ჩეჩნეთმა და ინგუშეთმა საზღვარი გაივლეს. ჩეჩნეთი უკმაყოფილოა
„ნოვაია გაზეტასა“ და „კავკაზსკი უზელის” მასალების მიხედვით
„ისტორიული“ შეთანხმება
რუსეთის ფედერაციის სუბიექტების – ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მეთაურებმა 26 სექტემბერს ხელი მოაწერეს საზღვრების დადგენის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც შეიძლება ისტორიული ეწოდოს: რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ამ ორ რესპუბლიკას შორის საზღვარი 1990-იანი წლებიდან ფორმალურად გაურკვეველი რჩებოდა.
ინგუშეთის მეთაურის მრჩეველმა არტიომ პერეხრისტმა ხელმოწერიდან მალევე „ნოვაია გაზეტას“ განუცხადა, რომ ინგუშ ხალხს იმ მასობრივი უკმაყოფილებისთვის საბაბი არ აქვს, რაც ბოლო კვირების განმავლობაში შეინიშნებოდა.
დოკუმენტის თანახმად, რესპუბლიკებმა ერთი და იგივე ფასეულობის მქონე დაუსახლებელი ტერიტორიები გაცვალეს. „ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ შევძელით კონფლიქტების, შესაძლო სისხლისღვრის და სისხლიანი დაპირისპირებების თავიდან აცილება“, – ასეთი კომენტარი გააკეთა დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ ინგუშეთის მეთაურმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა Instagram-ის თავის გვერდზე.
სასიამოვნო მოულოდნელობა – ინგუშეთისთვის
ევკუროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება ოფიციალურად ამყარებს საზღვარს იმ სახით, როგორც ის 1993 წელს განისაზღვრა. ე.ი. ინგუშეთს არ მოუხდა, რომ საკუთარი ტერიტორიის 17 ჰექტარს დამშვიდობებოდა – საშიშროება, რამაც ბოლო ხანს ინგუშების უკმაყოფილება გამოიწვია.
როგორც ჩანს, ეს თავად ევკუროვისთვისაც მოულოდნელობად იქცა, – მიაჩნია „ნოვაია გაზეტას“ ავტორს, რომელიც დოკუმენტის ხელმოწერასა და მის წინმსწრებ პროტესტს აკვირდებოდა.
„ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები ისე არ დასრულდა, როგორც მოელოდნენ. ინგუშეთს ის დარჩა, რაც ჰქონდა – როგორც ჩანს, თავად მისთვისაც მოულოდნელად. ეს ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ბოლო დროის კავკასიურ დღის წესრიგში. რამზან კადიროვმა კი ის ვერ მიიღო, რაც სურდა“, – წერს „ნოვაია გაზეტა“.
თუმცა, პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი მიიჩნევს, რომ კადიროვი ძველებურად უფრო გავლენიან პოლიტიკოსად რჩება, ვიდრე მისი ინგუში კოლეგა:
„მას შეუძლია თავს იმის უფლება მისცეს, რაც მაგალითად ევკუროვს არ შეუძლია. კადიროვი აქტიურია, ის პოლიტიკურ წონას იკრებს და ამბიციური გეგმები აქვს. კადიროვს საკუთარი ინტერესები ძალით გააქვს, და როგორც ჩანს, არცთუ მოსკოვის მხარდაჭერის გარეშე“, – თქვა ორეშკინმა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტმა.
შეთანხმების ხელმოწერა – უდავოდ პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ მოდუნება ჯერ ადრეა – მომავალში ჩეჩნეთმა ინგუშეთს შეიძლება პრეტენზიები ისევ წაუყენოს, – მიაჩნია გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორს ალექსეი გუნიას:
„ტერიტორიულ კუთვნილებასთან დაკავშირებული დავები ხშირად კონფლიქტად იქცევა, ასე რომ (შეთანხმების ხელმოწერა) – ეს შერიგების ნიშანია“, – უთხრა ალექსეი გუნიამ „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს. თუმცა, რისკები ძველებურად არსებობს – გუნიას პოტენციურად კონფლიქტურ ტერიტორიებად მიაჩნია, კერძოდ, ინგუშეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ჩეჩნური დასახლებები, სადაც უახლოეს წარსულამდე მხოლოდ ინგუშეთის ტერიტორიიდან შეიძლებოდა მიღწევა.
