის წესზე და ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “ჰუმანიტარული მიზნებით და პოლარიზაციის შესამცირებლად”, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.