პრობლემის ფესვები
ინგუშებსა და ჩეჩნებს შორის ტერიტორიული პრეტენზიები, დიდი ხანია, დაიწყო. გასული საუკუნის 20-იან წლებში სუნჟენის კაზაკთა ოლქი, რომელიც ინგუშების სოფლების ადგილზე არსებული დასახლებებისგან შედგებოდა, ჩეჩნეთის შემადგენლობაში შევიდა. 30-იან წლებში ინგუშეთი ჩეჩნეთს შეუერთდა – ასე ჩამოყალიბდა ჩეჩნურ-ინგუშური ავტონომია.
1991 წელს ჩეჩნეთმა თავი დამოუკიდებელ იჩქერიად გამოაცხადა. ინგუშეთმა კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩენა გადაწყვიტა. 1993 წელს ინგუშეთის პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა და არაღიარებული იჩქერიის პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა საკუთარ ტერიტორიებს შორის საზღვარი დაადგინეს, თუმცა ფორმალურად საზღვარი დემარკირებული არ იყო.
რუსეთის ორი რესპუბლიკის ორ ხელმძღვანელს შორის ურთერთობა სირთულეების გარეშე არ მყარდებოდა. მეთაურები საჯაროდ ესხმოდნენ თავს ერთმანეთს ბრალდებებით, ხოლო ინგუშეთის ტერიტორიის სოლიდურ მონაკვეთზე 2012 წელს რამზან კადიროვის მიერ გამოთქმული პრეტენზია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო.
„ჩვენ ვფლობთ საარქივო დოკუმენტებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ ეს რაიონები (სუჟენის და მალგობეკის ნაწილი – რედ.) რესპუბლიკის ნაწილს წარმოადგენს“, – თქვა მაშინ კადიროვმა, და აღნიშნა: „დადგა დრო, რომ კანონის შესაბამისობით, მკაფიოდ განისაზღვროს გამყოფი ხაზი. ჩვენ საკუთარი ტერიტორია ვიცით, და არავითარ შემთხვევაში მას ადმინისტაციული საზღვრის ფარგლებს მიღმა არ დავტოვებთ“.
ამ წლის აგვისტოს ბოლოს ინგუშეთის სუნჟენის რაიონში გზის გასაყვანი სამუშაოები დაიწყო. ეს სამუშაოები ჩეჩენი მშენებლების მიერ ტარდებოდა, ხოლო სამუშაოების ადგილას გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ჩეჩნურმა მხარემ ბლოკპოსტი დააყენა. ინგუშეთში გავრცელდა ჭორები, რომ სუნჟენის რაიონიდან ჩეჩნეთის სასარგებლოდ მიწების ჩამოჭრა მზადდებოდა. სახელდებოდა ციფრებიც კი – 17 ათასი ჰექტარი, რაც ინგუშეთის მიწების მთელი ფართობის დაახლოებით ხუთი პროცენტია. რესპუბლიკის მეთაური ზოგადი ფრაზებით კმაყოფილდებოდა, და შეშფოთებულმა ინგუშმა საზოგადოებამ დაასკვნა, რომ მიწების გადანაცვლების საკითხი – გადაწყვეტილია, თანაც – მოსკოვში.
ინგუშეთში დაგეგმილი ჩეჩენი და ინგუში ლიდერების შეხვედრის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, ადამიანები მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლებას მიწების გადაცემის თაობაზე არავითარი დოკუმენტებისთვის ხელი არ მოეწერათ, ხოლო ზეწოლის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გადამდგარიყვნენ. გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე საბჭოთა დროს ნავთობის მარაგები აღმოაჩინეს. გაისმოდა ასევე ვერსია, რომ 17 ათასი ჰექტარი – ეს ის მცირედი მსხვერპლია, რომლის გაღებაც უნუს-ბეკ ევკუროვმა გადაწყვიტა, რათა ჩეჩნეთის რესპუბლიკას მადა არ გაძლიერებოდა.